საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, პირდაპირი ეთერის დროს, 10 წლის გოგოს შეუძლოდ გახდომისა და დაცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს.
მისი თქმით, სპეკულაციას სახელი დაერქმევა და „ვინც არის დასასჯელი, დაისჯება, ვინც არ უნდა იყოს ის“.
„მე მშობელთან პირველივე წუთებიდან მქონდა კავშირი და მან იცის ჩემი დამოკიდებულება. მას არაერთხელ ვესაუბრე. ჩვენ საერთო შეხედულებებზე საერთო ენა გამოვნახეთ. მე არ მიყვარს ნიშნის მოგებით საუბარი და პოპულიზმი. მე ვესაუბრე მშობელს პირველივე დღიდან და პირადად, ადამიანურად მოვუხადე ბოდიში, სანამ გამოვიკვლევდით, რა მოხდა.
მიმდინარეობდა შიდა მოკვლევა, რომელიც დასრულდა. ამას ჩვენ შესაბამის ორგანოებს გადავუგზავნით. მშობელმა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვანთა საქმეთა სამმართველოს და ძიება დაიწყო, რაც ძალიან სწორი გამოსავალია. მშობელი აბსოლუტურად სწორად მოიქცა. ამ შეკითხვებს, პოპულიზმს, სპეკულაციას დაერქმევა სახელი. გამოძიება ჩატარდება და ვინც არის დასასჯელი, ის დაისჯება, ვინც არ უნდა იყოს ის,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, 9 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ გადაცემაში, პირდაპირი ეთერის დროს, 10 წლის გოგო შეუძლოდ გახდა და მოწყვეტით დაეცა, თუმცა მომხდარის მიუხედავად, გადაცემა არ შეჩერებულა.