მაკა ბოჭორიშვილი - ნაურუს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, ჩვენ მუდმივად ვმუშაობდით სხვადასხვა პარტნიორთან იმისათვის, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გადაწყვეტილება უკან ყოფილიყო წაღებული - მინდა მივულოცო ყველა დიპლომატს!

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასთან დაკავშირებით ნაურუს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

მისივე თქმით, საგარეო უწყება გააგრძელებს მუშაობას, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკანონოდ იყო მიღებული, უკან იყოს წაღებული.

„ნაურუს გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა საქართველოს არაღიარების პოლიტიკისა და იმ დიპლომატიური ძალისხმევის, რასაც საგარეო სამსახური ახორციელებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად საერთაშორისო ასპარეზზე.

თავის დროზე, როდესაც ნაურუს მიერ გადაწყვეტილება იყო მიღებული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, ეს იყო საერთაშორისო სამართლისა და ნორმების უხეში დარღვევა. რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ვმუშაობდით სხვადასხვა პარტნიორთან იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება უკან ყოფილიყო წაღებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო პერიოდში განხორციელებული მუშაობა, რისი შედეგიც არის დღევანდელი გადაწყვეტილება.

პირველ რიგში, მინდა, მივულოცო ყველა დიპლომატს, ვინც არ იშურებს ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობისთვის და, რა თქმა უნდა, ვუსურვო წარმატება ჩვენს ქვეყანას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში გადადგმულ ნაბიჯებში.

ეს არის რთული პროცესი, არ არის მარტივი. ახლოვდება 2008 წლის ომის წლისთავი. ამ ომის შედეგი იყო სწორედ აფხაზეთისა და ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და სამწუხაროდ, ის საერთაშორისო შედეგები, რაც მოჰყვა ამ აღიარებას საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის მხრიდან.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკანონოდ იყო მიღებული, უკან იყოს წაღებული და ასევე გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნაურუმ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა. უწყების ცნობით, საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს