მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის“ ორგანიზაციის შექმნა, არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა ქართული პოლიციის, როგორც ინსტიტუტის მიმართ.
ზუბარიშვილის შეფასებით, ყველა მოვლენა ნიშნავს, რომ „რეჟიმი არ ენდობა პოლიციას“.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს მიზანმიმართულად ანგრევს.
„ვხედავთ, რომ დღეს ქუჩაში არის ძალა, რომელსაც არაფერი აკავებს, კანონი აღარ არის უზენაესი, რომელიც უნდა მართავდეს ქვეყანას. ყველაფერი, თუნდაც ამ ჯგუფის დაარსება, ხდება კანონის გარეშე. ამ ჯგუფის დაარსებით, რეალურად, უნდობლობაა გამოცხადებული პოლიციის, როგორც ინსტიტუტის მიმართ. პოლიციაში, რომ უკვე შერჩევითი პოლიცია იყო შექმნილი, რომელიც ძირითადად იღებდა მთავარ პრემიებს, ჰქონდა გადაცმული სხვა ფორმა, არა პოლიციის ოფიციალური ფორმა, ეს უკვე დაწყებული იყო ზონდერების ვარიანტი, რომელიც მიშას დროსაც არსებობდა და აქ უკვე იყო განახლებული - ახალი ფორმით. ეს კიდევ ერთი საფეხურია. ყველა ეს მოვლენა ნიშნავს, რომ რეჟიმი არ ენდობა პოლიციას. მას არ აკისრებს იმ თავის მთავარ მოვალეობას, რომელიც არის უსაფრთხოების და მოქალაქეების დაცვა, წესრიგის და კანონის დაცვა. ეს არის ძალიან დიდი დარღვევა და ეს არის პოლიციის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. სახელმწიფო დამოკიდებულია პირველ რიგში კანონზე, მაგრამ პოლიციაზე, მისი გარე უსაფრთხოების დაცვაზე ჯარზე, ეს ორი ინსტიტუტი თუ არის რამე ფორმით შერყეული ეს არის ძალიან დიდი ზიანი სახელმწიფოსთვის. ვხედავთ, რომ ეს რეჟიმი მიზანმიმართულად სახელმწიფოს ანგრევს“, - აცხადებს ზურაბიშვილი.
კითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დაპირისპირებები ძალადობაში არ გადაიზარდოს, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ მეორე მხარე არ უნდა შევიდეს პროვოკაციაში.
მისივე თქმით, ის არ ეთანხმება გარკვეული შინაარსის ბანერებსა და მოწოდებებს, რომლებიც, მისი შეფასებით, დაპირისპირების გაღრმავებას უწყობს ხელს. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ კრიტიკა უნდა ეფუძნებოდეს არგუმენტებს და არა შეურაცხყოფას.
„ჩვენ არ უნდა შევიდეთ ამ გამოწვევაში, ამ პროვოკაციებში, რადგან პოლარიზაცია და დაპირისპირება, რაზეც არის აპელირება, მოდის ერთი მხრიდან. ვნახეთ გაუთავებლად „ბოტები“ და „ტროლები“ როგორ მუშაობდნენ ამ თვეების და წლების მანძილზე, იმისათვის, რომ ხალხი გამოიწვიონ. ჩვენი მხრიდან კი არ მოდიოდა შეურაცხყოფა პერსონალურად ადამიანების მიმართ, არამედ მოდიოდა კრიტიკა რეჟიმის მიმართ. ჩემ მაგალითს ავიღებ, პარლამენტის ტრიბუნიდან გავაკრიტიკე რეჟიმი ბევრი მიმართულებით და პრემიერის მხრიდან, ჯარის წინაშე მივიღე „მოღალატის“ ძახილი. ეს არის ფორმა, რითაც რეჟიმი მოქმედებს. პასუხობს კრიტიკას და თქვენ ყველას ეს გამოცდილი გაქვთ, კრიტიკას, არგუმენტებს, პასუხობს ლანძღვით. ლანძღვა და შეურაცხყოფა ყოველდღე ახალ საფეხურზე ადის. ძალიან დიდი გამოწვევა მოქალაქეებისთვის და მცდელობაა, რომ ჩვენც გადაგვიყვანონ იგივე რეჟიმში.
არ ვეთანხმები რამდენიმე ბანერს. ვესწრებოდი ადგილზე, უცებ გავიგე, რომ იჭერენ ადამიანებს პანტა-პუნტით - ახალგაზრდებს, ადამიანებს, ამიტომ მივედი საკრებულოს წინ. ეს არ არის ჩვენი გზავნილები, რომ რაღაცა სიტყვები უაზროდ გამოვიყენოთ. იმდენი არის გასაკრიტიკებელი, იმდენს აშავებს რეჟიმი პიროვნულად ივანიშვილი. რაც სათქმელია ის უნდა ვთქვათ, არგუმენტები უნდა გაგრძელდეს კი არ უნდა გადავიდეს იმაში, რაც არგუმენტებს არ ემორჩილება, რომლებსაც ჩვენს სივრცეში მნიშვნელობა დაკარგული აქვს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
აღნიშნული ორგანიზაციის სერიოზულად მიღების საკითხზე საუბრისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს, მისი შეფასებით, არ არის სპონტანურად შექმნილი გაერთიანება და მასში ხელისუფლების სტრატეგიულ ინტერესებს ხედავს.
მისი თქმით, მსგავსი პროცესების მიზანი შესაძლოა საზოგადოების დაყოფა და დესტაბილიზაციის გამოწვევა იყოს, თუმცა მოქალაქეებმა საპასუხოდ ძალადობრივი ჯგუფების შექმნას არ უნდა მიმართონ.
„ამ ორგანიზაციის სერიოზულად მიღებაც გვინდა, რადგან ეს არის გზავნილი რეჟიმის მიერ. ეს არ არის სპონტანური, თვითშექმნილი ორგანიზაცია. სახეებზე გადახედეთ და მიხვდებით, რომ ეს მათი მოფიქრებული ნამდვილად არ არის, ეს არის სტრატეგია ქვეყნის დესტაბილიზაციის, რომელიც ერთი ერთში ჯდება ჩვეულებრივ ძველ რუსულ სტრატეგიაში, თუ როგორ მოახდინო ქვეყანაში დესტაბილიზაცია - ამ ქვეყნის დასუსტება, ამ საზოგადოების გახლეჩა. ძალიან ძველი ინსტრუმენტებია გამოყენებული. ამ მხრივ სერიოზულად უნდა მივიღოთ.
მეორე მხრივ, არასერიოზულად უნდა მივიღოთ, რადგან ეს ადამიანები არ არიან სერიოზულები და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიწვიოს საპირისპირო რეაქცია: ჩვენც მოვნახოთ სადღაც დიდ კუნთიანი ადამიანები და დავიწყოთ იგივე რაღაცა ჯგუფის შექმნა და დაპირისპირება. ასეთი ჯგუფების საბოლოო მიზანი არის ის, რომ ორივე მხარეს გაჩნდეს ასეთი ჯგუფები და შემდეგ გადაიზარდოს, რაც არ გადაიზრდება, რადგან უკვე გვაქვს გამოცდილება მიღებული, ვიცით რუსეთი როგორ მოქმედებს, ამიტომ ამის უფლება არ უნდა მივცეთ. ჩვენ გვაქვს იმდენი თვითშეგნება იმისა, თუ რამდენად გვიღირს ეს ქვეყანა და მშვიდობა, არ არის საჭირო „ომი არ გვინდას“ ძახილი. მშვიდობა გვინდა ამ ქვეყანაში და არ გვინდა მივცეთ გზა დესტაბილიზაციის ინსტრუმენტებს, რასაც რუსეთი „ქართული ოცნების“ ხელით მოიგონებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.