გიორგი სიორიძე - შეიძლება მალე სხვა ცვლილებებიც ვიხილოთ, კობახიძის გარშემო “ყულფი ვიწროვდება” - ნამდვილად არ მწყინს

შეიძლება ძალიან მალე კიდევ სხვა ცვლილებებიც ვიხილოთ - “ყულფი ვიწროვდება” კობახიძის გარშემო, - ამის შესახებ „ძლიერი

საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რითაც ეხმაურება პრემიერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც - საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ სამთავრობო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არ იღებს.

„ასე იცვლებიან „ქართული ოცნების“ მთავრობაში, ბიძინა ივანიშვილის კარზე თანამდებობის დამკავებელი პირები, ასეთი კარუსელები ტრიალებს. შეიძლება ძალიან მალე თქვენთან ერთად, რამდენიმე დღეში თუ კვირაში, კიდევ სხვა ცვლილებებიც ვიხილოთ. ეს ძალიან ლოგიკური გახლავთ, სხვებიც შეიძლება ვიხილოთ მანამდე, მაგრამ ყულფი ვიწროვდება კობახიძის გარშემო. ვინ არის მიამიტი, რომ დაიჯეროს, კობახიძე ასეთ რაღაცებს თავად ხლართავს და ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს?“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

გიორგი სიორიძის თქმით, „ქართულ ოცნებაში" ყველას უნდა ესმოდეს, რომ თუ ირაკლი ღარიბაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი ციხეში მოხვდნენ, მაშინ ყველა შეიძლება მოხვდეს.

„ყველანაირი პრეცედენტი გვაქვს, ზოგი უბრალოდ გაუშვეს, ზოგი სხვაგან გადაიყვანეს, ზოგი ბიზნესში წავიდა, ზოგი საერთოდ ქვეყნიდან წავიდა, ზოგი ციხის გზას გაუყენეს, ყველაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რაც რომ გითხრათ, მწყინს-მეთქი, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ვერანაირად ვერ იქნებიან მოსვენებულები, მოგატყუებთ, ნამდვილად არ მწყინს. როდესაც რეჟიმს ემსახურები, უნდა კარგად გესმოდეს, რომ ყველაზე ერთგული და მისი გაზრდილი ვინც ჰყავდა ივანიშვილს, ვინც დასაწყისიდანვე მოჰყვებოდა, ირაკლი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს ვგულისხმობ, რომელიც „ქართუ ბანკიდანვე" მოჰყვებოდნენ, სად არიან დღეს და ისინი თუ იქ მოხვდნენ, ყველა შეიძლება მოხვდეს“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის თქმით, მამუკა მდინარაძე კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას.

ამასთან, პრემიერის თქმით, ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო იძლევა შესაძლებლობას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე იქნას უზრუნველყოფილი. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება.

ასევე, პრემიერის თქმით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში, არსებითად დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და შესაბამისად ისიც სექტემბერში გაუქმდება.

რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი, კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, ხოლო სექტემბრის პირველ კვირამდე, მამუკა მდინარაძე დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს