ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026

ნაურუმ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპურთიერთობა გააუქმა - “დიპლომატიური დარტყმა რუსეთისთვის”

დარჩა თუ არა სივრცე საქართველო-აშშ-ს ურთიერთობის გადატვირთვისთვის

ვის მხარესაა სტრატეგიული ინიციატივა რუსეთ-უკრაინის ომში - “ბრძოლის ველის დინამიკა ტექნოლოგიებმა შეცვალა”

* * *

ნაურუმ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპურთიერთობა გააუქმა - “დიპლომატიური დარტყმა რუსეთისთვის”

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, გააუქმოს დიპლომატიური ურთიერთობა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან. უწყების შეფასებით, ეს ნაბიჯი საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემის კიდევ ერთი დადასტურებაა და საფუძველს ქმნის საქართველოსა და ნაურუს შორის ოფიციალური ურთიერთობის დამყარებისთვის. თავის მხრივ, ოპოზიციაში ნაურუს გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ, თუმცა, მიიჩნევენ, რომ ეს შედეგი, პირველ რიგში, დასავლელი პარტნიორების - აშშ-სა და ევროკავშირის მრავალწლიანი დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია. მათი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსთვის დასავლურ პარტნიორობასა და არაღიარების პოლიტიკის საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას. ამასთან, ოპოზიცია არ ეთანხმება ხელისუფლების შეფასებას, რომ მიღწეული შედეგი ქართული დიპლომატიის წარმატებაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დიპლომატიური “დარტყმა რუსეთისთვის” - “წრე ვიწროვდება”, ნაურუმ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპურთიერთობა გააუქმა.

"საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიესალმება ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას “ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის” და “ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კი ულოცავს ყველა დიპლომატს, ვინც არ იშურებს ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობისთვის... ეს არის რთული პროცესი, ახლოვდება 2008 წლის ომის წლისთავი. ამ ომის შედეგი იყო სწორედ აფხაზეთისა და ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და სამწუხაროდ, ის საერთაშორისო შედეგები, რაც მოჰყვა ამ აღიარებას საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის მხრიდან...” - განაცხადა ბოჭორიშვილმა, რომლის თქმით, “გააგრძელებენ მუშაობას, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკანონოდ იყო მიღებული, უკან იყოს წაღებული”, - აღნიშნავს გამოცემა

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილება დასავლური პარტნიორების დამსახურებაა, მისი თქმით, ეს რუსეთისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა, რადგან იმ სახელმწიფოთა წრე ვიწროვდება, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს “აღიარებდა”. ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანმიმდევრული მუშაობის შედეგია და ადასტურებს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ საფუძველს წარმოადგენს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და დიპლომატი გია ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ნაურუს მიერ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და ცხინვალის რეგიონთან “დიპლომატიური ურთიერთობების” გაუქმება ამერიკული და ევროპული დიპლომატიის დამსახურება და გამარჯვებაა და არა ქართული დიპლომატიის”, - დასძენს გამოცემა.

“ეს უფრო დასავლური დიპლომატიის დამსახურებაა. მაგალითად, ევროკავშირი, სირიის ხელისუფლებასთან აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა, გააუქმოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. აღიარების საკითხი. ამიტომ ამაზე დასავლეთი მუშაობს. როცა საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ეს ქართული დიპლომატიის დამსახურებაა, მაშინ რაღაც დოკუმენტი უნდა იყოს წარმოდგენილი, თუ ითქვა, რომ ეს კულუარული საკითხია, მაშინ ძნელად დასაჯერებელი იქნება. თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს, მაშინ მხოლოდ მივესალმები... ეს ფაქტი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა. მოსკოვი მაქსიმალურად ცდილობდა რომ საერთაშორისო ასპარეზზე მიეღწია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საერთაშორისო სამართლებრივი აღიარებისთვის, ვერ გამოუვიდა. მხოლოდ ვენესუელამ, ნაურუმ, სირიამ და ნიკარაგუამ “აღიარეს” და ახლა ეს წრეც ვიწროვდება. ახლა იზრდება შანსი, რომ სირიამაც და ვენესუელამაც გააუქმოს ე.წ. აღიარება. სირიაში ცოტა განსხვავებული ვითარებაა, იქ აფხაზური დიასპორაა, რომელიც მუშაობს, მაგრამ ამის მიუხედავად, არსებობს დიდი შანსი, რომ სირიამაც გააუქმოს ე.წ. აღიარების საკითხი”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ნაურუს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ე.წ. აღიარების უკან გაწვევა არის არაღიარების პოლიტიკის რეალური შედეგი და საერთაშორისო სამართლის უზენაესობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სწორი მუშაობით დასტურდება, რომ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა გლობალური წესრიგის ერთადერთი საფუძველია. ოფიციალური თბილისი მხოლოდ პოზიციას კი არ იცავს, არამედ მზადაა ნაურუსთან ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს და ახალი პარტნიორული არეალი გააფართოვოს”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“ნაურუს მიერ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და ცხინვალის რეგიონთან “დიპლომატიური ურთიერთობების” გაუქმება არის ამერიკული და ევროპული დიპლომატიის დამსახურება და გამარჯვება. არაღიარების პოლიტიკა ამდენი ხანი ამერიკელების და ევროპელების დახმარებით არის წარმატებული. ამიტომ არის საჭირო აშშ-თან და ევროპის კავშირთან პარტნიორობა, ევროპის კავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ეროვნული თვითმყოფადობა რომ შევინარჩუნოთ, რასაც რუსეთი და ივანიშვილის ოჯახი გვართმევს... ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება. სადღაა ქართული დიპლომატია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვეგანყოფილებად არის ქცეული ბოჭორიშვილის დაბალი მოდის კანტორა”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ჯაფარიძე.

დარჩა თუ არა სივრცე საქართველო-აშშ-ს ურთიერთობის გადატვირთვისთვის

“საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გამოთქმულ ოპტიმიზმს რამდენიმე დღეში განსხვავებული პოლიტიკური სიგნალი მოჰყვა ვაშინგტონიდან. მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წერილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძემ ორმხრივი ურთიერთობის განახლების შესაძლებლობად შეაფასა, საქართველოში აშშ-ის საელჩომ მედიის თავისუფლებასა და პოლიტიკური პლურალიზმის საკითხებზე კრიტიკული განცხადება გაავრცელა, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პერსპექტივის შესახებ ახალი კითხვები გააჩინა. ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წერილი არ უნდა აღქმულიყო საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის ნიშნად. მათი განცხადებით, წერილი დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში იყო გამოგზავნილი და საქართველოში აშშ-ის საელჩოს 28 ივლისის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ვაშინგტონისთვის კვლავ პრიორიტეტულია დემოკრატიული სტანდარტები, მედიის თავისუფლება და პოლიტიკური ფლურალიზმი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დარჩა თუ არა სივრცე საქართველო-აშშ-ს ურთიერთობის გადატვირთვისთვის - რეალური მოლოდინები.

“ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ საელჩოს განცხადება გადაჭარბებულად არ უნდა აღვიქვათ და მიაჩნია, რომ ურთიერთობის გადატვირთვისთვის სივრცე ჯერ კიდევ დარჩენილია. “ვფიქრობ, რომ საელჩოს ამ განცხადების გადაჭარბებულად აღქმა სწორი არ იქნებოდა, საელჩომ “რადიო თავისუფლების” მიერ გაგზავნილ კითხვას უპასუხა. ამასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ საელჩოს ეს განცხადება საკუთარი ინიციატივით კი არ გაუკეთებია, მან უბრალოდ ერთ-ერთი მედიასაშუალების კითხვას უპასუხა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, რომელიც აშშ-ში დამკვიდრებული ტრადიციებიდან და წესებიდან გამომდინარეა”, -ამბობს ანჯაფარიძე, რომლის განმარტებით, “აშშ-ში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება გაცილებით უფრო ფართო საშუალებებს აძლევს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების სუბიექტებს, ვიდრე ამას, დავუშვათ, ევროპული კანონმდებლობა.”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ძალიან რომ არ ჩავუღრმავდეთ, არ მგონია, რომ ეს ერთი განაცხადი რაღაცა ინდიკატორია იმისა, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში რაღაცა დრამატული მოხდა. ვინც ამას ამტკიცებს, ამით მხოლოდ საკუთარ არაკომპეტენტურობას ავლენს. ურთიერთობა დამოკიდებულია არა იმაზე, ვთქვათ, იქ ჟურნალისტს ადმინისტრაციულ პატიმრობას მიუსჯიან და ასე შემდეგ, არამედ იმ სტრატეგიულ საკითხებზე, რაც ეხება აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებს. ამის თაობაზე კი იცით საქართველო როგორ ცდილობს, რომ მოიქცეს ისე - ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს, რომ რეგიონში და მის გარეთ აშშ-ს ინტერესებს ზიანი არ მიადგეს საქართველოს მხრიდან. რა თქმა უნდა ურთიერთობის გადატვირთვისთვის სივრცე რჩება”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი აცხადებს, აშშ-ს საელჩოს განცხადებამ ნათელი გახადა, რომ კობახიძის ოპტიმიზმი მორიგი პროპაგანდისტული სვლა იყო და ტრამპის წერილი კი სტანდარტული პასუხია მილოცვაზე. კობახიძე კი გამოთქვამდა ოპტიმიზმს, მაგრამ დამოუკიდებელი ექსპერტები იქნებოდნენ თუ ოპოზიცია, ამ ოპტიმიზმის მაინცდამაინც დიდად არ სჯეროდათ, იმიტომ რომ ეს იყო კობახიძის მხრიდან მორიგი პროპაგანდისტული სვლა და მეტი არაფერი. თუ “ოცნება” პოლიტიკას არ შეცვლის, რეალურად რაიმე ახალ გადატვირთვაზე ლაპარაკი არის სრულიად ზედმეტი. “ქართული ოცნება” ამ პოლიტიკას არ ცვლის, არც საგარეო და არც საშინაო ფაქტორებს არ ითვალისწინებს. პირიქით, საკანონმდებლო ბაზა გაცილებით რეპრესიული ხდება და არამარტო საკანონმდებლო ბაზა. არც ისე დიდი ხნის წინ, საპროტესტო აქციაზე ზოგმა ადმინისტრაციული სასჯელი მიიღო, ზოგმა ფინანსური”, - თვლის ძაბიარე, რომლის აზრით “ყველაფერი გრძელდება იმ რიტმში და ტონში, რაც იყო”, - განაგრძობს გამოცემა.

“თუ საელჩოს ინტერვიუს ნახავთ, დასავლეთს და კერძოდ აშშ-ს ასეთი მკაფიო და მკვეთრი პოზიცია არც ჰქონია საქართველოს მიმართ. უნდა ველოდოთ იმას, რომ ეს ვითარება უფრო გამწვავდება და არა პირიქით. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ დათბობას ცდილობს. ტრამპის წერილს რაც შეეხება, იმავე წუთში ითქვა, რომ ეს არის ფაქტიურად სტანდარტული პასუხი ნებისმიერ ასეთ სიტუაციაში. პასუხი მარტო საქართველოსთვის არ ყოფილა გამოგზავნილი. როდესაც ულოცავენ, საპასუხოდ დიპლომატიური ეტიკეტით აბსოლუტურად კეთილი სურვილებია, მეტი იქ არაფერი არ ყოფილა. ამიტომ ეს ფაქტობრივად არაფერს ნიშნავს. ეს უბრალოდ ზრდილობიანი პასუხია, როდესაც ულოცავენ და შესაბამის პასუხს ღებულობს მიმლოცველი და მეტი არაფერი. ამიტომ ამაზე აპელირება არაფრისმომცემია, შემდეგმა მოვლენებმაც დაადასტურა, რომ ეს ასეა და არა სხვაგვარად”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

ვის მხარესაა სტრატეგიული ინიციატივა რუსეთ-უკრაინის ომში - “ბრძოლის ველის დინამიკა ტექნოლოგიებმა შეცვალა”

“ვლადიმერ პუტინმა ომში ინიციატივა დაკარგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “ფოქსნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის სამხედრო ტექნოლოგიებმა ბრძოლის ველზე დინამიკა შეცვალა. “ომის დაწყების შემდეგ, როდესაც პუტინმა თქვა, რომ ჩვენს ოკუპაციას ორ ან სამ დღეში მოახდენდა, ჩვენ უზარმაზარი სამხედრო-ტექნოლოგიური ინდუსტრია ავაშენეთ. 500 კომპანია გვყავს ძალიან ძლიერი ტექნოლოგიებით”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ომი ინოვაციების შეჯიბრებად იქცა და სტრატეგია მუდმივად იცვლება, რადგან დრონები სწრაფად ძველდება, თუ მათ ადაპტირებას არ მოახდენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვის მხარესაა სტრატეგიული ინიციატივა რუსეთ-უკრაინის ომში - “ბრძოლის ველის დინამიკა ტექნოლოგიებმა შეცვალა”.

“ჩვენ გვესმის, რომ ომი ყოველ სამ, ექვს თვეში იცვლება. ჩვენ ტექნოლოგიები უნდა შევცვალოთ. ჩვენ პუტინზე სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან პუტინს მეტი ხალხი ჰყავს. ჩვენი ხალხის გადასარჩენად უფრო მეტი ტექნოლოგია უნდა გამოვიყენოთ. პუტინი თვეში 30 000 ჯარისკაცს კარგავს. დანაკარგები ძალიან ბევრია, მაგრამ მას არ სურს ამ ომის დასრულება. ამიტომ, ახლა ინიციატივა პუტინის ხელში არ არის”, - განაცხადა ზელენსკიმ. ანალიტიკოსები სრულად ეთანხმებიან ზელენსკის იმ შეფასებაში, რომ უკრაინის ომი მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ რბოლად იქცა. დრონების, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებისა და მართვადი ჭურვების ეფექტურობა მართლაც რამდენიმე თვეში იცვლება. რუსეთიც და უკრაინაც მუდმივად ცვლიან სიხშირეებსა და ალგორითმებს. მათი შეფასებით, უკრაინის კერძო სექტორმა და სტარტაპებმა (500-ზე მეტმა კომპანიამ) შეძლეს წარმოების მოქნილი, დეცენტრალიზებული ქსელის შექმნა, რაც მათ საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად დანერგონ სიახლეები, ვიდრე რუსეთის შედარებით ბიუროკრატიულმა და მძიმე სახელმწიფო-სამხედრო მანქანამ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ექსპერტები ეთანხმებიან იდეას, რომ პუტინმა სტრატეგიულად დაკარგა ინიციატივა - მას აღარ შეუძლია უკრაინის სახელმწიფოებრიობის სწრაფი განადგურება, კიევის აღება ან უკრაინის სრული კაპიტულაციის მიღწევა, რაც ომის თავდაპირველი მიზანი იყო. ამავდროულად, სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ფრონტის ცალკეულ სექტორებზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთი კვლავ ინარჩუნებს ტაქტიკურ ინიციატივას, სადაც ცდილობს მცირე ნაბიჯებით წინსვლას რესურსებისა და ცოცხალი ძალის მასობრივი ხარჯვის ხარჯზე. ექსპერტების შეფასებით, ზელენსკის დასახელებული ციფრები ახლოს არის დასავლური დაზვერვების (დიდი ბრიტანეთი, აშშ) მონაცემებთან. მათი თქმით, რუსეთი ცდილობს ტექნოლოგიური ხარვეზები და შეცდომები ცოცხალი ძალის მასით დაფაროს. უკრაინისთვის ტექნოლოგიები -დრონები, დისტანციური დანაღმვა, ავტომატიზებული მართვის სისტემები პირდაპირ უკავშირდება ადამიანური რესურსის დაზოგვას, რადგან უკრაინას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დემოგრაფიულად შეებრძოლოს რუსეთს”, - დასძენს გამოცემა.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს