„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ - ფინანსთა სამინისტროს უარი დღგ-ის 100 000 ლარიანი ზღვრის გაზრდაზე მცდარ და ხარვეზიან არგუმენტებს ეფუძნება

„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ ეხმაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პოზიციას, რომლითაც „უწყება მხარს არ უჭერს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის 100 000-ლარიანი ზღვრის 300 000 ლარამდე გაზრდის ინიციატივას“.

ასოციაციის შეფასებით, სამინისტროს მიერ მოყვანილი არგუმენტები შეიცავს არსებით შეცდომებს, უგულებელყოფს ოფიციალურ სტატისტიკას და მოწყვეტილია რეალურ ბიზნეს-გარემოს.

„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროს, დაიწყოს აღნიშნული თემის უფრო მკაფიო, სიღრმისეული განხილვა. „ფინანსთა სამინისტრო ამბობს, რომ დღგ-ის 100 000 ლარიანი ზღვარი თითქოს გონივრულ ბალანსს ინარჩუნებს. სიმართლე კი ისაა, რომ დღგ-ის ზღვარი დაწესდა 2005 წელს, მას შემდეგ დღემდე კი ფასები დაახლოებით 2.7-ჯერ გაიზარდა, ანუ მაშინდელი 100 000 ლარი დღეს, სულ მცირე 270 000 ლარია. ამავე პერიოდის განმავლობაში, ლარის ნომინალური კურსი დოლართან მიმართებით დაახლოებით 45%-ით გაუფასურდა. როგორ შეიძლება ვისაუბროთ გონივრულ ბალანსზე, როცა ეკონომიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო დაახლოებით 21 წლის განმავლობაში? ფინანსთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ დღგ-ის 100 000 ლარიანი ზღვრის ზრდამ შესაძლოა შექმნას კონკურენციის დამახინჯების რისკი. კონკურენციის დამახინჯება ვერ მოხდება ზვრის აწევით. პირიქით, ის მცირე მეწარმეები, რომელთა მხოლოდ ნომინალური შემოსავალი გაიზარდა ინფლაციის ზრდის გამო, ისევ თანაბარ კონკურენტულ პირობებში აღმოჩნდებიან მათთან, ვინც ჯერ ამ ზღვარს არ მიაღწია. კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ გულისხმობს შემდეგს, რომ დღგ-ის ზღვრის გაზრდა დოკუმენტების წარმოების სტიმულირებას შეამცირებს და არაფორმალურ ოპერაციებს წაახალისებს. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით ხდება. სწორედ არსებული დაბალი ზღვრის გამო ათასობით მეწარმე რეგისტრირდება რამდენიმე ინდ. მეწარმედ ან შპს-დ (ოჯახის წევრებზე), რაც საგადასახადო ადმინისტრირებისთვის გაცილებით დიდ ქაოსს და ჩრდილოვან სექტორს ქმნის. ზღვრის 300 000 ლარამდე გაზრდა ბიზნესს აძლევს ლეგალურად, ერთ სუბიექტად გამსხვილებისა და გამჭვირვალედ ოპერირების სტიმულს. ბოლო არგუმენტი, თითქოს ევროპაში უფრო დაბალია ზღვარი, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენც იგივე უნდა გავიმეოროთ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი დანარჩენი ქვეყნებისთვის, თუ როგორ შეიძლება სწორი საგადასახადო პოლიტიკით მივიღოთ ძლიერი ბიზნეს სექტორი. „თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროს, დაიწყოს უფრო მკაფიო, სიღრმისეული განხილვა აღნიშნული თემის, რადგან ეს ყველაფერი, პირველ რიგში, სწორედ მათ ინტერესებში შედის“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს