შეუძლებელია ვინმემ ნორმალურ ყოფად აღიქვას ის, რომ ადამიანს ორ თვეში ერთხელ უქმნიან ახალ-ახალ სამინისტროებს და აბარებენ ამ სამინისტროების მართვას. ეს მიუთითებს იმ კრიზისზე, რომელიც არის ივანიშვილის რეჟიმის შიგნით, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას, რომელზეც მამუკა მდინარაძე დაინიშნება.
როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, „ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით საქმე რთულად არის“.
„ძალიან რთულია იმის თქმა, ზუსტად, რა ხდება ივანიშვილის პარტიის შიგნით. რომ იცოდე, ალბათ, ამ კლანური ბრძოლების შიგნით უნდა იყო და გეცოდინება, რა და როგორ ხდება, მაგრამ ის, რომ ეს კარგი ცხოვრების გამოხატულება არ გახლავთ, ცალსახაა. შეუძლებელია ვინმემ ნორმალურ ყოფად აღიქვას ის, რომ ადამიანს ორ თვეში ერთხელ უქმნიან ახალ-ახალ სამინისტროებს და აბარებენ ამ სამინისტროების მართვას. რომელი „კლანის“ სიმძლავრეს მოწმობს ეს და რომელი „კლანის“ დასუსტებას, ამას ვერ გეტყვით, ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, თუმცა ფაქტია, რომ საქმე არის ძალიან რთულად „ოცნების“ შიგნით, რომ ეს ხალხი „ვერ ლაგდება“, უწევთ სუს-ის ხელმძღვანელის ექვს თვეში ერთხელ შეცვლა მაშინ, როცა ექვსი წლის ვადით უნდა აირჩიონ. უწევთ კონკრეტულად ამ ადამიანის, ბატონი მდინარაძის დანიშვნა ახლად გამოგონილ თანამდებობაზე. ეს მიუთითებს იმ კრიზისზე, რომელიც არის ივანიშვილის რეჟიმის შიგნით“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველო პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სექტემბერში გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო და შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელზეც მამუკა მდინარაძე დაინიშნება.
რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას, რომელიც სამი თვის წინ შეიქმნა და მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა, ირაკლი კობახიძის თქმით, უწყება კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება.