სამოქალაქო აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე, რომლის განცხადებითაც, მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა, დავით მატიაშვილმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა, პროკურატურაში დაიკითხა.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მისი ადვოკატი, თამარ ლუკავა აცხადებს, მჭედლიძეს დღეს სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარდება. ამასთან, ადვოკატი ითხოვს, სასამართლოს გარე და შიდა პერიმეტრზე არსებული კამერების ჩანაწერები დაარქივდეს და საქმეს დაერთოს.
„თავიდან, როდესაც თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში შევედით, გვითხრეს, რომ მხოლოდ და მხოლოდ გასაუბრება ჩატარდებოდა, რასაც არ დავეთანხმეთ, რადგან სახეზე გვაქვს დანაშაულის ნიშნები და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყება გვჭირდებოდა. შესაბამისად, საჭირო იყო მსხვერპლის გამოკითხვა და არა მასთან გასაუბრება. მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები შეზღუდულ დროშია ჩასატარებელი და თუ დღეს არ დაიწყებოდა გამოძიება, შესაძლებელი იყო, საქმეზე არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები შემდეგ აღარ გვქონოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს. ასევე, დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ეს იყო. დაზარალებულს სხეულზე საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს და საჭირო იყო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება და სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდება.
ჩვენი მოთხოვნაა, პირველ რიგში, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში და გარე პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება მოხდეს სასწრაფოდ და შემდეგ ამოღება, საქმეზე დასართავად, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება. ასევე, დროულად უნდა მოხდეს ყველა იმ მოწმის გამოკითხვა, ვინც ფაქტს ესწრებოდა.
დავით მატიაშვილზე, სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსზეა საუბარი, ხილული დაზიანებები, რაც მჭედლიძეს ხელის არეში, მკლავის არეში აქვს, სწორედ მატიაშვილისგან განხორციელებული ქმედების შედეგადაა.
ორი ფაქტია განხორციელებული, ერთი შენობის შესასვლელ კარებთან და მეორე - ეზოში. დაზიანებები რაც აქვს მიყენებული, შენობის ეზოში როცა მანდატურები მოათრევდნენ, იმ დროსაა მიღებული და იმ მხარეს აქვს დაზიანებები, რომელ მხარესაც მატიაშვილი იდგა და ხელს უჭერდა.
პროვოკაცია მოხდა მათი მხრიდან, ისინი მუდმივად პროვოცირებენ, ცდილობენ ადამიანები წყობიდან გამოიყვანონ და აქეთ, „შეუკერონ“ საქმე“, - განაცხადა ლუკავამ.
ცნობისთვის, 28 ივლისს, მაშინ, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 ივლისს საკრებულოსთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.