ლევან ბეჟაშვილი - რეფორმების საბჭოს უნდა მივცეთ საშუალება, გარედან დაინახოს პარტიის მდგომარეობა, შეაფასოს და გვითხრას, რა არის გასაკეთებელი, რათა პარტია მოდერნიზდეს - ეს ნორმალური პროცესია პარტიის გაჯანსაღების კუთხით

ჩვენ უნდა მივცეთ რეფორმების საბჭოს საშუალება, გარედან დაინახოს პარტიის მდგომარეობა, შეაფასოს და გვითხრას, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ პარტიამ მოდერნიზება მოახდინოს. შემდეგ კოლეგიალური ორგანო ამ რეფორმების განხორციელებაზე პასუხისმგებლობასაც აიღებს და არჩევნებსაც დანიშნავს , - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, პარტია ყრილობას 5 აგვისტოს გამართავს.

"დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე განვიხილეთ და დავადგინეთ პარტიის ყრილობის გამართვის თარიღი, 5 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება პარტიის ყრილობა. კონკრეტული მისამართის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება. ასევე, განვსაზღვრეთ ყრილობაზე დამსწრე დელეგატების არჩევის წესი და რაოდენობა. კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 300-350 დელეგატი დაესწრება, თუმცა ეს რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, რადგან ყრილობაზე დასწრების მოთხოვნა დიდია.

ასევე, ვისაუბრეთ წესდებაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას კოლეგიალური ორგანო, რომელიც გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, სანამ რეფორმების საბჭო დაადგენს კონკრეტულ რეფორმების პაკეტს, მისი განხორციელება დაიწყება და ახალი თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდება, ამ კოლეგიალურმა ორგანომ უნდა წარმართოს პარტიის საქმიანობა. ეს დაახლოებით მაქსიმუმ 6 თვიან პერიოდს შეიძლება მოიცავდეს. ამ კოლეგიალური ორგანოს წევრებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება 7 ან 9 იყოს, კონკრეტული კანდიდატურები ყრილობაზე წარდგება პოლიტსაბჭოს წევრების მხრიდან და ყრილობა გადაწყვეტს ამ კანდიდატურების საკითხს. შემდეგ კოლეგიალური ორგანოს თავმჯდომარის საკითხი ასევე ყრილობაზე გადაწყდება იმ წევრებისგან, რომლებიც არჩეული არიან ყრილობის მიერ კოლეგიალურ ორგანოში. კოლეგიალური ორგანოს თავმჯდომარე რეალურად იქნება პარტიის თავმჯდომარის სტატუსით. ის შეასრულებს კოლეგიალური ორგანოს გადაწყვეტილებებს და მას ოფიციალური წარმომადგენლობითი ფუნქცია ექნება",- განაცხადა ბეჟაშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამ პოზიციაზე ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი აირჩიონ, ლევან ბეჟაშვილმა განმარტა:

"პარტიაში არის ის განწყობა, რომ ახლავე დაიწყონ სიახლეებზე საუბარი, მაგრამ ნანუკა ჟორჟოლიანის პოზიცია არის, რომ ამ ეტაპზე იყოს გარდამავალი პერიოდი, როცა მას ექნება საშუალება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება გუნდის წევრებთან, ახალ წევრებთან დაკავშირებით, მათ შორის სტრატეგიულ კომუნიკაციასთან და დოკუმენტებთან დაკავშირებით, რეფორმების ჯგუფის საბოლოო დოკუმენტი როგორ ჩამოყალიბდება, ამ საკითხთან დაკავშირებით და შემდგომ უკვე ამ რესურსებით მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ამიტომ, გარდამავალი პერიოდი შეიძლება 3 ან 6 თვეც გაგრძელდეს, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა. ჩვენ უნდა მივცეთ რეფორმების საბჭოს საშუალება, გარედან დაინახოს პარტიის მდგომარეობა, შეაფასოს და გვითხრას, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ პარტიამ მოდერნიზება მოახდინოს. შემდეგ კოლეგიალური ორგანო ამ რეფორმების განხორციელებაზე პასუხისმგებლობასაც აიღებს და არჩევნებსაც დანიშნავს იმისთვის, რომ პარტიამ პირდაპირი გზით ახალი თავმჯდომარე აირჩიოს. აპრობირებული მეთოდია, როდესაც კომპანიები "აუთსორსზე" ქირაობენ გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არც ეთანხმებოდნენ იმ ბრენდის საქმიანობას, კონკრეტულ რჩევებს და რეკომენდაციებს აძლევდნენ, როგორ შეიძლება განვითარდეს. რეფორმების ჯგუფის საბოლოო დოკუმენტი რა თქმა უნდა, იქნება პოლიტსაბჭოს განსახილველი, დასამტკიცებელი და მისაღები. ვფიქრობ, ეს ნორმალური პროცესია პარტიის გაჯანსაღების კუთხით",- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს