გიორგი ბუტიკაშვილი - სამწუხაროა მიხეილ სააკაშვილის ქცევა, ივანიშვილის რეჟიმს ვერცერთი პარტია ინდივიდუალურად ვერ დაამარცხებს, რაც მანაც ძალიან კარგად იცის, უბრალოდ ვერ ეგუება, რომ ისიც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია და არა ერთადერთი

„ქართული ოცნება“ გახდა კომიკური, რომლის ძალიან კარგი გამოხატულებაა მდინარაძე, დაატარებენ ერთი თანამდებობიდან მეორზე, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

ბუტიკაშვილი გამოეხმაურა მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებებს, რომლის თანახმად, რეგიონული განვითარების სამინისტრო გაუქმდება და შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელზეც მამუკა მდინარაძე დაინიშნება.

ბუტიკაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმებით ძალის დემონსტრირებას ცდილობს, თუმცა რეალურად „ღონემიხდილ და კომიკურ“ ძალად იქცა, სადაც გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად პრემიერ-მინისტრიც კი ვერ იღებს.

ოპოზიციონერი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გამო ინარჩუნებს, პარტიაში კი კადრების მწვავე დეფიციტია. გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ მამუკა მდინარაძემ გადადგა ნაბიჯები, რაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან არ იყო შეთანხმებული ან იმას ვერ მიაღწია, რაც დაჰპირდა.

„ეს [გადაწყვეტილებები] „ქართულ ოცნებას“ აჩენს, როგორც ღონემიხდილ ძალას, რომელიც ძალაუფლებას ინარჩუნებს მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილია და ძალის დემონსტრირებას ცდილობს ქუჩაში პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ. „ქართული ოცნება“ გახდა კომიკური, რაც გამოიხატება სწორედ მათ ყოველდღიურობაში. ასეთი ფორმა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და მდინარაძე არის ძალიან კარგი გამოხატულება, დაატარებენ ერთი თანამდებობიდან მეორე თანამდებობაზე, არ ჰყავთ ადამიანები, რომლებიც მდინარაძეს ჩაანაცვლებს, ახალი სახეებიც კი აღარ ჰყავთ, ძველ კადრებს ატრიალებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ვიღაცას ენდობა, ახლის შემოყვანა არ ხდება, რადგან ბიძინა ივანიშვილი არ ენდობა.

მდინარაძემ შექმნა „სქროლვა-სქრინვის“ სააგენტო, რომელიც ისეთი წარმატებული არ გამოდგა, როგორიც მას უნდოდა, მანამდე სუს-ის თანამდებობიდან გადააყენეს, რადგან გაურკვევლობა მოხდა ბიძინასა და მდინარაძეს შორის. საქმეს ვერ აკეთებს და ვერავინ ვერ გააკეთებს საქმეს „ქართულ ოცნებაში“ იმიტომ, რომ ყველა დამოკიდებულია იმაზე, როგორ კმაყოფილია ბიძინა. ბიძინას ხუშტურიდან გამომდინარე იცვლის ზნეს, ფერს „ქართული ოცნების“ რიგითი წევრი. ისინი დამოუკიდებელი აქტორები არ არიან. ჩვენ ხომ ვიცით, რომ კობახიძე თავად არ წყვეტს რაღაცებს, ის შეთანხმებულია ბიძინასთან და ყველაფერი მასთან უნდა დადასტურდეს. შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ მდინარაძემ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რაც ბიძინასთან არ იყო შეთანხმებული ან იმას ვერ მიაღწია, რაც ბიძინას დაჰპირდა და მისი როლი დაკნინდა“, - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

გიორგი ბუტიკაშვილის თქმით, კობახიძე-მდინარაძის ტანდემის გაძლიერება შეიძლება საფრთხე იყოს ივანიშვილისთვის, მაგრამ მარტივი არ იქნება ირაკლი კობახიძის „ციხეში გაშვება ან მოხსნა“, ამიტომ იყენებს „დაყავი და იბატონე“ პრინციპს.

„კობახიძის მოშორება ან ჩანაცვლება პოზიციიდან, ასე მარტივი არ არის ივანიშვილისთვის. მას სჭირდება კარგი შემსრულებელი. კარგი შემსრულებელი რომ არა, ივანიშვილს გაუჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება. როცა ერთი კარგი შემსრულებელი ციხეში გაუშვი, მეორის ციხეში გაშვება, ან მოხსნა, ან სხვაგან გადაყვანა, მარტივი არაა. მას არ ჰყავს წრე, რომელსაც მაქსიმალურად ენდობა. გამოცდილი, მაგრამ გაკონტროლებული კადრი ურჩევნია. კობახიძე-მდინარაძის ტანდემის გაძლიერება შეიძლება საფრთხე იყოს ივანიშვილისთვის, მაგრამ დეცენტრალიზებული დაშლილი მმართველობა, როცა ყველა წევრი იმაზე მუშაობს, ბიძინა ივანიშვილის ნდობა არ დაკარგოს, ან უფრო მეტი მოიპოვოს, ეს ცხადია გუნდში ქმნის გამოწვევას, მათ შორის ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედების. „დაყავი და იბატონე“, რაც რუსეთს ძალიან კარგად გამოდიოდა რეგიონში, იმავეს აკეთებს ბიძინა იმიტომ, რომ მხოლოდ ეს აქვს ნასწავლი“, - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

გარდა მმართველი პარტიის კრიტიკისა, გიორგი ბუტიკაშვილმა გადაცემაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გაკეთებული განცხადებაც შეაფასა - „ივანიშვილის მიერ გამოგორებული, მისი სრულიად უშინაარსო ადვოკატის, ვინმე ყიფიანის მატარებელში ჩაბმას ცდილობენ ის ოპოზიციონერები, ვინც ადრე გილაურებს ჩაება, აქაოდა აქაც ფულიაო“.

ბუტიკაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ის „ერთ-ერთი“ ლიდერია და არა ერთადერთი და თუ მის გარშემო არ არის გაერთიანება, მას მიაჩნია, რომ გაერთიანება არ შეიძლება იყოს სრულფასოვანი.

„ძალიან სამწუხაროა, როგორც იქცევა ბატონი მიხეილ სააკაშვილი. არ ვიცი მერამდენე „პოსტია“, რომელიც მიუძღვნა გვარამიას, ნიკა მელიას არაპირდაპირ და უკვე მთლიანად კოალიციას გადასწვდა. სამწუხაროა, ყველაზე კარგად მან უნდა იცოდეს იმ პარტიის სლოგანი, რომელსაც ეწერა „ძალა ერთობაშია“, რას ნიშნავს ძალა ერთობაშია. ივანიშვილის რეჟიმს ვერცერთი დღევანდელი არსებული პარტია ინდივიდუალურად ვერ დაამარცხებს, რაც მანაც ძალიან კარგად იცის. მსგავსი განცხადებებით რას აღწევს სააკაშვილი, აძლიერებს ოპოზიციურ ერთობას თუ ასუსტებს? თუ ასუსტებს, რა არის ამოცანა, გარდა იმისა, რომ დისკრედიტაცია მოახდინოს პარტიების, რომლებიც უწყვეტად წინააღმდეგობაში არიან. როგორ ხდება გილაურის ასოცირება ივანიშვილის ფულთან და ამავე დროს ციხეში გაშვებულია კოალიციის ოთხივე ლიდერი, რა ლოგიკა ტრიალებს ამაში გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ეგუება იმას, რომ ისიც არის ერთ-ერთი ლიდერი. ყველაფერი იწყება იმით, რომ თუ მის გარშემო არ არის გაერთიანება, ეს გაერთიანება არ შეიძლება იყოს სრულფასოვანი, თავად ასე უყურებს“, - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს