პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა კერესელიძის განცხადებით, თუ ხელისუფლებისთვის რეგიონების განვითარება მართლაც პრიორიტეტია, არსებული სამინისტროს გაუქმება და მის ნაცვლად სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნა, ამ მიზანს არ ემსახურება.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, მსგავსი უწყება წარსულშიც არსებობდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე თვე იფუნქციონირა, რის გამოც ვარაუდობს, რომ ახალი სტრუქტურაც არაეფექტიანი იქნება.
„ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას ორ ნაწილად გავყოფდი. პირველი ის, რაც თავად განაცხადა, რომ რეგიონების განვითარება პრიორიტეტი და გამოწვევაა. მეორე კი, პოლიტიკური ნიშნით მიღებული გადაწყვეტილება, რაც მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით მიიღეს. მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ რეგიონები პრიორიტეტია და ეს არის გამოწვევა, სწორედ ამიტომ შეგაქვს მთავრობის სტრუქტურაში ცვლილება, აუქმებ რეგიონული განვითარების სამინისტროს, რომელიც უკვე არსებობს - თქვენ თვითონ განსაჯეთ ეს გადაწყვეტილება სწორია თუ არა.
როდესაც აუქმებ სამინისტროს, რომელიც ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ქმნი მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა რეგიონული განვითარებისთვის. ეს უწყება უკვე იყო საქართველოს მთავრობაში რამდენიმე წლის წინ, რომელმაც სულ რაღაც რამდენიმე თვე იარსება. დღესაც იგივე იქნება. ვერ შეიქმნება და ეფექტიანი ვერ იქნება. სულ რამდენიმე თვე დასჭირდება და გაუქმდება. ასეთი პოლიტიკური ნიშნით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არ არის საქმეზე ორიენტირებული, არ არის ორიენტირებული ხალხის პრობლემების მოგვარებაზე, ვერასდროს იქნება გამართლებული.
რა უნდათ რეგიონებიდან? რას ერჩიან, რა ჟინი სჭრით რეგიონების, რომ ასე ვიღაცის საამებლად, იმის გამო, რომ ვიღაცა არ დარჩეს უმუშევარი, უქმნიან სამინისტროს, ხან უუქმებენ“,- განაცხადა კერესელიძემ.
მან ასევე ისაუბრა მამუკა მდინარაძის ახალ პოზიციაზეც და განაცხადა, რომ მისი რეგიონების მართვის მიმართულებით დანიშვნა დაწინაურებად არ უნდა შეფასდეს. კერესელიძის თქმით, მდინარაძის კარიერა, პირიქით, დაღმავალ ეტაპზეა და არ გამორიცხა, რომ მომავალში ის „ქართული ოცნების“ გუნდსაც ჩამოშორდეს.
„რეგიონების მართვა ჩააბარეს მამუკა მდინარაძეს, როგორც ერთ-ერთ კარგ მენეჯერს, რომელიც ააწყობს რეგიონალურ სისტემას. მაშინ, როდესაც რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო უშიშროების ხელმძღვანელი იყო, რომელსაც საქართველოს პარლამენტში ექვსწლიანი ლეგიტიმაცია ჰქონდა. მან თავისი კარიერა რვა თვეში დაასრულა. ასეთი პრეცედენტი არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით მის წინამორბედს - ოხანაშვილს, მან საერთოდ სამ თვეში დაასრულა კარიერა.
ამ რვა თვის განმავალობაში მდინარაძემ, მხოლოდ და მხოლოდ, გენერლობა მიიღო. სხვა მნიშვნელოვანი, რეალური ძვრები არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და ძველი „ქოცი“ აბორიგენები დაიჭირა. შემდეგ შეუქმნეს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხში. სულ ოთხი თვე იფუნქციონირა ამ უწყებამ. ახსნა ჰქონდათ ისეთი, რომ კოორდინაცია ისე „კარგად აეწყო“, რომ აღარ არის საჭირო. რომელ დაწინაურებაზეა საუბარი და წინსვლაზეა საუბარი? პირიქით არის. ეს არის მამუკა მდინარაძის პოლიტიკური კარიერის დაცემის ეტაპი. გაბრწყინების და ზრდის ეტაპი, რაც იყო, ვერ გაამართლა, წარმატებას ვერ მიაღწია და წამოვიდა ქვემოთ. არ გამორიცხოთ, რომ ძალიან მალე გუნდიდან გაშვებულადაც ვიხილოთ“,- განაცხადა კერესელიძემ.
კერესელიძემ ასევე ისაუბრა კულტურის მინისტრის თანამდებობიდან თინათინ რუხაძის წასვლაზე. მისი თქმით, გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან იყო მიღებული და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, რა მიზეზით მოხდა მისი გათავისუფლება.
კერესელიძემ ასევე აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს, ყოფილ მინისტრს მომავალში პროკურატურაშიც მოუწიოს მისვლა და ჩვენების მიცემა.
„რა თქმა უნდა, რუხაძე გაუშვეს. აქ ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ, საკუთარი ნებით წავიდა. ამჯობინა საკუთარი ნებით გაწევა. ვერცერთ შემთხვევაში ის წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებდა, რომც ეცადა, ბევრად უფრო ცუდად დამთავრდებოდა მისი კარიერა. ძალიან მალე გამოჩნდება რატომ ჩათვალა „ქართულმა ოცნებამ“ მისი გაშვება საჭიროდ. შეიძლება ეს იყოს კორუფცია, „კლანების“ არსებობის მიზეზი, ვიღაცას აწყენინა, არ შეასრულა ჯეროვნად დაკისრებული პოლიტიკური დავალებები და ა.შ. ძალიან მალე გამოჩნდება რატომ წავიდა. ისიც ძალიან მალე გამოჩნდება, მოუწევს თუ არა მას პროკურატურაში მისვლა და ჩვენების მიცემა. მე ვფიქრობ, რომ მოუწევს.
საქმე იმაში კი არ არის რატომ გაათავისუფლეს, საერთოდ რატომ დანიშნეს ამ თანამდებობაზე? რა ნიშნით დაინიშნა, რა კრიტერიუმებით შეარჩიეს, რა დამსახურება და ცოდნები ჰქონდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სფერო - კულტურის სამინისტრო ჩააბარეს ამ ქალბატონს? ამიტომ, მისი მინისტრად დანიშვნა იყო არასწორი და შეცდომა“, - განაცხადა კერესელიძემ.