არაღიარების პოლიტიკაზე, იქნება ეს ნაურუ თუ სირია, რასაკვირველია მაკა ბოჭორიშვილს არავინ მოუსმენს, არავის დააინტერესებს მისი აზრი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ნინო კალანდაძემ ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე საუბრისას განაცხადა.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ არაღიარების პოლიტიკის წარმატებაში დასავლელ პარტნიორებთან კარგად ყოფნას „განმსაზღვრელი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“.
„იმ პირობებშიც კი, როცა ქვეყანა არის ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო და მას შეუძლია საკუთარი პოზიციების თამამად დაცვა, მას სჭირდება ძლიერი მოკავშირეები დასავლეთიდან. საქართველოს რომ დამოუკიდებლად შეეძლოს, მხოლოდ თავისი რესურსით გავიდეს სამშვიდობოს, მაშინ საერთოდ არ დადგებოდა აუცილებლობა იმისა, რომ რამე ეკონომიკური ან უსაფრთხოების ბლოკის წევრი ვიყოთ. ამის ფუფუნება აქვთ ერთეულ სახელმწიფოებს.
არაღიარების პოლიტიკაზე, იქნება ეს ნაურუ თუ სირია, რასაკვირველია მაკა ბოჭორიშვილს არავინ მოუსმენს, არავის დააინტერესებს მისი აზრი, არც არავინ შეხვდება და მით უმეტეს არც დაეთანხმებიან, „კარგი, უკან წავიღებთ ჩვენს აღიარებას“. აქ განმსაზღვრელი არის ის, რომ რუსეთი სუსტდება და ამას ხედავს მსოფლიო, მათ შორის ის სახელმწიფოები, რომლებმაც თავის დროზე რუსეთი, მოიაზრეს, როგორ მოკავშირე. ახლა ამის საჭიროებების გადახედვა მიმდინარეობს“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
ნინო კალანდაძის თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ არაღიარების პოლიტიკის წარმატება ნამდვილად განაპირობა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფოს პოლიტიკამ, თუმცა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო ფაქტობრივად არ გვყავს.
„არაღიარების პოლიტიკა რომ წარმატებული იყო, არის ქართული სახელმწიფოს დამსახურება და იმ სახელმწიფო მოხელეების დამსახურება, რომელთაც წლების მანძილზე დაუღალავი შრომა გასწიეს იმისთვის, რომ საერთაშორისო, ცივილიზებული სამყაროს არცერთ სახელმწიფოსა და დედაქალაქს ეს აღიარება არ მიეღო მოცემულობად იმ პირობებში, როდესაც რუსეთი საკმაოდ დიდ ძალისხმევას სწევდა და მყარად იდგა თავის გეოპოლიტიკურ კონტექსტში და პოზიციებზე. მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ იყო რუსეთთან მიმართებაში, როგორი პოლიტიკა ეწარმოებინა.
მაშინ არაღიარების პოლიტიკის წარმატება ნამდვილად განაპირობა საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფოს პოლიტიკამ. რაც შეეხება დღევანდელ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტრო ფაქტობრივად არ გვყავს. ეს არ არის დიპლომატიური სამსახური, რომელიც ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს, ეს საერთოდ არ არის დიპლომატიური სამსახური, დიპლომატიური ურთიერთობები პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს იმიტომ, რომ 2024 წლის შემდეგ, როდესაც ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაცია ბოლომდე არ არის აღიარებული ცივილიზებული სამაყროს ფარგვლებში, დიპლომატიური ურთიერთობები არის გაყინული. ჩვენ დიპლომატებს საერთაშორისო მისიებში არავინ ხვდება, არავინ იწვევს, არავინ გამარჯობას არ ეუბნება, არავინ საქმეზე არ ესაუბრება და არავინ მათთან ერთად საერთაშორისო პოლიტიკას და მათ შორის საქართველოს პოლიტიკას არ განსაზღვრავს. მათი მოსაზრება არ არის საინტერესო, ისინი იღებენ მხოლოდ საყვედურებს, კრიტიკას და მითითებებს, როგორ შეიძლება სამომავლოდ მოიქცნენ. დასჯილი ოროსანი ბავშვებივით არიან მიყუდებული კუთხეში იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ ვინმემ პატივი დასდო და სადმე მიიწვია. დიპლომატიური სამსახური არ ფუნქციონირებს, ეს არის ნოტარიულ ბიუროდ ქცეული უწყება, რომელიც მუშაობს მხოლოდ ისეთ დავალებებზე, რომელიც შედის ივანიშვილის ინტერესებში“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
რაც შეეხება საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ შეშფოთებული არიან სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნით, ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ ეს განცხადება გამორიცხავს ყველა თეორიულ შესაძლებლობას და ვარაუდს იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი ტრამპის ადმინისტრაციასთან რაღაც ტიპის პოზიტიურ დიალოგს აწარმოებს.
„გასაკვირია ის, რომ განცხადებას აკეთებს საელჩო, რომელსაც ჯერ ოფიციალურად ახალი წარმომადგენელი არ ჰყავს, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის განცხადება, რომელიც პირდაპირ ვაშინგტონიდანაა ნაკარნახევი, ეს არის ადგილზე დამოუკიდებლად, სიტუაციურად მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის მიზანმიმართული განცხადება, რომელიც სწორედ ამ მომენტისთვის შეირჩა. ეს მინიმუმ გამორიცხავს ყველა თეორიულ შესაძლებლობას და ვარაუდს იმის თაობაზე, რომ ივანიშვილი ტრამპის ადმინისტრაციასთან რაღაც ტიპის პოზიტიურ დიალოგს აწარმოებს. ეს პირდაპირი განაცხადია და გვეუბნება საქართველოს მოსახლეობას, რომ ჩვენ არანაირი კულუარულ მოლაპარაკებებში ივანიშვილთან არ ვართ, რომელიც შესაძლოა მის ლეგიტიმაციას ან „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას ემსახურებოდეს“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.