დავით დარჩიაშვილი - ვაჭრობის ფონზე, ივანიშვილმა შესაძლოა კობახიძე მოიცილოს და პრემიერად ისეთი პირი დანიშნოს, ვინც დასავლეთისთვის უფრო ცივილიზებულად გამოიყურება, ელისაშვილის მიმართ ასეთი სასტიკი მოპყრობა კი დაშინებისკენაა მიმართული

ხელისუფლება მოვლენებს იმას არქმევს, რაც თვითონ სურს - ეს კი სწორედ ამ ხელისუფლების ტერორისტულ ბუნებას აჩვენებს, რადგან ოპონენტების მიმართ ასეთი სასტიკი მოპყრობა დაშინებისკენაა მიმართული, რათა ხელისუფლებასთან ოპონირება არავის მოუნდეს, - ამის შესახებ ილიაუნის პროფესორმა დავით დარჩიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერისთვის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი, ახალი ბრალის წარდგენასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა.

როგორც დავით დარჩიაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ხელისუფლება მაფიოზური პრინციპით იმართება - არასდროს უნდა აჩვენო სისუსტე და ნებისმიერ შეურაცხყოფაზე შური მაქსიმალურად დისპროპორციულად უნდა იძიო, ოპონენტების დასაშინებლად და დასათრგუნად“.

ალეკო ელისაშვილის მიმართ ტერორიზმის ბრალდება აბსურდია, ტერორიზმი განმარტებულია, როგორც მოსახლეობის დაშინების მიზნით საჯარო ძალადობრივი აქტის ჩადენა. ამ შემთხვევაში ეს სად იყო? შესაბამისად, ხელისუფლება მოვლენებს იმას არქმევს, რაც თვითონ სურს. უშუალოდ ალეკოს მიმართ ასეთი სისასტიკე... ოდესღაც ის თავად იყო „ოცნების“ მომხრე, თუმცა ბოლო დროს მათთან გამორჩეულად დაპირისპირებული იყო. გვახსოვს ინციდენტი პარლამენტის საკომიტეტო მოსმენის დროს, როდესაც მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამუკა მდინარაძეს. ხელისუფლება მაფიოზური პრინციპით იმართება - არასდროს უნდა აჩვენო სისუსტე და ნებისმიერ შეურაცხყოფაზე შური მაქსიმალურად დისპროპორციულად უნდა იძიო, ოპონენტების დასაშინებლად და დასათრგუნად. ალეკო ამ მაფიოზური პოლიტიკის ერთ-ერთ სამიზნედ ამოირჩიეს. ეს კი სწორედ ამ ხელისუფლების ტერორისტულ ბუნებას აჩვენებს, რადგან ოპონენტების მიმართ ასეთი სასტიკი მოპყრობა დაშინებისკენაა მიმართული, რათა ხელისუფლებასთან ოპონირება არავის მოუნდეს“,- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

დავით დარჩიაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად საუკუნეების განმავლობაში აპრობირებულ არაჰუმანურ მეთოდებს იყენებს, რომელთა შორისაა ოპონენტთა დაშინება და ტერორი, ასევე მძევლებით ვაჭრობა. დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს საგარეო ვითარებისა და რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, სავაჭრო კოზირებად გამოიყენებს.

„ჩვენ არ ვსხედვართ ივანიშვილის ტვინსა და გულში, რათა ასპროცენტიანი სიზუსტით ავხსნათ მისი მოტივი ამა თუ იმ ქმედების დროს. თუმცა, ხელისუფლების დამოკიდებულება ოპოზიციისა და საზოგადოების მიმართ სწორედ ივანიშვილის სურვილებს ეფუძნება. შეიძლება ითქვას, რომ აქ იკვეთება ხელისუფლების ტაქტიკისა და ძალაუფლების შენარჩუნების „ოცნებისეული“ ტექნოლოგიის მეორე ნიშანი. პირველი ტერორისტული ქმედება იყო, ოპონენტის დაშინება და დათრგუნვა, ხოლო მეორე მძევლებით ვაჭრობაა. ეს ძალაუფლებისთვის ბრძოლის ტიპური, საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი ხერხია და ხელისუფლება მას აქტიურად იყენებს. ის კარგად ფლობს საუკუნეების სიღრმეში არსებულ, არაჰუმანურ მეთოდებს და ვაჭრობს ყველასთან. გათვლა შესაძლოა ყოველთვის ზუსტი ვერ იყოს, რადგან ყველაფერი ცვალებად გარემოზეა დამოკიდებული, რა სიგნალი წამოვა დასავლეთიდან, რა მდგომარეობა იქნება რუსეთში ან რა პროცესები განვითარდება უკრაინაში, ირანში თუ კავკასიაში. სწორედ ამის მიხედვით შეეცდება ხელისუფლება, მძევლები კოზირებად გამოიყენოს“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

ასევე, პოლიტოლოგმა სამთავრობო ცვლილებებიც შეაფასა, კერძოდ, მამუკა მდინარაძის რეგიონული განვითარების სახელმწიფო მინისტრად დანიშვნა. დავით დარჩიაშვილის შეფასებით, მამუკა მდინარაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პირად დასაყრდენს წარმოადგენს, თუმცა ის არც „ქართული ოცნების“ გუნდში და არც უშუალოდ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის ნდობას არ იწვევს.

„არ მახსენდება შემთხვევა, რომ მამუკა მდინარაძეს რეგიონული პრობლემების გადაჭრაში გამოეჩინოს თავი, ეს მისი პროფილი არასდროს ყოფილა. თუმცა, არც სუს-ის ხელმძღვანელობა ყოფილა მისი სფერო. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრს მის მიმართ განსაკუთრებული სიმპათია აქვს, მასში ერთგულ კადრს ხედავს და ვერ ელევა. ამავდროულად ჩანს, რომ მდინარაძე დანარჩენ გუნდში დიდ ნდობას არ იწვევს, რის გამოც ვერცერთ პოზიციაზე ხანგრძლივად ვერ ჩერდება და ახლა გარდამავალ მდგომარეობაშია. საბოლოო ჯამში, ყველა გადაწყვეტილება მაინც ივანიშვილამდე მიდის. თუმცა, რამდენად ინტერესდებოდა იგი მდინარაძის ქცევით, ან აწვდიდა თუ არა მასზე ვინმე უარყოფით ინფორმაციას, ამას ვერ გეტყვით. ფაქტია, რომ მდინარაძე არც ივანიშვილში იწვევს განსაკუთრებულ ნდობას, ხოლო კობახიძეს მის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს და საკუთარ მთავარ დასაყრდენად მიაჩნია.

წინა პრემიერების შემთხვევაშიც მკაფიოდ ჩანდა ივანიშვილის პირადი ეჭვიანობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ მას უნდობლობა უჩნდება. ვინაიდან პრემიერ-მინისტრი კონსტიტუციით პრემიერ-მინისტრი პირველი პირის პრეროგატივას ფლობენ, ხოლო ივანიშვილის გავლენა სრულიად არაფორმალურია, მას მუდმივად აქვს შიში, რომ ერთ დღესაც ვინმე თავის ფორმალურ ბერკეტებს გამოიყენებს. ყველა საკადრო ცვლილება სწორედ ამ ეჭვებით არის განპირობებული.

არ გამოვრიცხავ, გარკვეულ ეტაპზე ივანიშვილს იგივე დამოკიდებულება გაუჩნდეს კობახიძის მიმართაც. თუმცა კობახიძე ივანიშვილის მისამართით ქებას არ იშურებს და არც იმის ნიშნებს ავლენს, რომ საკუთარ კლანს ქმნის, რის გამოც ივანიშვილის ნდობა მის მიმართ შედარებით ხანგრძლივი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მასაც იგივე დასასრული ელის, საგარეო ვითარების ცვლილებისა თუ პოლიტიკური ვაჭრობის ფონზე, ივანიშვილმა შესაძლოა ირაკლი კობახიძე განტევების ვაცად აქციოს, მოიცილოს და პრემიერად ისეთი პირი დანიშნოს, ვინც დასავლეთისთვის უფრო ცივილიზებულად გამოიყურება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

პოლიტოლოგმა ასევე შეაფასა MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ ახალი მოძრაობის დაფუძნება, რომლის მიზანიც, ორგანიზატორების განმარტებით, „ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვაა“.

„ხელისუფლების ქცევის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს ვბრუნდებით, ეს დაშინებაა. ამ ტაქტიკის შემადგენელი ნაწილია მსგავსი ჯგუფების ფორმირებაც. შეურაცხყოფის საკითხები ცივილიზებულ საზოგადოებაში მხოლოდ სასამართლოს გზით უნდა წყდებოდეს და არა ასეთი კვაზი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნებით, რომლებსაც ძალოვან ბერკეტებზე მიუწვდებათ ხელი. ეს ყველაფერი ისტორიას უკვე გავლილი აქვს, ეს ავტორიტარიზმის პირდაპირი გამოვლინებაა“,- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება