ახლა სუფრაზე გაციებული ხაშლამის ჩამოტარების პროცესს ვუყურებთ, რომელიც არავის უნდა, - ასე შეაფასა “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო კირთაძემ მთავრობაში დაგეგმილი მორიგი სტრუქტურული ცვლილება და უშუალოდ მამუკა მდინარაძის ირგვლივ მიმდინარე პროცესები.
როგორც მან “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, შესაძლოა, მამუკა მდინარაძემ პოლიტიკური კარიერა ციხეში დაასრულოს.
„ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელიდან მამუკა მდინარაძე უკვე პოლიტიკურად განწირულია. შესაძლებელია, მან იმ პენიტენციურ დაწესებულებაში პოვოს ახლო მომავალში ადგილი, სადაც მისი ყოფილი კოლეგები იმყოფებიან. ამის უამრავი მიზეზია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მიზეზები არ სჭირდება. ჩვენ ზუსტად ვიცით ღარიბაშვილთან დაკავშირებით რა იყო. ღარიბაშვილს და ლილუაშვილს კორუფციაზე როცა იჭერ, ამ ქვეყანაში 14 წელი კორუფციის მეტი არაფერი გაუკეთებია თვითონ ბიძინა ივანიშვილს, მან დაუშვა ეს კორუფცია. ვიღაცას რომ გამოარჩევ და კორუფციის ბრალდებით ციხეში ჩასვამ, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ რაღაც მოტივების და წყენის გამო გადაწყვიტა ამ ადამიანების პოლიტიკურად „გაფუჭება“ და მამუკა მდინარაძეც ზუსტად იდენტურ მდგომარეობაშია. ახლა სუფრაზე გაციებული ხაშლამის ჩამოტარების პროცესს ვუყურებთ, რომელიც არავის უნდა. კობახიძე, სავარაუდოდ თავისი სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე ცდილობს რაღაც შეახვედროს მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური გავლენა უკვე ნულოვანია. ახლო მომავალში შეიძლება პარტიის რეგიონული ორგანიზაციის კოორდინატორად დაამთავროს ან ციხეში“, - განაცხადა თენგო კირთაძემ.
მისი თქმით, მამუკა მდინარაძეს არანაირი ამოცანა არ ექნება შესასრულებელი და ის ბიძინა ივანიშვილმა ყველას საჩვენებლად „გააფუჭა“.
„დამოკლეს მახვილია“ ჩამოკიდებული მამუკა მდინარაძეზე და ელოდება ბელადის გადაწყვეტილებას. გლადიატორების ბრძოლა ხომ გვახსოვს, როცა იმპერატორები უნდა გამოსულიყვნენ. ახლა იმ პროცესში არიან, როცა ელოდება ბიძინა ივანიშვილი ხელს ქვემოთ აჩვენებს თუ ზემოთ, ანუ გადარჩება თუ არა მამუკა მდინარაძე. ბატონი ლილუაშვილიც გვახსოვს ზუსტად ამ ფრაზით გააცილეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, შემდეგ იქაც არ დანიშნეს და ახლა ვიცით, სადაც არის. მამუკა მდინარაძის პერიოდი ქართულ პოლიტიკაში და ზოგადად, „ქართულ ოცნებაში“ დამთავრებულია. ეს გუნდის შიგნითაც ყველას ესმის, რომ თუ პოლიტიკური ლიდერი გყავს, რა შეცდომაც არ უნდა დაუშვას, მაშინ ასე არ უნდა „გაააფუჭო“. საჩვენებლად „გააფუჭა“ მამუკა მდინარაძე“,-განაცხადა თენგო კირთაძემ.
გარდა ამისა, მან ოპოზიციურ სპექტრში არსებული ვითარებაც შეაფასა და განმარტა, რომ „ოპოზიციური ალიანსი“ არ დაშლილა. მისი თქმით, „ოპოზიციური ალიანსის“ იდეა მდგომარეობდა შემდეგში, რომ შეკრებილიყვნენ პოლიტიკური სუბიექტები კონკრეტული პრინციპების ირგვლივ, კონკრეტული წესებით ემოქმედათ და ებრძოლათ, როგორც პოლიტიკურ სუბიექტებს.
„ერთად იყო რიგი ღონისძიებები, რომელიც ალიანსის სახელით ჩატარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სუბიექტებმა თვითონ პოლიტიკურად იარსებონ. ამისთვის საჭიროა, ჰქონდეთ შინაარსი, ამ შინაარსის გავრცელება შეძლოს მოქალაქეებში და ასე გაიზარდონ. იმისთვის, რომ „ოპოზიციურ ალიანსს“ ძალა ჰქონდეს, ერთი და ორი პარტია არ უნდა მოექაჩებოდეს მხოლოდ. ყველა უნდა აქტიურობდეს და ყველა აკეთებდეს საქმეს“,-განაცხადა კირთაძემ.
ასევე, კირთაძემ ისაუბრა იმაზე, უნდა დაიწყონ თუ არა ოპოზიციურმა პარტიებმა მუშაობა საარჩევნო წესებზე.
„ჩვენ არ ვართ ბოიკოტისები. „ბოიკოტისები“ შეგვარქვეს იმ ადამიანებმა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ყველაფერზე დათანხმდნენ, მათ შორის სისტემურ ოპოზიციაზე. სინამდვილეში, ეს არის საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა, რომ არჩევნებს აზრი დაუბრუნდეს. სწორედ ამაზე უნდა იყოს საუბარი პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში, რა წარმოგვიდგენია სამართლიან არჩევნებში? ამის შესახებ ალიანსმა უკვე მოამზადა თავისი დოკუმენტი და საზოგადოებას გააცნო. ჩვენ შეგვიძლია გაფართოებულ ფორმატში ყველა პოლიტიკური სუბიექტი დავსხდეთ ერთად და ერთ კონფესიაზე ჩამოვყალიბდეთ, რა მიგვაჩნია სამართლიან არჩევნებად და ამის ირგვლივ შემოვიკრიბოთ საზოგადოება და ამ არჩევნების მიზნის დასაბრუნებლად ვიბრძოლოთ. უნდა მოემზადოს თუ არა ოპოზიცია არჩევნებისთვის?- ამ კითხვის შინაარსი არ მესმის. სხვა დროს რას აკეთებენ? მართლა მაინტერესებს, რა ჰგონიათ ამ ადამიანებს პოლიტიკური საქმიანობა?!. ამ პროცესში სულ ვართ, ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა. ყველა არჩევნებისთვის ვემზადებით იმისთვის, რომ ქართველებმა დავიბრუნოთ უფლება, ამ ქვეყანაში არჩევნებს სამართლიანი არჩევნები ეწოდოს“, - განაცხადა კირთაძემ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, რომ საქართველოში არჩევნებს აზრი არ აქვს, მან განმარტა, რომ ამ პროცესში ის საინტერესო ფიგურა არ არის.
„თუ ასეთი პერსონისთვის საკუთარი თავი ხდება გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე პროცესის შინაარსი და მთლიანი ფსონი, რაც დევს, ის საინტერესო არ არის. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილია ამ პროცესში საინტერესო არ არის“, - განაცხადა კირთაძემ.
რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” ახალი სახის, ნანუკა ჟორჟოლიანის პოზიციას, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს, თენგო კირთაძემ უპასუხა: „მომიტევეთ, მაგრამ სამხრეთ კავკასიელი სუნ ძის მოსაზრებებთან დაკავშირებით მე კომენტარს არ გავაკეთებ“.