ადვოკატი - პოლიციელი, რომლის მიმართ ალეკო ელისაშვილს შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან, სავარაუდოდ, შოთა ჭიპაშვილია - ის ელისაშვილმა პროცესზე ამხილა, რომ ჭიპაშვილმა მის წინააღმდეგ სასტიკი მოპყრობა ჩაიდინა

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, პოლიციელი, რომლის მიმართაც პოლიტიკოსს შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან, სავარაუდოდ, შოთა ჭიპაშვილია.

ამ წუთებში, რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში ალეკო ელისაშვილს რიგით მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებას ოფიციალურად აცნობენ. ადვოკატის შეფასებით, ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

„რამდენიმე წუთში, სახელმწიფო ბრალდება ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ აბსურდულ, რიგით მეოთხე, სისხლის სამართლის საქმეზე ბრალს წარუდგენს. ეს არის აბსურდული საქმე. მოგეხსენებათ, ეს საქმე ეხება ტერორისტული აქტის საქმის განხილვის დროს მოწმეზე ე.წ. შეურაცხყოფის მიყენებას. მე ახლა ამ საკითხს [პოლიციელის ვინაობას]ვერ დაგიდასტურებთ, ვინაიდან საქმის მასალები არ მინახავს, მაგრამ ვარაუდია, რომ შოთა ჭიპაშვილზეა საუბარი. ის ალეკო ელისაშვილმა პროცესზე ამხილა, რომ მან მის წინააღმდეგ სასტიკი მოპყრობა ჩაიდინა, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ალეკო ელისაშვილს აღენიშნებოდა მძიმე დაზიანებები სახის არეში, ხელის არეში, სისხლი სდიოდა ხელიდან, თუმცა, ვხედავთ შერჩევით სამართალს და ნაცვლად იმისა, რომ გამოძიება დაწყებულიყო არაადამიანურ მოპყრობაზე და ძალაუფლების გადამეტებაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილმა მხოლოდ და მხოლოდ მითითება, შენიშვნა მისცა და მოუწოდა მოწმეს, აღიარება მიეცა სასამართლოს წინაშე, თუ რას სჩაიოდა ის მის მიმართ. თუმცა, ელისაშვილი ჯერ სასამართლომ გააჩერა და დაემუქრა გაძევებით, შემდეგ უკვე პროკურატურამ დაიწყო ახალი სისხლის სამართლის საქმე. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნა და ეს არის მეოთხე სერია, რადგან მანამდე იყო ალი ბაბაევის საქმე, ტერორისტული აქტის ორი საქმე და ეს არის მეოთხე საქმე, თითქოს, სასამართლოს მიაყენა შეურაცხყოფა. თუმცა, ვერანაირი მტკიცებულება ვერ იქნება საქმეში, რადგან ამ სასამართლო სხდომებს ვესწრებოდი, იქ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში რიგით მე-4 სისხლის სამართლის საქმეზე ბრალს წაუყენებენ. საქმე ეხება სასამართლოში დაკითხული მოწმის, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის, სავარაუდოდ, შოთა ჭიპაშვილის მიმართ გამოხატულ უპატივცემულობას.

ელისაშვილს ბრალს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგენენ, რაც სასამართლოს უპატივცემლობას გულისხმობს.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება