ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტი იმისთვის, რომ პრეპარატ „ჯივინოსტატით“ იმკურნალოს

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, თუ რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი იმისთვის, რომ პრეპარატ „ჯივინოსტატით“ იმკურნალოს.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პრეპარატის გამოყენება იწყება 6 წლის ზემოთ ასაკიდან და პაციენტს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი უნდა გააჩნდეს.

“რაც შეეხება “ჯივინოსტატის” გამოყენების კრიტერიუმებს, თუ ვისთან მიმართებით იქნება გამოყენებადი, ძირითადი ფაქტორი არის ის, რომ 6 წლამდე არ გამოიყენება ეს მედიკამენტი, 6 წლიდან იწყება. დაწყების საფუძველია, რომ გადაადგილების უნარი უნდა გააჩნდეს. სხვათა შორის, გადაადგილების უნარიც საჭიროებს დაზუსტებას. აქ იგულისხმება ის, რომ შეეძლოს დამოუკიდებლად ნაბიჯების გადადგმა. შესაბამისად, ამის მიხედვით განისაზღვრება. კრიტერიუმი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვეული მახასიათებლები. აქ საუბარია მაგალითად იმაზე, რომ თრომბოციტების კონკრეტული დონე უნდა იყოს, რომ დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს და ა.შ. ამ ასაკობრივი ჯგუფის უდიდესი უმრავლესობისთვის, თუ არა 100 %-ისთვის იქნება ეს მედიკამენტი ხელმისაწვდომი. ვისთვისაც არა, იქაც არსებობს შესაძლებლობა, რომ შემდეგ ჩაერთოს ამ პროგრამაში”, - განაცხადა სარჯველაძემ.

მინისტრის განმარტებით, 6 წელზე ზემოთ პაციენტი, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია, დაახლოებით 30-35-ია. ამასთან, მისი თქმით, იტალიელები გამოთქვამენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და ერთად მომზადდეს პროგრამა, რომ გამართულად ფუნქციონირებდეს.

რაც შეეხება სხვა პრეპარატის შემოტანის საკითხს, ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დასრულდება. მინისტრმა აღნიშნული პრეპარატის სახელწოდება არ დააკონკრეტა.

“ძალიან მალე შეიძლება დასრულდეს. არ ვაპირებთ ამასთან დაკავშირებით დიდხანს ფიქრს, რადგან საკმაოდ ნათლად არის გამოკვეთილი, ყველა ფაქტორის მხედველობაში მიღებით, ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული”, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. მისივე თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ მედიკამენტს შეიძენს და შეიტანს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“