ზვიად გაბისონია - თუ სტუდენტი მესამე სემესტრიდან მხოლოდ ერთ საგანში ვერ მიიღებს კრედიტს, მაგრამ მომდევნოში ყველა კრედიტს დააგროვებს, სრული დაფინანსება აღუდგება - საუბარია არა აკადემიურ მიღწევებზე, არამედ საკმარისი კრედიტების დაგროვებაზე

განათლების მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია განმარტავს, კონკრეტულად რას გულისხმობს მთავრობის ახალი დადგენილება უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად და უპირობოდ ფარავს სახელმწიფო, ხოლო იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს, უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, ანუ სემესტრში ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს მხოლოდ ერთი საგანი.

გაბისონიას განმარტებითვე, საუბარი არ არის სწავლის შედეგებზე, აკადემიურ მიღწევებსა და ქულებზე და საუბარია მხოლოდ საკმარისი კრედიტების დაგროვებაზე.

„როგორც მოგეხსენებათ, 2026-2027 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასოა. ეს ნიშნავს, რომ პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად და უპირობოდ ფარავს სახელმწიფო.

იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, ანუ ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს ერთი საგანი. ასეთ შემთხვევაში მისი სრული დაფინანსება გაგრძელდება, ხოლო თუ ვერ აითვისა 80%-ზე მეტი, სახელმწიფო მას გადაუხდის სწავლის საფასურის 50%-ს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სტუდენტი მესამე სემესტრიდან უზრუნველყოფს კრედიტების 80%-ზე მეტის დაგროვებას, სახელმწიფო გააგრძელებს მისი სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას.

ეს მიდგომა გავრცელებული პრაქტიკაა მსოფლიოში და გახლავთ მსოფლიო ბანკის ექსპერტების რეკომენდაცია.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტუდენტი მესამე სემესტრიდან მხოლოდ ერთ საგანში ვერ მიიღებს კრედიტს, მაგრამ მომდევნო სემესტრში ყველა კრედიტს დააგროვებს, სრული დაფინანსება კვლავ აღუდგება.

აქ საუბარი არ არის სწავლის შედეგებზე, აკადემიურ მიღწევებსა და ქულებზე, საუბარია მხოლოდ საკმარისი კრედიტების დაგროვებაზე. საგანში 51-ქულიანი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში იგულისხმება, რომ სტუდენტს კრედიტი უკვე მოპოვებული აქვს.

მნიშვნელოვანია, რომ თუ სტუდენტი, 50%-იანი დაფინანსების მიღების შემდეგ, აღადგენს 100%-იან საკრედიტო შედეგს, სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს მისი სწავლის ღირებულების სრულ დაფინანსებას“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება