დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვის მამის, კახა წიქარიშვილის განცხადებით, აგვისტოს თვე იქნება მოსამზადებელი პერიოდი როგორც ექიმების გადამზადების, ასევე მატერიალური ბაზის, ხოლო მედიკამენტს ბავშვები სექტემბერში მიიღებენ.
როგორც წიქარიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მეორე მედიკამენტი, რომლის სახელსაც არ აცხადებენ, უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მისი მიღება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ყველა ბავშვს შეუძლია.
„მეორე მედიკამენტის სახელს ჯერ არ ვამბობთ. დიახ, ის უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ყველა პაციენტს შეუძლია მიიღოს. აგვისტოს თვე უნდა იყოს მოსამზადებელი პერიოდი, რაც სჭირდება ექიმების გადამზადებას, მატერიალური ბაზის მომზადებას და უკვე სექტემბრიდან დაიწყება „ჯივინოსტატის“ მიღება. იმედი გვაქვს, რომ მეორე წამალიც დაგვეწევა სექტემბრის ბოლოს“,- განაცხადა წიქარიშვილი.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით, სავარაუდოდ ერთ კვირაში დასრულდება.
„თავიდან ჩვენ ვითხოვდით ოთხ მედიკამენტს. აქედან ორი არის ევროპის სამედიცინო სააგენტოს მიერ აპრობირებული. ამ ორ მედიკამენტზე შევთანხმდით ხელისუფლებასთან. ხელისუფლებაც დაგვეთანხმა ამ ორ მედიკამენტზე, რომელიც ევროპის ფარგლებში არის აღიარებული, როგორც ეფექტური და უსაფრთხო. დღეს ხელი მოეწერა აქედან ერთ მედიკამენტზე. „ჯივინოსტატი“ არის წამყვანი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება მოსიარულე პაციენტებში, საქართველოში ამ მედიკამენტს მიიღებს 30-40 ბავშვი.
შეთანხმება არ გვაქვს მიღწეული მეორე წამალზე. კომპანიასთან მოლაპარაკებები არ დასრულებულა. მეორე წამალი არის ის, რომელიც ყველა ბავშვზე ვრცელდება. დაახლოებით, ერთ კვირაში ველოდებით, რომ შეთანხმება დასრულდება მეორე მედიკამენტზეც“,- განაცხადა წიქარიშვილი.
მისივე თქმით, მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსა და მწარმოებელ კომპანიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები გაჭიანურდა, რის გამოც პროცესში თავად მშობლებიც ჩაერთნენ.
წიქარიშვილის თქმით, მშობლებისთვის ცნობილია, რა მიზეზით ჭიანურდება მოლაპარაკებები, თუმცა ამ ეტაპზე დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებენ.
მისივე განცხადებით, თუ საჭირო გახდება, მშობლები იმ ქვეყანაშიც ჩავლენ, სადაც აღნიშნული მედიკამენტი იწარმოება, რათა პროცესში უშუალოდ ჩაერთონ.
„ჩვენ ყოველ კვირას გვაქვს შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან. ჩვენთვის ცნობილია მიზეზები, თუ რის გამო გაჭიანურდა მოლაპარაკებები, მაგრამ ამას ჯერჯერობით ვერ ვამბობთ. აქამდე ჩვენ [მშობლები] არ ვერეოდით ამ პროცესში, მაგრამ დღეს დავუკავშირდით კომპანიას, ვესაუბრეთ და მოვითხოვეთ, რომ თუკი მოლაპარაკება ვერ სრულდება, მაშინ იქნება მშობლები ჩავერთოთ და ჩვენ ვთქვათ ჩვენი სათქმელი. ჯერ პასუხი არ მიგვიღია და არ არის გამორიცხული ჩვენც ჩავერთოთ ამ პროცესში. არც ის არის გამორიცხული, ჩვენც ჩავიდეთ იმ ქვეყანაში, სადაც ეს მედიკამენტი იწარმოება“,- აცხადებს წიქარიშვილი.