განათლების მინისტრი დეზინფორმაციულს უწოდებს ინფორმაციას, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სრული სახელმწიფო დაფინანსების შესანარჩუნებლად, სტუდენტს მაღალი აკადემიური მოსწრება დასჭირდება

განათლების მინისტრი გივი მიქანაძე განმარტავს, რა პირობის დაკმაყოფილება მოუწევს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს იმისთვის, რომ სრული სახელმწიფო დაფინანსება შეინარჩუნოს.

მინისტრი დეზინფორმაციულს უწოდებს ინფორმაციას, რომ სრული სახელმწიფო დაფინანსების შესანარჩუნებლად, სტუდენტს მაღალი აკადემიური მოსწრება დასჭირდება, მისი განმარტებით, საუბარია მხოლოდ საკმარისი კრედიტების მოპოვებაზე.

,,საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, მისმა საპატიო თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა მიიღეს გადაწყვეტილება 2026-27 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის უფასო სწავლის შემოღებასთან დაკავშირებით.

ეს წესი გაიწერა იმ დადგენილებაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ ორი დღის წინ დაამტკიცა. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, კონკრეტული ჯგუფებისა და ადამიანების მხრიდან, მიზანმიმართულად ვრცელდებოდა გარკვეული სახის არასწორი ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოებაში დაბნეულობის შემოტანას და არასწორი აღქმების შექმნას.

სწორედ ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ დეტალურად განვუმარტოთ საზოგადოებას, თუ რას მოიცავს დაფინანსების ეს მოდელი თითოეული იმ სტუდენტისთვის, რომელიც უკვე სექტემბრიდან სწავლას დაიწყებს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ამ მოდელის თანახმად, პირველი ორი სემესტრი სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება - სტუდენტსა და ოჯახს არ უწევს უნივერსიტეტში არაფრის გადახდა. თუმცა, ამ ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტმა უკვე უნდა უზრუნველყოს, რომ დააგროვოს დადგენილი კრედიტების მინიმუმ 80%, იმისთვის, რომ მესამე სემესტრში შეუნარჩუნდეს 100%-იანი დაფინანსება. შემდგომში უკვე ყოველ სემესტრზე გავრცელდება ანალოგიური პრინციპი.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი 80%-ს ვერ დააგროვებს, ასეთ მოცემულობაში სახელმწიფო მაინც შემოდის თანადაფინანსებაში. კერძოდ, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, რეკომენდებული იყო, რომ დაახლოებით 15%-ზე ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც ამ დადგენილებაში უკვე სამართლებრივი კუთხით აისახა, და თუკი სტუდენტი საკმარისი რაოდენობის კრედიტებს ვერ დააგროვებს იმისთვის, რომ 100%-იანი დაფინანსება მოიპოვოს, შემდეგი სემესტრისთვის სწავლის გადასახადის 50% მაინც დაუფინანსდება.

ამავდროულად, სტუდენტს ეძლევა საშუალება, რომ მომდევნო სემესტრში დამატებითი საგნები აიღოს და მიიღოს იმ კრედიტების რაოდენობა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, შემდეგი სემესტრიდან კვლავ აღიდგინოს სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება.

ამასთანავე, სოციალურ ქსელებში ვრცელდება სრულიად დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაცია, თითქოს საჭირო არის მაღალი აკადემიური მოსწრება იმისთვის, რომ სტუდენტმა სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება მიიღოს. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. სტუდენტმა თითოეულ საგანში უნდა მიიღოს 51 ქულა, ანუ მინიმალური ზღვარი გადალახოს იმისთვის, რომ მას კრედიტი დაუფიქსირდეს. არ აქვს მნიშვნელობა, კრედიტს მაღალი ქულებით მოიპოვებს თუ დაბალი ქულებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს მის ფინანსურ მხარდაჭერას.

აღნიშნული მოდელი შემუშავდა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან აქტიური თანამშრომლობით, სხვადასხვა ქვეყნებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. შესაბამისად, დაფინანსების ახალი მოდელი სრულიად თავსებადია მსოფლიოს იმ ქვეყნების მოდელებთან, რომლებიც უნივერსიტეტებში სტუდენტებს სწავლის სრულ დაფინანსებას სთავაზობენ.

რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოს მხრიდან უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა თითოეული სტუდენტისთვის, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩაირიცხება.

ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობა და მათი სწავლა, შრომა და მიზანდასახულობა დაფასდეს”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“