თინა ბოკუჩავა - „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა არ იყო უფლებამოსილი, რადგან პოლიტსაბჭო შედგება 130 ადამიანისგან, სხდომას კი ესწრებოდა 40-მდე ადამიანი - კვორუმით მანიპულირება ძალიან ჰგავს იმ „ქოცურ“ მეთოდებს, რომლითაც ივანიშვილი ოპერირებს

კვორუმით მანიპულირება და პოსტ- ფაქტუმ ხელმოწერების შეგროვება და იმის მტკიცება, თითქოს კვორუმი სხდომაზე ფიზიკურად არ მყოფი და დისტანციურად ჩართული ადამიანებით შედგა, ძალიან ჰგავს იმ „ქოცურ“ მეთოდებს, რომლითაც ივანიშვილი ოპერირებს ბოლო 14 წლის განმავლობაში - „ქოცებთან“ ბრძოლაში „ქოცებს“ ხომ ვერ დავემსგავსებით! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ „ტვ პირველის“ ეთერში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც თავად არ ესწრებოდა.

თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომას, რომელმაც მათ შორის ყრილობის ჩატარების თარიღი განსაზღვრა, 40-მდე წევრი ესწრებოდა, მაშინ როდესაც პოლიტიკური საბჭო 130 ადამიანისგან შედგება. შესაბამისად, ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ სხდომა არაუფლებამოსილი იყო.

„ყრილობის ჩატარებამდე, მე ვასრულებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას. გარდა იმისა, რომ გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომას არ ვესწრებოდი მე, მას არ ესწრებოდა თავმჯდომარის არც ერთი მოადგილე, არ იმყოფებოდნენ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული ლიდერები და მეტიც, რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, გუშინდელ სხდომაზე იმყოფებოდა 40-მდე ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სხდომა არ იყო საერთოდ უფლებამოსილი, იმიტომ რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო შედგება 130 ადამიანისგან. უნდა იყოს კვორუმი, რომ სხდომა იყოს უფლებამოსილი გადაწყვეტილებების მისაღებად, მათ შორის, ყრილობის თარიღის ჩასანიშნად და შესაბამისი დელეგატების განსასაზღვრად და ყველა იმ პროცედურის დასადგენად, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ყრილობა ყველა წესით და კანონის დაცვით იყოს მოწვეული. თუ არალეგიტიმური პოლიტსაბჭოს სხდომის საფუძველზე ხდება ყრილობის მოწვევა, ეს ძალიან დიდი გამოწვევების და ძალიან დიდი საფრთხის წინაშე აყენებს პარტიას. კვორუმით მანიპულირება და პოსტ- ფაქტუმ ხელმოწერების შეგროვება და იმის მტკიცება, თითქოს კვორუმი სხდომაზე ფიზიკურად არ მყოფი და დისტანციურად ჩართული ადამიანებით შედგა, ძალიან ჰგავს იმ „ქოცურ“ მეთოდებს, რომლითაც ივანიშვილი ოპერირებს ბოლო 14 წლის განმავლობაში.

პეტრე ცისკარიშვილმა მიიღო დავალება პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან, რომ რაც შეიძლება მალე ჩატარებულიყო ყრილობა, იმისთვის, რომ ის ცვლილებები განხორციელდეს, რაც მას აქვს დასახული და ეს მისი გადასაწყვეტია. მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს არის მიშას პარტია, ყოველთვის იყო მიშას პარტია და ყოველთვის იქნება მიშას პარტია, ამიტომ მას აქვს სრული ლეგიტიმური უფლება, რომ ის ცვლილებები გაატაროს, რაც მას სურს, მაგრამ ამ შემთხვევაში მან თუ გასცა ასეთი დავალება და ბრძანება, რომ ჩაინიშნოს ყრილობა, როგორც მინიმუმ, იმის უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა მთავარ პასუხისმგებელ პირს, რომ წესის, რიგის და კანონის დაცვით მომხდარიყო ეს და არა გაყალბებული ხელმოწერების ხარჯზე. ელემენტარულს ვამბობ, „ქოცებთან“ ბრძოლაში „ქოცებს“ ხომ ვერ დავემსგავსებით“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება იმას, დაესწრება თუ არა თინა ბოკუჩავა პარტიის ყრილობას, რომელიც 5 აგვისტოს არის ჩანიშნული, თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია არსებული კითხვის ნიშნების მოხსნაზე, რაზეც მისი თქმით, პარტიის გენერალურ მდივანთან პეტრე ცისკარიშვილთან ჰქონდა კომუნიკაცია.

„ბუნებრივია, მე ახლა ვერანაირ სიყალბეში მონაწილეობას ვერ მივიღებ”.- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა 30 ივლისს ჩატარდა და ყრილობის გამართვის თარიღად 5 აგვისტო განსაზღვრა.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“