ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ - ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც ძალიან კარგია , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.
მისი შეფასებით, ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უსამშობლო ადამიანები ამოიცნეს, შესაბამისად, არ მოსწონთ ერთმანეთი, რაც ერთგვარი ნონსენსია.
„ოპოზიცია მთლიანად მოშლილია. ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც ძალიან კარგია. უკვე დაინახეს ის, რასაც ქართველი ხალხი ამდენი ხნის განმავლობაში ხედავდა - ერთმანეთში უსამშობლო ადამიანები ამოიცნეს, შესაბამისად, არ მოსწონთ ერთმანეთი, რაც ერთგვარი ნონსენსია, მაგრამ ასეა! მანამდე ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს აგენტურა, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ. ეს მათ შორის, იმის გამოძახილია, რომ ეს ადამიანები იბრძვიან საკუთარი პოზიციებისთვის საკუთარი პატრონების წინაშე. საბოლოო ჯამში, ეს არის ამ დაპირისპირების მიზეზი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ 30 ივლისს ჩატარებული პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა უფლებამოსილი არ იყო, რადგან პოლიტსაბჭო 130 ადამიანისგან შედგება, სხდომას კი 40-მდე ადამიანი ესწრებოდა.
მისი თქმით, „კვორუმით მანიპულირება და პოსტ- ფაქტუმ ხელმოწერების შეგროვება და იმის მტკიცება, თითქოს კვორუმი სხდომაზე ფიზიკურად არ მყოფი და დისტანციურად ჩართული ადამიანებით შედგა, ძალიან ჰგავს იმ „ქოცურ“ მეთოდებს, რომლითაც ივანიშვილი ოპერირებს ბოლო 14 წლის განმავლობაში“.
მოგვიანებით აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე და განაცხადა, რომ „თანამდებობის შენარჩუნების ასეთი უბადრუკი მცდელობა პირველად ნახა“. როგორც ანა წითლიძე აღნიშნავს, პოლიტიკოსს წასვლა ღირსეულად უნდა შეეძლოს.