თუ სემესტრის განმავლობაში ორ საგანს ვერ აბარებს სტუდენტი, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებითად საფუძვლიანად არ არის ჩართული სასწავლო პროცესში - ამ შემთხვევაში უკვე მესამე სემესტრიდან გათვალისწინებულია დაფინანსების შემცირება, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს: სტუდენტებისთვის მოტივაციის გაზრდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კობახიძის თქმით, უფასო სწავლებასთან ერთად მათ გაითვალისწინეს მექანიზმები, რომელიც სტუდენტებს მოტივაციას შეუნარჩუნებს.
„უფასო უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო განცხადება გაკეთდა. პირველად საქართველოში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლება იქნება უფასო სტუდენტებისთვის. აქ, რა თქმა უნდა, გარკვეული მექანიზმებია დანერგილი იმისთვის, რომ სტუდენტებმა არ დაკარგონ მოტივაცია და იმ შემთხვევაში, თუ სემესტრის განმავლობაში ორ საგანს ვერ აბარებს სტუდენტი, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებითად საფუძვლიანად არ არის ჩართული სასწავლო პროცესში. ამ შემთხვევაში უკვე მესამე სემესტრიდან გათვალისწინებულია დაფინანსების შემცირება, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს - სტუდენტებისთვის მოტივაციის გაზრდა. რა თქმა უნდა, დაფინანსება სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაპირებისამებრ არის თავიდან ბოლომდე უფასო. ამასთან ერთად ჩვენ გავითვალისწინეთ მოტივაციის შენარჩუნების ინსტრუმენტები სტუდენტებისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან, სრული გრანტის შესანარჩუნებლად, სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ.
განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განმარტებით, პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად და უპირობოდ ფარავს სახელმწიფო, ხოლო იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს, უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, ანუ სემესტრში ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს მხოლოდ ერთი საგანი.
გაბისონიას განმარტებითვე, საუბარი არ არის სწავლის შედეგებზე, აკადემიურ მიღწევებსა და ქულებზე და საუბარია მხოლოდ საკმარისი კრედიტების დაგროვებაზე.