ლაშა ფარულავა - ელექტროსისტემის გათიშვაზე მხოლოდ ვანო ზარდიაშვილი არ არის პასუხისმგებელი, დავით ნარმანია, როცა დენს აძვირებდა, აცხადებდა, რომ „ტარიფი უნდა გაიზარდოს, რათა ავარიული გათიშვა აღარ მოხდეს“ - რატომაა ნარმანია ისევ თანამდებობაზე?

დესტრუქცია, რომელიც თინა ბოკუჩავას მხრიდან ვიხილეთ, სრულიად ამოვარდნილია იმ კალაპოტიდან, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება. თინა ბოკუჩავა ასეთი განცხადებებისას არა უბრალოდ უმცირესობაშია, არამედ სრულიად მარტოა. სამწუხაროა, თუმცა ამით ის მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებს, მისი განცხადებები ვერავინ სხვაზე ვერ იმოქმედებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, რითაც ამავე პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო, კვორუმის არარსებობის გამო, არ იყო უფლებამოსილი სხდომა გაემართა და გადაწყვეტილებები მიეღო.

როგორც ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, თინა ბოკუჩავას უნდობლობა პოლიტიკურ საბჭოს მიმართ, პირად წყენას უკავშირდება, რადგან ის თავმჯდომარე ვეღარ იქნება.

„ეს იყო ტექნიკური საბჭო, რომელსაც მოჰყვება ყრილობა, სწორედ ის მიიღებს პარტიისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, პოზიცია, რომელიც თინასგან მოვისმინეთ, დესტრუქციაა.

ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნების“ მხრიდან სამიზნეა, ახალი არ არის, უკვე 14 წელია ამ სპირალს გავდივართ. თუ ვინმეს რაიმეს შემოწმება სურს, საბჭო შესაბამისი პროცედურებისა და წესების დაცვით ჩატარდა, აბსოლუტურად ლეგიტიმურია, მას შესაბამისი პირები ესწრებოდნენ და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღეს. წარმოიდგინეთ, იკრიბება საბჭო და უნდობლობას უცხადებს ერთი ადამიანი, თავმჯდომარე. ეს, რა თქმა უნდა, უკავშირდება პირად წყენას იმის გამო, რომ ის ვეღარ იქნება თავმჯდომარე. თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მნიშვნელოვანი არა თანამდებობა, თავმჯდომარეობა თუ სტატუსი, არამედ საერთო ბრძოლაა. სწორედ ამ ბრძოლის გამო არის ციხეში ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, ჩვენი მეგობარი, თანამებრძოლი და თბილისის ორგანიზაციის ლიდერი, ირაკლი ნადირაძე. ეს ადამიანები პოლიტიკური ტყვეები არიან და მათი საქმიანობა იმ პოლიტიკურ შინაარსს უკავშირდება, რაც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს. თუ ჩვენ ამ ბრძოლაში ვრჩებით, საერთოდ რა თანამდებობასა და თავმჯდომარეობაზეა ლაპარაკი?“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

მისივე თქმით, თინა ბოკუჩავა თავის პოზიციაში სრულიად მარტოა და მას პარტიაში მხარდაჭერა არ აქვს. ფარულავას შეფასებითვე, ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისისა და რეპრესიების ფონზე შიდა დაპირისპირებაზე დროის კარგვა დესტრუქციულია და „ძალა არა ერთმანეთის, არამედ ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა მივმართოთ“.

„ამ განცხადების გაკეთებისას თინა სრულიად მარტო იყო, მის პოზიციას არც პოლიტიკურ საბჭოში და არც ზოგადად პარტიაში მხარდაჭერა არ აქვს. ეს ჩვენი პარტიისთვის სამწუხარო მოვლენაა. “ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრი რამ გადაუტანია, გვახსოვს ნიკა მელიას არა უბრალოდ დესტრუქცია, არამედ საბოტაჟის გზა, როდესაც კონკრეტულმა ადამიანებმა ეს მიმართულება აირჩიეს და პარტია დატოვეს. თუმცა ახლა მსგავსი რამ არ მოხდება. ის, რაც დღეს ხდება, პიროვნული დაპირისპირებაა. სამწუხაროა, რომ მან სამიზნედ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ამოიღო. თავის დროზე, როდესაც მან მიხეილ სააკაშვილი დაიცვა, „ალიანსის“ ფორმატში თავდასხმის ობიექტი გახდა, ახლა კი კვლავ სამიზნეა, თანაც სრულიად უმიზეზოდ. მაშინ, როდესაც ჩვენი მეგობრები ციხეში არიან, რა თანამდებობა უნდა მჭირდებოდეს ოპოზიციაში, რომელიც ქუჩაშია? მსგავსი სიგიჟე არანორმალურია და სრულიად აცდენილია იმ რეალობას, რაც დღეს ქვეყანაშია.

ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია, ტერორი და რეპრესიები ყოველდღიურად ფართოვდება. რა თქმა უნდა, ახლა ერთიანობა გვჭირდება. ჩვენი ძალა არა ერთმანეთის, არამედ ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა მივმართოთ. როდესაც ამაში იკარგება დრო და რესურსი, ეს სამწუხაროა და ნამდვილად დესტრუქციას წარმოადგენს.

რაც შეეხება პარტიას, ენმ ჰორიზონტალურ მმართველობაზე გადადის, ჩამოყალიბდება დროებითი მმართველობითი ჯგუფი, რომელიც პარტიის განახლებაზე აიღებს პასუხისმგებლობას. ასევე შეიქმნება პრეზიდიუმი, რომელიც ამ საკითხებს განიხილავს, დაამტკიცებს და პროცესში ფართო ჩართულობას უზრუნველყოფს. თანამდებობების დევნის დრო წავიდა, ქუჩაში მყოფ ოპოზიციას რაში სჭირდება სტატუსები?! თინა ბოკუჩავას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, აქვს და ექნება მომავალშიც, თუ, რა თქმა უნდა, არ გააგრძელებს იმ გზას, რომელიც ახლა აირჩია და რომელიც მხოლოდ ხელისუფლებისთვისაა სასარგებლო“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტიკოსი 24-25 ივლისს მომხდარ შემთხვევას გამოეხმაურა, როცა საქართველოს ელექტროსისტემა რამდენიმე საათის განმავლობაში სრულად გაითიშა, ასევე ისაუბრა ინფორმაციაზე, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

„დენის ტარიფი ივანიშვილის „ბიტკოინების“ გამო გაძვირდა, ახლა კი პასუხისმგებლობას ვანო ზარდიაშვილს აკისრებენ, რომელიც იმ პოზიციაზე საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. იგი 2025 წელს მხოლოდ იმის გამო დანიშნეს, რომ მამუკა მდინარაძის მეგობარია. მდინარაძემ, როგორც კი სუს-ში გაძლიერდა, უწყებებსა და სახელმწიფო კომპანიებში საკუთარი კადრები დანიშნა. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უმნიშვნელოვანესი დაწესებულებაა. ზარდიაშვილს 18 000 ლარი ჰქონდა ხელფასი, პროფესიონალები გაათავისუფლეს და მათ ადგილას პარტიული კადრები დანიშნეს. ამ ყველაფრის შედეგს კი დღეს ყველა ვხედავთ, ავარიული გათიშვის გამო საქართველო ორჯერ ჩაბნელდა. მხოლოდ ზარდიაშვილი არ არის პასუხისმგებელი. რას ამბობდა დავით ნარმანია, როცა დენს აძვირებდა? აცხადებდა, რომ „ავარიული გათიშვები რომ არ მოხდეს, ტარიფი 33%-ით უნდა გაიზარდოს, რადგან ეს თანხა სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციას სჭირდებაო“. მაშინ რატომ გაითიშა საქართველო ორჯერ ავარიულად?! რატომ არის ნარმანია ისევ თანამდებობაზე? ვინ არის ამ ყველაფრის დირიჟორი? ვნახეთ, რომ როდესაც ალიევი საქართველოში ჩამოვიდა, ირაკლი კობახიძე მიმტანად ჰყავდათ, რათა ალიევისთვის სასმელი მიაწოდებინა. პრემიერ-მინისტრს, პრემიერი უნდა ერქვას, არ შეიძლება ქვეყნის მეთაური ერთი კაცის კლერკი იყოს! რუსი ოლიგარქი არ უნდა ეჯდეს ამ ქვეყანას თავზე და მისი გამდიდრებისთვის ფასს ჩვენი მოქალაქეები არ უნდა იხდიდნენ. მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილია. მას არ აინტერესებს, როგორ ცხოვრობენ თანამოქალაქეები, რატომ მიდიან ემიგრაციაში, რატომ აქვთ მძიმე ყოფა საბანკო ოლიგარქიის გამო ან რატომ დგანან საათობით აფთიაქის რიგებში.

კობახიძემ, მდინარაძემ და ზარდიაშვილმა, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი სასამართლოში ჩააბეტონეს. სწორედ ამის შედეგია, რომ მოსამართლე ცაცუამ ვახო სანაია ციხეში 14 დღით გაუშვა. ვანოს ზარდიაშვილს კი როგორ დაუფასეს ამაგი? მისცეს მაღალანაზღაურებადი თანამდებობა იქ, სადაც მისი ადგილი საერთოდ არ იყო, იქ სადაც პროფესიონალებს უნდა ემუშავათ. სწორედ ამ არაპროფესიონალიზმის გამო ჩაბნელდა საქართველო!

„ქართული ოცნების“ სტილია, ყველაფერი ერთ კაცზე გადატეხოს. დავით ნარმანია რატომღაც კვლავ სემეკის თავმჯდომარეა, რომელიც ტარიფების გაძვირებისას გვამშვიდებდა. თუმცა, ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ძალა გადასახადების განახევრებას გვპირდებოდა, რეალურად კი მისმა ლიდერმა საკუთარი გადასახადები გაინახევრა და საერთოდაც მოიხსნა. ბიძინა ივანიშვილს ექვთიმე თაყაიშვილს ადარებენ, მან კი ოფშორებიდან ოქროს ზოდები, ნახატები და ფული ისე შემოიტანა, რომ 0 ლარი გადაიხადა, მაშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები „temu-დან“ გამოწერილ მცირე ამანათებშიც კი გადასახადს იხდიან.

ახლა გაერთიანების დროა, რათა ეს წურბელები, კრიმინალები და კორუმპირებულები მოვაშოროთ და ქვეყანაში რეალური დემოკრატია შევქმნათ, სადაც ხალხს ის მძიმე პირობები აღარ ექნება, რაც დღეს არსებობს“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც