არაერთ შემთხვევაში მოქალაქეები და ჟურნალისტები ისეთი აზრის გამოხატვისთვის ისჯებიან, რომელიც თავისი შინაარსით არ წარმოადგენს სიძულვილის ენას: - არ შეიცავს მოწოდებას ძალადობისკენ, არ აღვივებს სიძულვილს რომელიმე დაცული ჯგუფის ან ამ ჯგუფს მიკუთვნებული ინდივიდის მიმართ - მოქალაქეები ისჯებიან პოლიტიკური აზრის გამოხატვისთვის, რიგ შემთხვევებში პატიმრობითაც, - ამ შეფასებას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა აკეთებს.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა“ შეშფოთებას გამოხატავს იმ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც მართლმსაჯულების ორგანოები საქართველოში სიძულვილის ენასთან ბრძოლის სახელით ამკვიდრებენ.
ორგანიზაციის შეფასებით, სოციალურ ქსელში აზრის გამოხატვისთვის დასჯის მაგალითები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მოქმედი კანონი და მისი აღსრულების პრაქტიკა სულ უფრო მეტად გამოიყენება მოქალაქეთა აზრის გასაკონტროლებლად და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიციების შესაკავებლად.
„თვალს ვადევნებთ სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის პასუხისგებაში მიცემული პირების ისტორიებს. არაერთ შემთხვევაში მოქალაქეები და ჟურნალისტები ისჯებიან ისეთი აზრის გამოხატვისთვის, რომელიც თავისი შინაარსით არ წარმოადგენს სიძულვილის ენას: - არ შეიცავს მოწოდებას ძალადობისკენ, არ აღვივებს სიძულვილს რომელიმე დაცული ჯგუფის ან ამ ჯგუფს მიკუთვნებული ინდივიდის მიმართ. მიუხედავად ამისა, მოქალაქეები ისჯებიან პოლიტიკური აზრის გამოხატვისთვის, რიგ შემთხვევებში პატიმრობითაც.
დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველაზე მაღალი დაცვის ხარისხით სწორედ პოლიტიკური გამოხატვა, ხელისუფლების კრიტიკა და საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე მიმდინარე დისკუსია უნდა სარგებლობდეს. დაუშვებელია ეთიკის, სამოქალაქო სფეროს დავები ადამიანების ციხეში ჩასმით სრულდებოდეს.
ჩვენთვის მიუღებელია ისეთი სამართლებრივი გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ დემოკრატიულ სტანდარტებს და სადაც მოქალაქეები პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე მოსაზრებებს სანქციების შიშით აღარ გამოხატავენ“, - ვკითხულობთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.