გიორგი შალამბერიძე - თუ ხელისუფლება იდენტობის დაცვის საკითხთან დაკავშირებით მორიგ საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიცირებს, ეს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს

„ჯერ საქართველოს“ წევრის, გიორგი შალამბერიძის განცხადებით, თუ ხელისუფლება იდენტობის დაცვის საკითხთან დაკავშირებით მორიგ საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიცირებს, ეს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს. როგორც გიორგი შალამბერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, დღეს, როცა საზოგადოებაში არის ძალიან დიდი დაპირისპირება და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა გართულებულია, ამ საკითხის კანონის ჩარჩოებში მოქცევა სიტუაციას არ განმუხტავს.

„როდესაც გამოხატვის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ გამოხატვის თავისუფლებას ჩვენს საზოგადოებაში რამდენიმე მდგენელი აქვს - სამართლებრივი და პოლიტიკური. უდავოა, რომ სამართლებრივად გამოხატვის თავისუფლება შეიძლება კონკრეტულ სიტუაციაში არ იყოს აბსოლუტური, თუ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც ემსახურება საზოგადოების კონსოლიდაციას. პოლიტიკურ კონტექსტში, როცა ჩვენს საზოგადოების არის გახლეჩილობა, ძალიან დიდი დაპირისპირება, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა გართულებული არის, კითხვის ნიშნებს ბადებს, ხომ არ იქნება ეს სიტუაციის არა განმმუხტველი, არამედ დამამძიმებელი. კიდევ ხომ არ გამოიწვევს კონფლიქტს და დაძაბულობას. თუკი ეს კანონად იქნება ქცეული და ინსტრუმენტად გამოყენებული, რამდენად აისახება პოლიტიკურ სუბიექტებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, მათ გამოხატვის თავისუფლებაზე, რამდენად იქნება გამოყენებული ისეთ მექანიზმად, რომელიც მათ უფლებებს შეზღუდავს“, - განაცხადა გიორგი შალამბერიძემ.

მისი შეფასებით, ჩნდება კითხვა, რაში სჭირდება ხელისუფლებას ასეთი ცვლილებები, როდესაც საკმაოდ ბევრი ბერკეტი აქვს იმ ქმედებების განსახორციელებლად, რომელიც მის მიზანს წარმოადგენს. გიორგი შალამბერიძის თქმით, შეიძლება ეს ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი პოლიტიკური მანევრიც იყოს.

„მართლაც ისმის კითხვა - რაში სჭირდება კანონი, როდესაც შეუძლია ისედაც განახორციელოს ის მექანიზმები, რომელიც სურს. თუმცა, შეიძლება ეს იყოს პოლიტიკური მანევრი. შესაბამისად, შეიძლება ამომრჩევლის გარკვეული სეგმენტის მობილიზება ხდებოდეს, ან შეიძლება კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრება ხდებოდეს და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს საწყისი წერტილი იყოს“, - განაცხადა გიორგი შალამბერიძემ.

ამასთან, მან ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაც შეაფასა, რომლის თქმით, „დიფ სთეითის“ აგენტურა ყოველ ჯერზე შეკვეთილ განცხადებებს აკეთებს საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. გიორგი შალამბერიძის თქმით, ქვეყანა რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და სწორედ ისინი ართმევენ ქართველებს იდენტობას.

„ვინ გვართმევს იდენტობას? ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული არის. ვიცით ოკუპირებულ ტერიტორიაზე როგორ ექცევიან საქართველოს მოქალაქეებს. ვინმეს თუ ართმევენ იდენტობას და ქართველობას, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეები არიან. ვისურვებდი ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში ვმსჯელობდეთ არა ქართველობის წართმევაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები. ჩემი აზრით, ქართველობის იდენტობის დაკარგავ დაკავშირებული არის დემოგრაფიულ პრობლემებთან“, - განაცხადა გიორგი შალამბერიძემ.

გარდა ამისა, მან საქართველო-აშშ ურთიერთობების პერსპექტივებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება უფრო მეტად შეიზღუდება, საქართველო- ამერიკის ურთიერთობებზე ეს ნეგატიურად აისახება. „აშშ-ის ადმინისტრაციისთვის გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრიორიტეტი. როდესაც ქვეყანას აქვს სურვილი და მოლოდინი, რომ ამ ადმინისტრაციასთან ურთიერთობები გააუმჯობესოს, მხედველობაში უნდა მიღოს ის, თუ რაზეც ამერიკის ადმინისტრაციის მოქმედების პრინციპები დგას. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება უფრო მეტად შეიზღუდება, იმის მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ საქართველო- ამერიკის ურთიერთობებზე ეს უარყოფითად აისახება. თვითონ ის ფაქტი, რომ მიმართულებით მესიჯების გაცვლა-გამოცვლა ხდება, პოზიტიური დინამიკა არ არის“,-განაცხადა გიორგი შალამბერიძემ.

ამასთან, მან საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლად ემი ვ. დიაზის დანიშვნაც შეაფასა. მისი თქმით, როდესაც ქვეყანას არ ჰყავს პირველი დიპლომატიური წარმომადგენელი ელჩის სახით, ეს გარკვეულწილად მიანიშნებს იმ კონტექსტზე, რომელიც ამ ქვეყნებს შორის არის.

„გასულ წლებში განვითარებული მოვლენები, დაძაბულობა, თუნდაც ეს ბოლო მესიჯების გაცვლა-გამოცვლა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ვაშინგტონში აკვირდებიან საქართველოში არსებულ სიტუაციას და მხოლოდ და მხოლოდ ამ დინამიკის შემდეგ მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გიორგი შალამბერიძემ.

გარდა ამ საკითხისა, მან საქართველოში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვების საკითხიც შეაფასა, რის გამოც, სავარაუდოდ, ვანო ზარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორობიდან გაათავისუფლეს.

„ეს არცთუ ისე პოზიტიური სიგნალია მაშინ, როცა ქვეყანაში ზედიზედ ორი დღის განმავლობაშია ასეთი პრობლემა არის. მოისმინეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პასუხისმგებელი პირი გაათავისუფლეს. არის თუ არა ეს გადაწყვეტილება აქედან გამომდინარე, თუ დიდი პოლიტიკური გადალაგების ნაწილია? მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომ მსგავსი პრობლემები არ განმეორდეს“, - განაცხადა გიორგი შალამბერიძემ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც