გიორგი ბარამიძე - ყრილობაზე აღარც პარტიის თავმჯდომარეს ავირჩევთ ისეთი ფორმით, როგორც ახლაა და აღარც გენერალურ მდივანს, ასევე, შემოგვაქვს მეორე სიახლე - პარტიის წევრები გადაიხდიან საწევროს და დაეხმარებიან პარტიას

შეიძლება გარკვეული წყენა ჰქონდეს თინას, იმიტომ, რომ ყრილობაზე, ჩვენ აღარც თავმჯდომარეს ავირჩევთ ისეთი ფორმით, როგორც ახლა არის და აღარც გენერალურ მდივანს. გვინდა იყოს ერთგვარი მმართველობითი საბჭო, რომელიც შეასრულებს ამ ფუნქციებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 5 აგვისტოს გაიმართება „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა, სადაც მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ მიიღება გადაწყვეტილებები.

„ეს არის ის რეფორმები, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივითა და მისი ხედვებიდან გამომდინარე „ნაციონალური მოძრაობა“ და პოლიტიკური საბჭო დიდი ხანია ამზადებს. ბევრი თვის წინ პოლიტიკურმა საბჭომ დაამტკიცა მართვის საფუძვლიანი რეფორმა, რომლის ორი მთავარი, მნიშვნელოვანი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ერთი, პარტია გახდეს ბევრად უფრო მეტად სახალხო, დემოკრატიული, გამჭვირვალე და ამით უზრუნველყოფილი იყოს ბევრად უფრო მეტი სამართლიანობა პარტიის შიგნით მიღებული გადაწყვეტილებების პროცესში. მეორე, მნიშვნელოვანი სიახლე - ჩვენ შემოგვაქვს პარტიის ისეთი წევრობა, როდესაც პარტიის წევრები შემოწირულების სახით გადაიხდიან პარტიის საწევროს და დაეხმარებიან პარტიას, იყოს ყველაზე დამოუკიდებელი ორგანიზაცია, ისევე, როგორც ეს არის მთელ მსოფლიოში. ფინანსურად დამოუკიდებლობა ნიშნავს ყველანაირ დამოუკიდებლობას, პასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულებას უშუალოდ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე და არა ცალკეული მდიდარი შემომწირველის მიმართ.

“ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება დაცული აპლიკაცია. აპლიკაცია ემსახურება იმას, რომ პარტიის რიგითმა წევრმა, ვინც ყოველთვიურად შემოწირულების სახით გადაიხდის საწევო გადასახადს, მიიღოს მონაწილეობა პარტიის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მიიღოს მონაწილეობა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც მნიშვნელოვანია პარტიისთვის, მაგალითად ისეთი საკითხები, როგორიცაა პარლამენტში შევიდეთ-არ შევიდეთ. როდესაც ეს სისტემა დაინერგება, ამას არ გადაწყვეტენ მხოლოდ პარტიის მიერ არჩეული ხელმძღვანელები. უშუალოდ თითოეული წევრი მიიღებს მონაწილეობას პარტიის გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - განაცხადა ბარამიძემ და აღნიშნა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც 5 აგვისტოს ყრილობაზე იმსჯელებენ.

მან ასევე ისაუბრა პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებაზე, რომელიც მან გასულ კვირას ჩატარებულ პოლიტსაბჭოს სხდომასთან დაკავშირებით გააკეთა იმის შესახებ, პოლიტსაბჭო სხდომის ჩასატარებლად უფლებამოსილი არ იყო.

„მე ძალიან გამიკვირდა თინას ეს განცხადება იმიტომ, რომ ამ სხდომაზე არალეგიტიმური არაფერი იყო. რომ არ ყოფილიყო კვორუმი, სხდომა არც ჩატარდებოდა. იქ იყო უამრავი ადამიანი და შესაბამისად, ყველა არის ამის მომსწრე. ოქმს მიიღებს თითოეული წევრი, მათ შორის, ბუნებრივია, თავმჯდომარე დაინტერესების შემთხვევაში, როცა ეს ოქმი თავის ხელმოწერებით საბოლოოდ იქნება. ყველას ექნება საშუალება, ვგულისხმობ ჩვენს წევრებს, ნახონ, ვინ ესწრებოდა. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, რომ იტყვიან ანშლაგი ნამდვილად არ იყო, იმიტომ, რომ ბევრს არ ჰქონდა ამის საშუალება, როგორც თინას არ ჰქონდა საშუალება ყოფილიყო, თუმცა მე ვთვლი, რომ ქობულეთიდან წამოსვლა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, ასე ჩამოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა რეგიონებიდან. მოგეხსენებათ, ჩვენი რაიონული ორგანიზაციის თითოეული თავმჯდომარე არის პოლიტსაბჭოს წევრი და ასე ჩამოვიდა ბევრი ადამიანი დასავლეთ საქართველოდან, სადაც ამ წუთას თინაც იმყოფება. რატომ გააკეთა ეს განცხადებები, ვერ გეტყვით“, - განაცხადა ბარამიძემ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც