მე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით. მისი საქმიანობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო წარმატებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
აღნიშნულით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, მოხსნილია თუ არა ვანო ზარდიაშვილი „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორის თანამდებობიდან. პრემიერის თქმით, მას ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს და გადაწყვეტილებას ეკონომიკის სამინისტრო იღებს.
„მე ვერ გეტყვით, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროში მიიღება. ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ, ვანო ზარდიაშვილის ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, უამრავი თანხა დაიზოგა მისი ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში, ძალიან ბევრი პროექტის ოპტიმიზაცია მოხდა, რის საფუძველზეც, სახელმწიფო ეკონომიკურად ახორციელებდა შესაბამის პროექტებს. შესაბამისად, მე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით, მისი საქმიანობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო წარმატებული. დანარჩენი მისი გადასაწყვეტია, ეკონომიკის სამინისტროში მიიღება ეს გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, ამაში, მე არ ჩავერევი“, - განაცხადა კობახიძემ.