2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენი საზოგადოების ოპოზიციურ, ფსევდოლიბერალურ უმცირესობაში ერთი კონკრეტული მიდგომა გამოიკვეთა, რომელიც განცალკევებულ განხილვას საჭიროებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ომის დასრულებიდან მალევე, „რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა“. მისივე თქმით, ამავე პერიოდში „რეჟიმი რუსეთთან კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავებასაც აქტიურად ცდილობდა“.
„როგორც მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელიწადი გავიდა, თუმცა, მისი უმძიმესი კვალი ჩვენს ქვეყანას და ათიათასობით ქართველის ცხოვრებას დღემდე ატყვია. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა 412 ადამიანი, 2232 კი დაიჭრა; მშობლიური კერა იძულებით დატოვა 30 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ; საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა 120-ზე მეტი ქართული დასახლება. სამშობლოსა და ისტორიის წინაშე ვალდებული ვართ ვაცნობიერებდეთ, რომ ეს რიცხვები მხოლოდ სტატისტიკა არ არის, რადგან მათ უკან ყველაზე ძვირფასი - დაკარგული სიცოცხლე, მიტოვებული და განადგურებული სოფლები და ღალატს შეწირული ეროვნული ინტერესები დგას.
საინტერესოა, რომ ამ მასშტაბის ტრაგედიის ფონზე, აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად. რეალურად, პირიქით მოხდა - 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა. ამავე პერიოდში ვიხილეთ რეჟიმის აქტიური ძალისხმევა რუსეთთან კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გასაღრმავებლად, აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა, მათ შორის სტრატეგიულ სექტორებში რუსული კაპიტალის ჩართვის წახალისება, რამდენიმე წლის შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება,“ - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
მისივე განმარტებით, „უცხოური აგენტურის გაგებით, რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად მხოლოდ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ იქცა“. მისივე თქმით, აგენტურის ეს ემოციებიც სრულიად ყალბია, რადგან ისინი ყოველგვარი ღირებულებებისგან არიან დაცლილი.
„კიდევ ერთხელ გასაგებად რომ განვმარტოთ, უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ, ანუ მაშინ, როდესაც საქმე უშუალოდ მათ (ფორმალურად მაინც) სამშობლოს ეხებოდა, როდესაც რუსულ ოკუპაციას შეეწირა ასობით ქართველი ჯარისკაცის, პოლიციელისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე, როდესაც წამებით მოკლეს გიორგი ანწუხელიძე, როდესაც დავკარგეთ 120-ზე მეტი ქართული სოფელი, როდესაც დევნილად იქცა ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქე და როდესაც მოხდა ის, რაც მანამდე რუსეთს ფიქრადაც კი არ ქონია - რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ის უკრაინაში მეორედ შეიჭრა. უკრაინის მოქალაქეებზე რომ ვსაუბრობდეთ, რა თქმა უნდა, ეს სრულიად გასაგები იქნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გაგებით, რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად არა საქართველოს, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ იქცა.
ბუნებრივია, მათი ეს ემოციებიც სრულიად ყალბია, რადგან უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისგან არის დაცლილი, რაც დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს. თუმცა, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ეხებოდა. საქართველოს სამშობლოდ ფორმალურადაც არ ცნობენ და უკრაინაა მათი სამშობლო? ლოგიკურია, რომ თუ ვინმეს რადიკალური ანტირუსული განწყობა უნდა ჩამოყალიბებოდა, ეს არა 2022 წლის, არამედ 2008 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო. მათი დღევანდელი რუსოფობია რომ ყალბია, ეს კონკრეტული ფაქტებით დასტურდება. შორს რომ არ წავიდეთ, ყველამ ვიცით, რომ ელენე ხოშტარიასთვის რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან გადარიცხულ მილიონობით რუსულ რუბლზე არავითარი რეაქცია არ აქვთ რუსოფობ პოლიტიკოსებს, „ენჯეოშნიკებს“, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს,“ - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.