დენის შმიგალი - პუტინი იმედოვნებს, რომ გამოფიტვისგან გავტყდებით, ამიტომ ცდილობს, კაპიტულაციის დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ, თუმცა სანქციები მათ აიძულებთ, შემოდგომაზე ომი შეწყვიტონ - თუ ეს ვერ მოხერხდება, თავდასხმების კიდევ ერთი ზამთარი გველის

უკრაინა და რუსეთი ერთმანეთის ენერგეტიკული სისტემების განადგურებისთვის ბრძოლაში არიან ჩაბმული - კამპანიაში, რომელიც ნებისმიერი მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა დენის შმიგალმა POLITICO-ს განუცხადა.

„პუტინს სურს საბოლოოდ გაანადგუროს ჩვენი ენერგეტიკული სისტემა, შეაფერხოს ჩვენი ეკონომიკა და შეიარაღების წარმოება. ის ასევე იმედოვნებს, რომ ზამთარში ჩვენი საზოგადოება გამოფიტვისგან გატყდება და ხელისუფლებაზე ზეწოლას მოახდენს, რათა კაპიტულაციის დოკუმენტს მოაწეროს ხელი. ეს მე-12 რაუნდს ჰგავს და თითოეული მოკრივე იმედოვნებს, რომ მისი მეტოქე პირველი დაეცემა“, - აღნიშნა შმიგალმა.

მისი თქმით, კიევი იმედოვნებს, რომ მისი დარტყმები, ისევე როგორც მოკავშირეების მიერ დაწესებული სანქციები, ზეწოლას მოახდენს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, რომ ამ შემოდგომაზე ომი შეწყვიტოს. თუ ეს ვერ მოხერხდება, უკრაინას რუსეთის მხრიდან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმების კიდევ ერთი ზამთარი ელის.

„რუსეთის მიზანი ახლა ჩვენი წყალმომარაგების განადგურებაა. გასულ ზამთარში მათ ელექტროენერგია და გათბობა ამოიღეს მიზანში, მაგრამ ელექტროენერგიის გათიშვის დროს გაზისა და წყლის არსებობის შემთხვევაში გადარჩენა შესაძლებელია. წყლის და კანალიზაციის გარეშე კი სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გადარჩენა რთულია“, - აღნიშნა შმიგალმა.

მისი თქმით, უკრაინა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან ერთად, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული მდგრადობის ზრდასაც აგრძელებს. „უკრაინამ შეიძინა კრიზისებთან და გამოწვევებთან ძალიან სწრაფად ადაპტაციის უნარი“, - დასძინა მინისტრმა.

მისი თქმით, დაახლოებით 40-მა ქვეყანამ და ორგანიზაციამ 2.1 მილიარდი ევრო შესწირა უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდს. კიევი ფონდის მენეჯერებს პრიორიტეტული საჭიროებების სიებს უგზავნის აღჭურვილობის შესაძენად და მიწოდებისთვის.

„ფონდმა გასულ წელს 367 შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა და ენერგეტიკის სფეროს მხარდასაჭერად 447 მილიონი ევრო გამოყო. დაფინანსების დაახლოებით სამი მეოთხედი ელექტროენერგიის წარმოების, განაწილებისა და გადაცემის პროექტებზე მიიმართა. მაგრამ აღჭურვილობა ნადგურდება და ზამთრისთვის რეზერვი გვჭირდება“, - აღნიშნა შმიგალმა.

მისივე განცხადებით, კიევს ასევე დაახლოებით 400 მილიონი ევრო სჭირდება, რათა უკრაინის სახელმწიფო გაზის კომპანიამ „ნაფტოგაზმა“ რუსეთის თავდასხმებით მიყენებული ზარალის აღდგენა შეძლოს. მისი თქმით, უკრაინა ამ საკითხში კანადის მხარდაჭერის იმედად არის.

შმიგალის თქმით, სასურველი სცენარი ის არის, რომ პუტინი მიხვდეს, ომს ვერ მოიგებს და მიმდინარე წლის შემოდგომაზე სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდეს. თუმცა, კრემლის ლიდერს უკრაინასთან დაკავშირებით საკუთარი მოთხოვნების შეცვლის არანაირი ნიშანი არ გამოუჩენია, რაც, სავარაუდოდ, კიდევ ერთ ზამთარში გაგრძელებულ ომს ნიშნავს.

„ის სისხლისღვრას გააგრძელებს, თუმცა ზამთარშიც შეგვითრევს. ეს პესიმისტური სცენარია, მაგრამ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ამ ზამთარსაც გადავიტანთ - ამისთვის მზად ვართ“, - აღნიშნა შმიგალმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში