ლაშა ტუღუში - საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს - დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ

საქართველო პრორუსულად განწყობილი არ მახსოვს, ნონსენსია - რაც შეეხება 2008 და 2022 წლის კონტექსტს, ეს არის პოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ ლიდერები იმეორებენ ნარატივს, რაც მათ არაერთგზის გამოთქვეს: არის კეთილი და გადამრჩენელი პოლიტიკური ძალა - „ქართული ოცნება“, რომელიც ცდილობს საქართველო გადაარჩინოს,- ასე შეაფასა „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ღია წერილი, სადაც აღნიშნავს, რომ უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა და ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა და არა მაშინ.

როგორც ლაშა ტუღუშმა განმარტა, ყოველთვის სამარცხვინო იყო რუსეთზე, როგორც სახელმწიფოზე საზოგადოებაში გეთქვა, რომ რუსეთი კარგი სახელმწიფოა.

„რუსეთის საწინააღმდეგო განწყობები უფრო ადრე არსებობდა ქვეყანაში. მახსოვს, 90-იანი წლები, როდესაც ძალიან დიდი იყო ნეგატივი რუსეთის მიმართ. ასევე, აფხაზეთის ომის შემდეგაც.... ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ეს ორი თარიღია მნიშვნელოვანი 2008 და 2022 წელი.

საქართველო პრორუსულად განწყობილი არ მახსოვს, ეს ნონსენსია. მეტიც, ყოველთვის სამარცხვინო იყო რუსეთზე, როგორც სახელმწიფოზე წესიერ საზოგადოებაში გეთქვა, რომ რუსეთი კარგი სახელმწიფოა, რუსეთის სიმბოლოები დადებითად მოგეხსენიებინა....

რაც შეეხება 2008 და 2022 წლის კონტექსტს, ეს არის პოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ ლიდერები იმეორებენ ნარატივს, რაც მათ არაერთგზის გამოთქვეს. არის კეთილი და გადამრჩენელი პოლიტიკური ძალა - „ქართული ოცნება“, რომელიც ცდილობს საქართველო გადაარჩინოს.

ძველი ანეკდოტია: „კომპარტიას ამბობენ და ლენინს გულისხმობენ“... დაახლოებით ასეა. ერთ კაცს გულისხმობენ ან შესაძლოა მის ჩრდილში 1-2 ადამიანიც დავინახოთ, როდესაც გადამრჩენელებზე საუბრობენ. ვინც ამათთან არ არის, ყველა მტერია, თითქოს უნდათ საქართველო ღალატის საფუძველზე დამანგრეველ ომში ჩაითრიონ“, - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

ლაშა ტუღუშმა ღია წერილის იმ ნაწილზეც ისაუბრა, სადაც პრემიერი იხსენებს, „2008 წლის ომის შემდეგ, როგორ ესალმებოდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ - ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს და რუსულ ფულს“.

„თუ ვინმეს კითხვები აქვს, შეუძლია გაიხსენოს, ვინ გააჩერა ევროკავშირთან ინტეგრაცია, როდის ითქვა, რა ითქვა. ვინ არის დღეს ანტიევროპული საქართველოში?! ვინ ებრძვის დასავლეთი ქვეყნების ელჩებს, ევროპარლამენტს, ეუთოს, ვინ ებრძვის შვედეთს, საფრანგეთს...ეფემერული მოგონილი შავი ხელი „დიფ სთეითის“ სახით... ეს ყველაფერი არ გაგონებთ ბავშვობაში, სოფელში რომ ასაკოვანი ხალხი ჭინკებსა და სულებზე საუბრობდა.... ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ წინა ხელისუფლებამ შეცდომა არ დაუშვა, ყველაფერი იდეალური იყო. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ერთ რაიმეს, არ შეიძლება „თეთრით“ და „შავით“ მსჯელობა. ყველაფერს სახელი უნდა დავარქვათ. თავისი ცოდვები ეყოფა წინა ხელისუფლებას, ამის გამო მიიღო სასჯელი, ამჯერად ვხედავთ, რომ თუ საუბარია რუსეთზე, დასავლეთსა და საქართველოზე, ჩვენნაირი ქვეყნები, ვისთანაც ვიყავით, დღე-დღეზე ევროკავშირის წევრები გახდებიან და ჩვენ ინტეგრაციის ნაცვლად, დეზინტეგრაციის პროცესში ვართ დასავლეთთან“, - აღნიშნა ტუღუშმა.

გარდა აღნიშნული თემებისა, ლაშა ტუღუშმა ისაუბრა საკითხზე, ემუქრება თუ არა ქართულ იდენტობას საფრთხე და შესაბამისად, სჭირდება თუ არა დაცვა, მათ შორის კანონის ძალით.

„ორი ძირითადი საკითხია, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ეყრდნობა.

პირველი: შიშის ფაქტორი - მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, მტრები, რომლებიც აქ არიან „დიფ სთეითი“, „შავი ხელი“, „მწვანე ხელი“ გვიბიძგებს რომ ჩავერთოთ ამ ომში...ეს არის შიშის გარემოს შემქმნელი და ამას ეყრდნობა ხელისუფლება.

მეორეა ის, რომ გვართმევენ ქართველობას, იდენტობას.

ეს ორი მიმართულებაა, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციას, ხალხი შეაშინონ და შეშინებულ ხალხს დაეყრდნონ, რათა ყოველთვის იყვნენ ხელისუფლებაში.

ფაქტია, დემოკრატიის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც მათ უნდოდათ. ძალიან მნიშვნელოვანია კარგად დავინახოთ, თუ რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც ეს ხელისუფლება მიგვაქანებს, როგორ გამოიყურება. ეს ველი ბოლომდე ვერ მოასუფთავეს, არ გამოდის, დიდია წინააღმდეგობა, ხალხი ისევ იკრიბება ქუჩაში. თავად ხომ კარგად იციან, რომ ვერ დაასრულეს ის, რაც დაიწყეს. უნდათ, ჯოჯოხეთის ცეცხლი გააღვივონ, ახალ-ახალი საფუძველი მისცენ.

ბოლო წლები, „ქართული ოცნების“ მხრიდან ბევრი ნაბიჯია უკან და არცერთი ნაბიჯი არ არის გადადგმული წინ. ეს გზა არის ანტიეროვნული, ეს გზა აშენებს ავტორიტარიზმს, ეს გზა მიმართულია ქართველის წინააღმდეგ. ძალიან ბევრი კითხვა, მაქვს, მაგალითად, შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“გამოასწოროს ის დრამატული შეცდომები, რაც დაუშვეს. ვისურვებდი, გამოძებნონ ეს გზა, რომ რაიმე გამოსწორდეს“,- აღნიშნა ტუღუშმა.

ამასთან, ლაშა ტუღუშმა ელექტროსისტემის ორჯერ გათიშვასა და „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორის თანამდებობიდან ვანო ზარდიაშვილის გადადგომაზეც ისაუბრა, ასევე გამოეხმაურა პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ზარდიაშვილის ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, საკადრო ცვლილებაზე კი ეკონომიკის სამინისტროში მიიღება გადაწყვეტილება და თავად არ ჩაერევა. ლაშა ტუღუშის თქმით, პარადოქსულია, როდესაც პრემიერს არ ექვემდებარება ენერგეტიკის მიმართულებით სამინისტრო, შესაბამისად, გამოდის, რომ „პრემიერი ან გულწრფელი არ არის, ან არსებობს რაღაც ძალა, რომელიც ქვეყანაში მისი გვერდის ავლით, ამ სისტემაში არღვევს სუბორდინაციას და გადაწყვეტილებას იღებს“.

„ძალიან პარადოქსულია, როდესაც პრემიერს არ ექვემდებარება ენერგეტიკის მიმართულებით სამინისტრო. ე.ი. ეს სუბორდინაცია დარღვეულია? თუ ასეთი კარგია ვანო ზარდიაშვილი და ამდენი დადებითი თვისება აქვს...მაშინ გამოდის, ვიღაცამ გადაწყვიტა, ვინც უფრო მეტია, ვიდრე პრემიერი. პრემიერი ან გულწრფელი არ არის, ან არსებობს რაღაც ძალა, რომელიც ქვეყანაში მისი გვერდის ავლით, ამ სისტემაში არღვევს სუბორდინაციას და გადაწყვეტილებას იღებს....

ზოგადად, ჩვენ ბევრ სისტემურ პრობლემას ვხედავთ, ბევრი სისტემური პრობლემა წარმოქმნილია მათი უსისტემო მიდგომებით. არ გააჩნიათ სტრატეგიული ხედვები. ყველა მოქმედება ასეთია: უცებ მიასკდებიან ერთ ადგილს, შემდეგ მოასკდებიან მეორე ადგილს. დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებით თუ ვიმსჯელებთ, ამას ვხედავთ ანაკლიის პროექტზე. დაანგრიეს ყველაფერი და ახლა გაახსენდათ, რომ მნიშვნელოვანია. ასევე, ჰესებზე....ვუყურებდით გამოსვლებს, უსაშველო დიდი ჯარიმები აიკიდა სახელმწიფომ ამ გაუთვლელობის გამო. ზოგადად, ამ საზოგადოებას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, არ შეუძლია ქვეყნის მართვა. ყველა დონეზეა საუბარი, ერთი და იგივე პრობლემაა, ეს არის: გაუთვლელობა, არასისტემურობა, არაკვალიფიციურობა”,- განაცხადა ტუღუშმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა ლოგიკას გავრცელებულ მოსაზრებაში, რომ ვანო ზარდიაშვილის ჩაჩოჩება შესაძლოა იმის გამო ხდებოდეს, რომ ის მდინარაძესთან მეგობრობდა, ლაშა ტუღუში აღნიშნავს, რომ ეს „ბუნებრივია“.

„წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან რომ მეგობრობდა, ეს ფაქტორი არ არის. რამდენადაც მე ვიცი, მას ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციები ეკავა ყველაზე სისხლისმსმელ ნაწილში, წინა ხელისუფლების დროს. ეს დავიწყებას მიეცა... ბევრი უცნაურობა ხდება. კვირაში ორჯერ ვხედავთ თანამდებობების ცვლილებას, მოძრაობას, მამუკა მდინარაძე ორ კვირაში გენერალი ხდება და შემდეგ ცვლიან“,- აღნიშნა ტუღუშმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში