შალვა კერესელიძე - ირაკლი კობახიძეს თავად უნდა აეხსნა, რას ნიშნავს ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდა, რას ნიშნავს დუმილი სამაჩაბლოს მიერთების პროცესზე, საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი რომ არაა, ესაა სირცხვილი - პასუხი ამაზე უნდა გაეცა!

ირაკლი კობახიძეს პასუხი უნდა გაეცა და თავისი პოსტი დაეწყო იმით, რაც აკადრა „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ გმირებს, მათ შორის ანწუხელიძეს, რას ნიშნავდა ბოდიში, რომელსაც უხდიდნენ ოკუპანტებს. საოკუპაციო ხაზთან რომ ნამყოფი არ არის, ეს ყველაზე დიდი სირცხვილია, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შალვა კერესელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

ამით კერესელიძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც კობახიძე საქართველოში არსებულ რუსოფობიაზე საუბრობს.

კერესელიძის შეფასებით, „ირაკლი კობახიძეს პასუხი უნდა გაეცა იმაზეც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხისგან დამოუკიდებლად შეცვალა ქვეყნის პოლიტიკური კურსი, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში კი, რუსეთს ეხმარება ბელარუსთან ერთად“.

ირაკლი კობახიძეს სჯობდა, პოსტი, რომელიც დღეს დილით დაწერა საკუთარ „ფეისბუქზე“ გვერდზე, დაეწყო იმ განწყობებით, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს მისი პრემიერობის და ღარიბაშვილის პრემიერობის დღის რუსეთის მიმართ. ბოლო 35 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა ბრძოლის ფასად შევძელით ის, რომ გავმხდარიყავით ევროპის განუყოფელი ნაწილი და არც ისე ბევრი გვქონდა დარჩენილი ღია, გახსნილი მოლაპარაკებებით შევსულიყავით ევროკავშირში, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმის გამო, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა, ქართველი ხალისგან დამოუკიდებლად შეცვალა პოლიტიკური კურსი. აი, ამაზე უნდა გაეცა პასუხი. ასევე, პასუხი უნდა გაეცა იმაზე, რაც „ქართულმა ოცნებამ“ აკადრა ქართველ გმირებს, მათ შორის ანწუხელიძეს. პასუხი უნდა გაეცა და თავისი პოსტი უნდა დაეწყო იმით, რას ნიშნავდა ბოდიში, რომელსაც უხდიდნენ ოკუპანტებს. პასუხი უნდა გაეცა და თავისი პოსტი დაეწყო იმის ახსნით, რას ნიშნავს დანაშაულებრივი დუმილი, როდესაც რუსეთს დაწყებული აქვს საქართველოს ისტორიული ტერიტორიის, სამაჩაბლოს მიერთების პროცესი. პასუხი უნდა გაეცა და აეხსნა, რას ნიშნავს, როცა მსოფლიო ცივილიზებული სამყარო ეხმარება უკრაინას და იცავს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, საქართველო არის ერთ-ერთი სახელმწიფო, რომელიც რუსეთს ეხმარება ბელარუსთან ერთად. უნდა გაეცა პასუხი იმაზე, რომ თავად გახდნენ იძულებული, დაეტუსაღებინათ მათი თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, მაშინ, როცა ის მე-10 მოწვევის პარლამენტში გამოსვლისას, ქართული ჯარისთვის იარაღის და ფულის მოპარვას კეზერაშვილთან აიგივებდა, „ოცნების“ დეპუტატები კი ზარ-ზეიმით უკრავდნენ ტაშს და ბურჭულაძე გმირად ჰყავდათ აღიარებული - აი, ამაზე უნდა ესაუბრა. რეალურად ყველაზე დიდი პრორუსები, რუსეთუმეები, რუსეთის მხარდამჭერები და მათი ვასალები არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

საოკუპაციო ხაზთან რომ ნამყოფი არ არის, ეს ყველაზე დიდი სირცხვილი, მერე რომ გადააკეთა, თითქოს საოკუპაციო ხაზთან ვიყავი, მაგრამ კამერებით არ ვყოფილვარო. ეს მაშინ, როდესაც თემურლენგის საფლავზე კამერებით მიბრძანდა. როგორ შეიძლება თემურლენგის საფლავზე კამერებით მიდიოდე და შენი ქვეყნის საოკუპაციო ხაზთან, რომელიც არაერთი გვაქვს საქართველოს ტერიტორიაზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირველი პირი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ნამყოფი არ იყო?“ - განაცხადა კერესელიძემ.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, მან ასევე ისაუბრა „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორის პოზიციიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე. კერესელიძის შეფასებით, ზარდიაშვილიც კულტურის ყოფილი მინისტრის, თინა რუხაძის მსგავსად, „ვითომ გადადგა პოსტიდან“.

„როგორც კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის შემთხვევაში იყო, რომ უცაბედად შეუძლოდ გახდომის გამო დაწერა განცხადება და ვითომ გადადგა თანამდებობიდან, ვფიქრობ, დაახლოებით იგივე სიტუაცია არის ვანო ზარდიაშვილის შემთხვევაში, მაგრამ მარტო ვანო ზარდიაშვილი არის დამნაშავე იმაში, რაც დღეს საქართველოს ენერგეტიკაში ხდება - ორი დღე ზედიზედ გამოირთო ელექტროენერგია მთელი საქართველოს მასშტაბით, ინფრასტრუქტურა არის გაუმართავი, მანდ ხდება კორუფცია და ა.შ. ვანო ზარდიაშვილი მხოლოდ „განტევების ვაცია“ და მეტი არაფერი, აქ არის სისტემური პრობლემა, აქ ზარდიაშვილის პრობლემაა, სემეკის პრობლემაა, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი მიმართულებების პრობლემაა და ზოგადად, საქართველოს მთავრობაა პრობლემა.

დიახ, თანამდებობა უნდა დატოვოს დავით ნარმანიამ და არა მარტო დავით ნარმანიამ. თანამდებობა უნდა დატოვოს ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმაც და შესაძლოა მინისტრმაც“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში