სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, უნებართვოდ დაკლული მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა. ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ამოღებულია და განადგურებულია 2 ტონამდე ხორცი. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თავდაპირველად, სააგენტოში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სოფელ წილკანიდან შემოვიდა შეტყობინება 15 სული მსხვილფეხა პირუტყვის ინტოქსიკაციის შესახებ. ფერმერის (კ. წ.) ინფორმაციით, საქონლის სადგომის მწერების საწინააღმდეგო პრეპარატით დამუშავების შემდეგ, ცხოველებს მოწამვლის ნიშნები აღენიშნათ.
სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ვეტერინარებმა დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს გამოყენებული პრეპარატის ნიმუში (პირველადი შესწავლით, ადგილი ჰქონდა პრეპარატის არასწორ გამოყენებასა და უსაფრთხოების წესების დარღვევას). ადგილზე არსებული, ფერმერის მიერ უკვე დაკლული ერთი სული პირუტყვი ვეტერინარული წესების დაცვით განადგურდა, ხოლო დარჩენილ 14 სულთან დაკავშირებით, ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის ბაზარზე მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით, ფერმერს სააგენტოს წინასწარი ინფორმირების ვალდებულება დაეკისრა.
„ჩატარებული დამატებითი მოკვლევის შედეგად, შემოსავლების სამსახურისა და სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გამოავლინეს სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც შპს „პროდუქტები 2028“-ის (ს/კ 445530239) კუთვნილი, სასაკლაოს გვერდის ავლითა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 2 ტონამდე ხორცი გადაჰქონდა.
შემოწმებით დადგინდა, რომ ცხოველების საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნები სწორედ სოფელ წილკანში სავარაუდოდ მოწამლულ პირუტყვს ეკუთვნოდა.
სააგენტოს ინსპექტორებმა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარეს — ხორცი სრულად ამოიღეს და გაანადგურეს, ხოლო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა“- ნათქვამია ინფორმაციაში.