კახა კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას

დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას დაშეურაცხყოფის მიყენებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით ის გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელშიც შეშფოთება იყო გამოთქმული სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილ სამმართველოსთან დაკავშირებით.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გინება და შეურაცხყოფა არის სხვისი უფლებების შელახვა.

„დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მე ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფის მიყენება არის კატეგორიულად მიუღებელი. გინდ სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინდ ფიზიკური შეურაცხყოფა, ეს არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა. თუნდაც სოციალურ სივრცეში როგორ შეიძლება ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო? სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას. ეს ხომ სხვისი უფლებების შელახვაა.

ამიტომ, ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ურთიერთობები უნდა იყოს დაფუძნებული ურთიერთპატივისცემაზე. შესაძლოა, არ მოგწონდეთ ერთმანეთის პოლიტიკური შეხედულებები, გადაწყვეტილებები, კრიტიკაც მისაღებია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს უნდა იყოს ზრდილობის ფარგლებში და არა შეურაცხყოფის, გინებისა და ცილისწამების ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვას, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე ოპტიმიზმით უყურებს ამ საკითხს.

„ჩვენ ოპტიმიზმით ვართ განწყობილი. მზად ვართ, ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რაც ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც დაფუძნებულია სიცრუესა და ტყუილზე, მიუღებელია არასამართლიანი დამოკიდებულება. ტრამპის დღევანდელ ადმინისტრაციას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ძალიან მარტივად შეცვალოს წინა ადმინისტრაციის არასამართლიანი დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ს საელჩომ „რადიო თავისუფლების“ კითხვას, რომელიც შეეხებოდა სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების შეურაცხყოფისთვის მოქალაქეების დაპატიმრებასა და ახლად შექმნილ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“, უპასუხა, რომ „შეშფოთებულია ამ სამმართველოს შექმნით“.

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“, - განუცხადეს საელჩოში „რადიო თავისუფლებას“.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში