ირაკლი კობახიძის წერილი ერთდროულად სისულელის და ქვეყნის ინტერესების ღალატის მანიფესტია. ცხადია, არა პირველი, მაგრამ გამორჩეულად ცუდი და უცნაურად უადგილო,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას, სადაც 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყანაში „რუსოფობიის“ ხარისხზე საუბრობს.
მისივე თქმით, ამათ ხელში რომ ჩვენი ქვეყანაა, „ეს უკვე მაგათი ფარჩაკობა არაა - სამწუხაროდ, ჩვენია“.
„ირაკლი კობახიძის წერილი ერთდროულად სისულელის და ქვეყნის ინტერესების ღალატის მანიფესტია. ცხადია, არა პირველი, მაგრამ გამორჩეულად ცუდი და უცნაურად უადგილო.
ასეთი აბდაუბდა, ამდენი ცილისწამება და ტყუილი, ცნებების და თარიღების ასეთი აღრევა, და, რაც მთავარია, ამ ხარისხის და მასშტაბის რუსოფილია ბიძინა ივანიშვილის ტექსტებშიც კი არ მახსენდება, ყველა ზემოთ მოყვანილის სიუხვით რომ გამოირჩევა მუდამ.
არ დავიწყებ მკითხაობას, რატომ მაინცდამაინც ამ დროს და რატომ ამდენჯერ ნახმარი სიტყვა "რუსოფობია", - ეს მალე გამოჩნდება. ერთს ვიტყვი მხოლოდ: ეს კაცი ფარჩაკია და მისი ტექსტებიც ფარჩაკობაა. ამათ ხელში რომ ჩვენი ქვეყანაა, ეს უკვე მაგათი ფარჩაკობა არაა - სამწუხაროდ, ჩვენია“, - წერს გვარამია.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყანაში „რუსოფობიის“ ხარისხზე ისაუბრა. მისი თქმით, „ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარი „რუსოფობები“ არიან, აგვისტოს ომიდან მალევე, საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თუ კულტურული კავშირების გაღრმავებას მიესალმებოდნენ“.
„2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა.
არც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენელთაგან და არც მათ მიმდევართაგან აღნიშნული პოლიტიკის მიმართ პროტესტი მაშინ არავის გამოუხატავს. მეტიც, ყველას გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ - ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“ და რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია“, - დაწერა ირაკლი კობახიძემ.