ლევან მაჭავარიანი - გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” - შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა  “ოკუპანტი”

ჩვენთვის რუსეთი ოკუპანტი იყო 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული და მნიშვნელობა არა აქვს დამატებით რა გააკეთა მან სხვა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ყველას შევახსენებ, რუსეთს ჩვენ მოვუგეთ სტრასბურგში და ჰააგაში ის პროცესები, სადაც უკვე ოფიციალურად, ყველა დოკუმენტში მას დაერქვა ოკუპანტი, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც ის რუსეთის მიმართ ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობს.

ლევან მაჭავარიანის განმარტებით, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი დამოუკიდებლად არ მოქმედებს. მაჭავარიანის თქმითვე, მათთვის რუსეთთან დაკავშირებული რიტორიკა მხოლოდ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიღებული ინსტრუქციების შესაბამისად შეიცვალა.

“კარგად გახსოვთ სააკაშვილი, ხოშტარია, ჯაფარიძე, რას საუბრობდნენ, რუსეთს უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად გაუხსნეს, ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს გადაუფორმეს, გადამწყვეტი ხმა მისცეს რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად, ხვდებოდნენ რუს ტურისტებს საზღვარზე, ვინაიდან ასეთი ტიპის დავალება ჰქონდათ და რუსოფობები გახდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და თურმე, რუსეთი ოკუპანტი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც უკრაინაში შეიჭრა. ჩვენთვის რუსეთი ოკუპანტი იყო 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული და მნიშვნელობა არა აქვს დამატებით, რა გააკეთა სხვა ქვეყანაში. დღემდე რუსეთი არის ოკუპანტი, ეს მოცემულობა და ეს მემკვიდრეობა, სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ და ყველას შევახსენებ იმასაც, „ნაცებმა“ მოღალატეობრივ რეზოლუციას როგორ მოუწერეს ხელი, სადაც ჩვენს სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ ყველა სასამართლო პროცესი მოვიგეთ სტრასბურგშიც და ჰააგაშიც, მოვხსენით ეს რისკები ჩვენი გმირი სამხედროების წინაშე და რუსეთი გამოცხადდა ოკუპანტად.

მდიდარი “ენჯეოები”, კოლექტიური ლომჯარია-გიგაური ამ აგენტურული ოპოზიციის ჩვეულებრივად განუყოფელი ნაწილია. სინქრონში მოქმედებენ, დავალებებს ერთი და იმავე ძალებისგან იღებენ და, შესაბამისად, რა რიტორიკაც და რა ნარატივიც აწყობს აგენტურულ ოპოზიციას, ზუსტად იგივე რიტორიკას და ნარატივს ატარებს ეს მდიდარი “ენჯეოების” კლანიც… მათ დამოუკიდებლად არანაირი აზრის გამოთქმის საშუალება და უფლება არ აქვთ, და ეს არის ის ხვედრი, რა ხვედრიც აქვს აგენტს: რასაც დაავალებენ, ის უნდა გააკეთონ. მოსწონთ თუ არ მოსწონთ, ეთანხმებიან თუ არ ეთანხმებიან, მათ აზროვნების უნარი აქვთ აკრძალული და, შესაბამისად, ისინი ვალდებულები არიან, რომ მოქმედებდნენ მხოლოდ დავალებების და ინსტრუქციების შესაბამისად“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მან ისაუბრა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე, რომ „რუსულ ფულს სუნი არ აქვს“ და აღნიშნა, რომ „ასეთი განცხადებები არქივში მრავლად მოიძებნება.

მაჭავარიანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების მიერ ხელმოწერილი რეზოლუციისგან განსხვავებით, „ქართულმა ოცნებამ“ სტრასბურგსა და ჰააგაში ყველა პროცესი მოიგო.

„ჩვენ გვახსოვს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა გადატვირთეს ურთიერთობა. ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ ომის შემდეგ, სულ რამდენიმე თვეში, [მოსკოვში] სამხედრო აღლუმს ევროპის ძალიან ბევრი წამყვანი ქვეყნის შემადგენლობა დაესწრო, შეგნებულად არ ჩამოვთვლი, ვინაიდან მაშინ დღის წესრიგში რუსეთის გაშავება არ იდგა და აგენტურასაც უფლება არ ჰქონდა, რომ ხმა ამოეღო. დავამატებ „გირჩი“ ჯაფარიძის თავხედურ განცხადებას, რომ თურმე, რა პრობლემაა იმაში, რომ ჩვენი სტრატეგიული ობიექტების მფლობელები გახდნენ რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებული კომპანიები? ასეთ სითავხედეებსაც კადრულობდნენ ისინი. შესაბამისად, შეიცვალა დღის წესრიგი, გადაწყდა რუსეთის გაშავების კამპანია უკრაინაში შეჭრის მერე და მხოლოდ მას შემდეგ გახდა რუსეთი ოკუპანტი მათთვის. ჩვენთვის რუსეთი ოკუპანტი იყო აგვისტოს ომის შემდგომაც და ოკუპანტი არის დღესაც. კიდევ ერთხელ ყველას შევახსენებ, რომ ჩვენ მოვუგეთ სტრასბურგში და ჰააგაში რუსეთს ის პროცესები, სადაც უკვე ოფიციალურად, ყველა დოკუმენტში რუსეთს დაერქვა ოკუპანტი”,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში