გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილს რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვის კი არა, პირიქით, ურთიერთობის მოგვარების, დალაგების და რუსეთის საერთაშორისო ორგანიზაციაში მიღების შეკვეთა ჰქონდა - დღეს სულ სხვა შეკვეთაა!

მიხეილ სააკაშვილს რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვის შეკვეთა არ ჰქონდა - პირიქით, მას ურთიერთობის მოგვარების, დალაგების და რუსეთის საერთაშორისო ორგანიზაციაში მიღების შეკვეთა ჰქონდა - მაშინ ასეთი იყო შეკვეთა, ხოლო დღეს სულ სხვა შეკვეთაა! მსოფლიო კონიუნქტურა შეიცვალა და შეიცვალა აგენტურის პოლიტიკაც! - ეს განცხადება დღეს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკიმ ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავადაც კარგად იცის, რომ „ხელი არ შეუშლიათ იმისთვის, რომ რუსეთს რაიმე შეფერხება ჰქონოდა, რაც მან განახორციელა“.

ვოლსკიმ განაცხადა ისიც, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომ რუსეთი 2008 წლის ომში მართალი იყო, ამ ფონზე ქართველი ჯარისკაცები დაადანაშაულა და რუსეთის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი ბრძოლა არ გამართა.

„2008 წლის ომის წინა პერიოდში - ივლისში აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ საომარი მოქმედებები გარდაუვალი იქნებოდა. როკის გვირაბთან რუსეთის სამხედრო შენაერთების სრული მობილიზება მიმდინარეობდა, მაგრამ ამის მიუხედავად ძალიან საეჭვოდ არანაირი განგაში არ ატეხილა, სააკაშვილის ხელისუფლებას უშიშროების საბჭოსთვის არ მიუმართავს. უფრო მეტიც, როცა ომი დასრულდა და ჩვენი ჯარისკაცების ცხედრები ჯერ კიდევ გაციებული არ იყო, აბსოლუტურად გაუგებარ და მოღალატეობრივ რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსეთი იძულებული იყო, რომ საქართველოში შესულიყო და ყველაფერი რაც მოხდა, ქართველი ჯარისკაცების ბრალი იყო.

ფაქტი და მოცემულობაა, რომ არავითარი განგაში, არავითარი დაძაბულობა და არავითარი დაპირისპირება სამართლებრივ სფეროში რუსეთთან არ მიმდინარეობდა. პირიქით, ყველაფერი გაკეთდა, რაც სააკაშვილს უკარნახეს. ეს იყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის მიღება და ურთიერთობების განვითარება, რაც ორ მეზობლურ-მეგობრულ ქვეყანას ახასიათებს. სტრასბურგის სასამართლოს მოგება კი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ამ ურთულესს ვითარებაში, რაც დღეს არის შექმნილი, ეს ხალხი ბედავს და იმას გვიკიჟინებს, რომ თურმე ჩვენ პრორუსული პოლიტიკა გაგვაჩნია. ეს ორმაგი სტანდარტი არ არის - ეს არის სერიოზული კონსპირაცია, რომელიც სერიოზულ შესწავლას საჭიროებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის განცხადებით, არ არსებობს არგუმენტი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში რუსულ პოლიტიკას აწარმოებს.

„პრაქტიკულად, ის მიიღეს და შეასრულეს, რაც უკარნახეს, რომ რუსეთთან მოგვარება იყო საჭირო. იმ პერიოდში რუსეთი „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში იყო. დღეს სხვა ვითარებაა. დღეს საქართველოსგან გარკვეულ საკითხებზე გარკვეული მორჩილება უნდათ, რადგან რუსეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და მიმდინარე ომში საქართველოს ჩართულობაც სჭირდებათ - ეს იქნება ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით. დღეს, შუა დერეფნის თემაც გაცილებით აქტუალურია.

აქედან გამომდინარე, დაკვეთის შემსრულებელს აგენტი ჰქვია. აგენტურული საქმიანობა იმას გულისხმობს, რასაც ისინი აკეთებენ. თითქოს „ქართული ოცნების“ მხარეს უნდათ ხელის გამოშვერა, რომ რუსული პოლიტიკა წარმოებს, თუმცა ამის არანაირი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ, 2012 წლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი რა ნაბიჯი გადადგა, რომელმაც რუსეთს სამხრეთ კავკასიაში პოლიტიკის გასატარებლად რაიმე უპირატესობა შესძინა. ხელისუფლებამ რა გააკეთა ისეთი, რითაც ოდესმე იმ სტანდარტს დაუპირისპირდა, რომელიც ევროკავშირს გააჩნია.

მსოფლიო პოლიტიკა იცვლება და უსამშობლოთა კოჰორტა ცდილობს, რომ იმ პოლიტიკას ფეხი აუბას, რომელიც გარე ძალას გააჩნია, მიუხედავად იმისა, ამ პოლიტიკის შედეგად დაინგრევა თუ არა საქართველო. ეს ის სურათია, რომელიც წარმოგვიდგა. ამ სურათის გადასაფარად ლიტონ სიტყვებს არახუნებენ, რომ თითქოს საქართველოში რუსეთის პოლიტიკა წარმოებს. ეს ხალხი იმ სცენარს არის აყოლილი, რომელიც რასა იუკნევიჩიანეს, კაია კალასის, მარტა კოსის თუ ანდრიუს კუბილიუსის მონაწილეობით დაწერეს. მსოფლიო კონიუნქტურა შეიცვალა და შეიცვალა აგენტურის პოლიტიკაც“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება