ალეკო ელისაშვილი - მდინარაძის შიშების შედეგია ყველაფერი, გადაეცით, რომ ფსიქოლოგთან წავიდეს, ჩემი რომ ეშინია - მოძალადე, სადისტი “ტიპი” აქეთ მიჩივის, ამ საქმით მე რა უნდა დამაკლონ?

ვის წინააღმდეგაც მივეცი ჩვენება - პოლიციელი, სადისტი, რომელიც ტკბებოდა, რომ დამაკავეს და სისხლი რომ მომდიოდა ხელბორკილებიდან, იმან მიჩივლა და იმის პროცესზე ვარ. ციხეში და აქ ის უნდა იჯდეს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მის ახალ ბრალთან დაკავშირებით გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

პროცესის დაწყებისას მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მას კითხვით მიმართა, მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, ან წამებას ხომ არ ჰქონდა ადგილი, რასთან დაკავშირებითაც, ალეკო ელისაშვილმა ვრცლად ისაუბრა, თუმცა, მოსამართლემ მას სიტყვა არაერთხელ შეაწყვეტინა და უთხრა, რომ ეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს არ ეხებოდა.

„ციხეში მოვიდა გამომძიებელი, ბეჟანიშვილი იყო გვარად, რომელმაც დამკითხა. როცა დამაკავეს სასამართლოში, ხელბორკილები ზურგს უკან დამადეს, ოღონდ ძალიან მჭიდროდ, შემდეგ მანდატურებმა პოლიციელებს გადააბარეს, უკვე ნაცემი ვიყავი კაი გვარიანად, მანდატურების წყალობით ასე ვეგდე ხელბორკილებდადებული და მცემდნენ, სანამ არ დაიღალნენ ის “ტიპები”. ამის შემდეგ, რამდენიმე პოლიციელს გადამაბარეს, ამ პოლიციელების განკარგულებაში ვიყავი რამდენიმე საათი, სამი პოლიციელი იყო, აქედან ერთ-ერთი ოცმეთაური, შოთა ჭიპაშვილი იყო... რობაქიძის გამზირზე, პოლიციის განყოფილებაში რომ გადამიყვანეს, ამ პოლიციელებს ვუთხარი, ძალიან მიჭერს-მეთქი, სისხლი მომდიოდა მარცხენა ხელიდან. ამ პოლიციელებმა ჭიპაშვილს უთხრეს, მოვხსნით ხელბორკილებსო, მათმა ხელმძღვანელმა ჭიპაშვილმა კატეგორიულად აუკრძალა, რადგან არის სადისტი, ტკბებოდა იმით, რომ ცხოვრებაში პირველად შეძლო ცნობილ, ტელევიზორში ნანახ ადამიანს წიხლი რომ ჩააჭირა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მას განუმარტა, რომ სხვა საკითხზე საუბრობდა და დაესრულებინა, რასთან დაკავშირებითაც ელისაშვილმა მას ჰკითხა, „თუ რაზე მიიყვანეს მაშინ საერთოდ“. იქამდე, კი პოლიტიკოსის შვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს, რადგან მას შორტი ეცვა.

„უნამუსო ხალხი ხართ თავიდან ბოლომდე! შვილი გამიგდე სხდომიდან, 9 თვეა არ მინახავს, ადამიანი არ ხარ, შვილები არ გყავს?“, - მიმართა ელისაშვილმა მოსამართლეს, რაზეც მარიდაშვილმა დადებითი პასუხი გასცა, რომ შვილები ჰყავს.

„არ გეტყობა“, - მიმართა ელისაშვილმა კვლავ მოსამართლეს, რაზეც მან პოლიტიკოსს უთხრა, რომ [შვილმა] „უნდა იცოდეს, როგორ მოვიდეს სხდომაზე“.

ელისაშვილმა საქმის პროკურორსაც მიმართა კითხვით, რომელიც პოლიციელ შოთა ჭიპაშვილს ეხებოდა.

„ეწყინა თუ ეტკინა შოთას, ხომ არ გიკითხავს“, - მიმართა პროკურორს ელისაშვილმა.

აღნიშნულ საქმეზე სხდომა 17 სექტემბერს, 13:00 საათზე ჩატარდება. სასამართლო პროცესიდან გასვლის დროს, ელისაშვილმა მცირე რეპლიკაც მოასწრო:

„მდინარაძის შიშების შედეგია ეს და მაგ “ბალანდიორს” გადაეცით, რომ ფსიქოლოგთან წავიდეს, ჩემი რომ ეშინია, ამ საქმით მე რა უნდა დამაკლონ? მოძალადე, სადისტი ტიპი აქეთ მიჩივის, რა მაგარი სასამართლო და პროკურატურაა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მსჯავრდებულია და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი აქვს წარდგენილი ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის, რომელიც სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას გულისხმობს. პოლიტიკოსს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზეც, რაც პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის მისამართით ნათქვამ სიტყვა „არაკაცის“ წოდებას მოიცავს. ელისაშვილი ასევე ბრალდებულია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზეც.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება