ურეკის სანაპიროზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირება მოახდინა.
უწყების ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახული იყო შემთხვევა, როდესაც ჰიდროციკლით მოძრავი პირი ზღვაში მყოფ მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდა.
შსს-ს თანახმად, პირი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით.
„სოციალურ ქსელებში სხვადასხვა გვერდის მეშვეობით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ურეკის სანაპიროზე, ჰიდროციკლით მოძრავი პირი საფრთხეს უქმნის ზღვაში მყოფ მოქალაქეებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაუყოვნებლივ დააფიქსირეს სამართალდარღვევის ფაქტი. მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვეს, თუმცა მან თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნა არ შეასრულა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული პირის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყეს და იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ხოლო, მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად დააჯარიმეს”,- ნათქვამია განცხადებაში.