აგვისტოს თვიდან საქართველოს რკინიგზის მომხმარებლები შეძლებენ, რომ თბილისიდან ბათუმში 4 საათში იმგზავრონ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით მგზავრობის შემცირება, საქართველოს რკინიგზაში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად გახდა შესაძლებელი.
„ქსელზე განხორციელდა მასშტაბური და კომპლექსური ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია, შესაბამისად, შევძელით მგზავრობის დროის შემცირება. ეს თავისთავად აისახება როგორც მგზავრთნაკადზე, მის გაორმაგებაზე, ასევე ტურისტულ მიმართულებებზე. შესაბამისად, შევძლებთ, რომ ვიზიტორებს და ჩვენს თანამოქალაქეებს შევთავაზოთ კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, რკინიგზით სამგზავრო დროის შემცირებას ხელი შეუწყო უღელტეხილის მონაკვეთზე მოდერნიზაციის პროექტის დასრულებამაც. ამასთან, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურის გაჯანსაღების პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამგზავრო სადგურებსაც.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რკინიგზა მოქმედ სადგურებში რეაბილიტაციას ახორციელებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავზარდოთ საქართველოს რკინიგზის დატვირთვა აღნიშნული მიმართულებით და უფრო კომფორტულად მოვემსახუროთ ჩვენს მგზავრებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.