დიმიტრი ცქიტიშვილი - რუსეთმა საქართველოზე ეფექტური კონტროლი დაამყარა, შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა და ისე, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ხმა ვერ ამოიღოს - ერთი ავარიით ქვეყნის გათიშვა ნიშნავს, რომ ენერგოუსაფრთხოება აღარ გვაქვს!

როგორც ჩანს, რუსეთთან ახალი ტიპის, უფრო ღია ურთიერთობაზე გადასვლა უნდათ და პროცესს ამისთვის ამზადებენ - ამასთან, აპირებენ წინა ხელისუფლებაზე გადაბრალებას და თქმას, რომ ეს მათ კი არ დაიწყეს, არამედ დაწყებულია წინა ხელისუფლების დროს, 2008 წლის შემდეგ! ყველაფერი ამ შეფუთვას ჰგავს - ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დიმიტრი ცქიტიშვილი პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ ორი დღის წინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილს.

ცქიტიშვილი იმასაც ამბობს, რომ დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც საქართველო დასავლელი პარტნიორებისგან იზოლირებულია, რუსეთს ქვეყანაზე კონტროლის ძალიან მაღალი ხარისხი აქვს.

ცქიტიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა ისიც, რომ საქართველოს რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ მოექცა და ეს უკვე შემდგარი ფაქტია.

“ქართულ ოცნებას“ იმის ჩვენება სურს, რომ ცუდსა და უარესს შორის დასავლეთი უარესია და ეს ირაკლი კობახიძის წერილში ჩანს. ის, რომ „რუსეთი კარგია“, საქართველოში არ იყიდება, თუმცა კობახიძის ტექსტში კარგად იგრძნობოდა რუსეთში შექმნილი “რუსოფობიის“ ნარატივი, რაც საქართველოში არ არის და ხელოვნური ტერმინია. ის, რომ ოკუპაცია არ მოგწონს, ძალიან ობიექტური მოცემულობაა და ეს რუსოფობიას არ ნიშნავს. არც რუსეთის ლექსიკის გამოყენება მეუცნაურა - დასავლეთსა და რუსეთს შორის დასავლეთი უარესი უნდა იყოს, ხოლო რუსეთი - ცუდი.

აქ არის რუსეთთან ღია და ოფიციალური ურთიერთობების დაწყების შემზადება, მათ ნარატივში იკითხება, რომ რუსეთთან ურთიერთობა ჩვენ კი არ დავიწყეთ, არამედ თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობა“, ომის შემდეგ, რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს ახორციელებდა. როგორც ჩანს, ელოდებიან კომუნიკაციის ახალ ტალღას, რაც ისედაც არსებობს.

დღეს რუსეთს საქართველოში შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა და შემაკავებელი აღარ აქვს. რუსეთის სამხედრო ძალის წინაშე საქართველო, რა თქმა უნდა, უძლური იყო, მაგრამ დასავლური სამყარო, ჩვენი პარტნიორები შემაკავებელი ფაქტორი იყო და მას რაღაცების კეთების საშუალებას არ აძლევდა. ეს რუსეთს 100%-ით ვერ აკავებდა, მაგრამ იყო რეაქციები, რაც რუსეთს გარკვეულწილად ზრუნავდა და მას რაღაც კონიუნქტურის დაცვა უწევდა.

ასეც რომ შევხედოთ, რომ “ქართულ ოცნებას“ რუსეთის მიმართ პრაგმატული პოლიტიკა აქვს, ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგია, რომ რუსეთმა საქართველოზე ეფექტური კონტროლი დაამყარა. მას შეუძლია საქართველოში გააკეთოს ის, რაც უნდა - დენიც გათიშოს, ჩართოს, ანექსია განახორციელოს ისე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხმა ვერ ამოიღოს. რასაც უნდა იმას აკეთებს! ეს არის ეფექტური კონტროლი და არავინ არის ამის შემაკავებელი - არც საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირები, დასავლეთი კი გაჩუმებულია, რადგან თუ შენ არ გინდა, რომ შენს სახელმწიფოზე რამე ვთქვა, თავს არ მოვიკლავ, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენი ზოგიერთი პარტნიორი ქვეყანა მაინც მუშაობს. ნაურუს მიერ აღიარების გაუქმება ამის გამოძახილი იყო. ეს ჩვენს გარეშე კეთდება და სამწუხაროდ, ამაში სახელმწიფო არ მონაწილეობს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

გადაცემაში საუბრის კიდევ ერთი მთავარი თემა საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მესამედ გათიშვა იყო. ცქიტიშვილის თქმით, თუ საბოტაჟი მოხდა და საბოტაჟს შეუძლია, რომ ერთი ავარიით მთელი ქვეყანა გათიშოს, ეს არის კატასტროფა და იმას ნიშნავს, რომ ენერგოუსაფრთხოება საერთოდ აღარ გვაქვს.

“საბოტაჟის და ზოგადად, ამ ტიპის საქმეებს ისე თავისუფლად აღძრავენ და შემდეგ ისე იკარგება და ქრება, თითქოს ჩვეულებრივი, მცირე კრიმინალური ამბავი იყოს. უკვე ეტყობა, რომ ეს აშკარად სპეკულირებულია. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა რაღაცაზე ყურადღების გადატანა უნდათ, საბოტაჟის მუხლით რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმეებს ქმნიან. თუ სახელმწიფოში ასეთი ავარია ხდება და ეს საბოტაჟია, მინიმუმ ასეთი ავარია მეორე დღეს აღარ უნდა მეორდებოდეს. თუ საბოტაჟი ასე პერიოდულად ხდება, მაშინ გამოდის, რომ სისტემას კონტროლი აქვს დაკარგული და ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ვერ იცავს.

ერთხელ ავარია ყველგან ხდება, მაგრამ როცა მეორედ და მესამედ მეორდება, მოსახლეობას უნდა ეუბნებოდნენ, რატომ არის ეს სისტემატური. ესე იგი სისტემაშია პრობლემები. პრობლემა სახლის პირობებზე რომ გადმოვიტანოთ, თუკი ბინაში რაღაც მიკროჩართვების გამო დენი მუდმივად გერთვება, ე.ი. სახლში ელექტროობაში გაქვს პრობლემა. ახლა ცდილობენ მოიგონონ რაღაც ტექნიკური ახსენა, რასაც ჩვენ ვერასდროს გავიგებთ.

ეს რიგითი ავარია არ არის, სამჯერ მოხდა კატასტროფული გამორთვა და საქართველოს ენერგოუსაფრთხოება არის სრულიად დაუცველი. სადაც არის პასუხი ან პასუხისმგებელი პირი?! ფორმალურად გვყავს მთავრობა და მთავრობის მეთაური, რომელსაც ამ საკითხზე პოზიცია უნდა ჰქონდეს. გვაქვს სამინისტრო, მაგრამ მარიამ ქვრივიშვილის რაიმე განცხადება გაგიგიათ ან გვახსოვს, რომ ენერგეტიკა მარიამ ქვრივიშვილის პორტფელში შედის?! საქართველოში არავინ არაფერზე პასუხისმგებელი არ არის! ერთ-ერთი მათი მხარდამჭერის განცხადება იყო, რომ უკრაინაში ენერგოობიექტები იბომბებოდა, მაგრამ დენის სრული გათიშვა არ მომხდარა ანუ აღმოჩნდა, რომ იქ სისტემა მეტ-ნაკლებად გადაზღვეულია, იმის მიუხედავად, რომ ინტენსიურად იბომბებოდა ხან ჰიდროელექტროსადგურები და ხან - ატომური ელექტროსადგური.

აქ მნიშვნელოვანია ის, რომ სამთავრობო ინსტიტუტებს სრულიად არა აქვს გააზრებული საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ, რომ საზოგადოებას უთხრას, რატომ მოხდა ეს ყველაფერი და რა კეთდება, რომ აღარ გამეორდეს. თუ საბოტაჟი მოხდა და საბოტაჟს შეუძლია, რომ ერთი ავარიით მთელი ქვეყანა გათიშოს, ეს არის კატასტროფა - ე.ი. საერთოდ აღარ გვაქვს ენერგოუსაფრთხოება.

თუ ელექტროენერგიის გათიშვა შეიძლება დაკავშირებული იყოს რუსეთთან, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი პერიოდულად აშანტაჟებს ხელისუფლებას და იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად არის დღეს გაზრდილი მისი გავლენა, მათ შორის ენერგეტიკული მიმართულებით“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა