საია რუსული აგრესიისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ რუსული აგრესიისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საიას შეფასებით, საოკუპაციო რეჟიმი განაგრძობს უკანონო „ბორდერიზაციას“, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საკუთრების უფლების უგულებელყოფას, გადაადგილების უფლების შეზღუდვას და ადამიანთა გატაცებას.

„2008 წლის ომის შედეგად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და მისი მიმდებარე სოფლებიდან 26 888 პირი (9081 ოჯახი) იძულებული გახდა, მიეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი. ომის შემდეგ დევნილები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განასახლეს. ამ ადამიანებს, ისევე როგორც რუსეთის ოკუპაციის შედეგად აფხაზეთიდან და ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულ სხვა პირებს, მიმდინარე ოკუპაციის გამო, დღემდე არ აქვთ საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნების შესაძლებლობა.

ომიდან 18 წლის შემდეგაც, რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულები ყოველდღიურ რეალობად რჩება, რაც განსაკუთრებით აისახება საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე, მათ შორის ეთნიკური ქართველების შევიწროებაზე, დისკრიმინაციასა და ფუნდამენტური უფლებების სისტემურ დარღვევაზე.

საოკუპაციო რეჟიმი განაგრძობს უკანონო „ბორდერიზაციას“, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საკუთრების უფლების უგულებელყოფას, გადაადგილების უფლების შეზღუდვას და ადამიანთა გატაცებას. მცოცავი ოკუპაციის პირობებში, მოსახლეობის ნაწილმა არ იცის, სად გადის საოკუპაციო ხაზი, რის გამოც ხშირად მათ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, ე.წ. „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით აკავებენ.6 ხშირია საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გატაცებული ადამიანების გრძელვადიანი

უკანონო პატიმრობის შემთხვევები. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს, საოკუპაციო ხაზზე, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 32 პირი (25 კაცი, 3 ქალი და 4 არასრულწლოვანი), ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 40 პირი დააკავეს (35 კაცი, 3 ქალი და 4 არასრულწლოვანი). 8 ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა 15 მოქალაქე, მათგან 11 - ოკუპირებულ ცხინვალში და 4 - ოკუპირებულ აფხაზეთში.

საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მომდინარე საფრთხეების პარალელურად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ახალგაზრდების სოფლებიდან გადინება, მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობა, სამედიცინო სერვისებზე შეზღუდული მისაწვდომობა, სარწყავი წყლის არარსებობა, სამუშაო ადგილების სიმცირე და ინფრასტრუქტურული პრობლემები.

აფხაზეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში (სამხრეთ ოსეთში) რუსული საოკუპაციო რეჟიმი კვლავ უხეშად უგულებელყოფს ადამიანთა სიცოცხლის უფლებას. დღემდე არავინ დასჯილა 2014-2023 წლებში დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, ირაკლი კვარაცხელიას და თამაზ გინტურის მკვლელობის გამო, ხოლო თემურ (ვიტალი) კარბაიას მკვლელები აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს უკვე წლებია არ აქვთ ხელმისაწვდომობა სათანადო ჯანდაცვის სერვისებზე. ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს თბილისის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი „რეფერალური მომსახურების“ პროგრამა. თუმცა, ამ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების უფლების შეზღუდვით მნიშვნელოვნად აფერხებს, მათ შორის, ეთნიკური ნიშნით უარს ამბობს ადამიანთა სამედიცინო ევაკუაციაზეც კი, რაც, ზოგ შემთხვევაში, ადამიანთა გარდაცვალებით სრულდება.

გარდა ჯანდაცვისა, ე.წ. გამშვები პუნქტები ეთნიკურად ქართველებისთვის განათლებასთან, პროდუქტის შესაძენად, პენსიის ასაღებად, ნათესავებთან, ოჯახის სხვა წევრებთან დამაკავშირებელი ხიდია.ე.წ. გამშვები პუნქტების ხშირი და არაპროგნოზირებადი ჩაკეტვა, ზღუდავს ოკუპირებული რეგიონების მკვიდრთა გადაადგილების თავისუფლებას და საარსებო წყაროების მისაღებად გაუმართლებელ დაბრკოლებებს წარმოშობს. ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი, თვეში მხოლოდ 10 დღით, ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე იხსნება. გალში მცხოვრებ ადამიანებს ე.წ. გამშვებ პუნქტზე გადაადგილებისთვის საოკუპაციო რეჟიმი აიძულებს დე ფაქტო დოკუმენტების აღებას, რომლებიც მათ საკუთარ მიწაზე უცხოელის სტატუსს ანიჭებს. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა განათლების უფლების რეალიზება. ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება, ხოლო მშობლიური ენა უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა, რის გამოც ორივე რეგიონში ყოველწლიურად მცირდება მოსწავლეთა რაოდენობა. წლებია გალში იკვეთება სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებზე ეთნიკური ნიშნით დევნისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევები",-აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა