გია ჯაფარიძე - კობახიძის წერილი  რუსულად რომ თარგმნოთ, პუტინის სიტყვებს მიიღებთ - რაც შეეხება ენერგეტიკული სისტემის პრობლემას, ნამდვილად ვაპირებ მოვიმარაგო არა მხოლოდ სანთლები, არამედ აღვადგინო ხაზის ტელეფონიც

ბოდიშის კამპანიის გაგრძელება იყო ირაკლი კობახიძის ღია წერილი, რომლის მიზანია, აგვისტოს ომი ჩამორეცხოს რუსეთს, - ამის შესახებ დიპლომატმა გია ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ გია ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის წერილი იყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიტყვების „სარკისებური ანარეკლი“. ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წერილი საქართველოს მოქალაქეების დაშინებას ემსახურება, რომ რუსების მიმართ უკმაყოფილება "დასჯადი იქნება" და თავისი შინაარსით ვლადიმერ პუტინის გზავნილებს ემთხვევა.

ასევე, გია ჯაფარიძე ამბობს, რომ პრემიერის განცხადებები საქართველოს ანექსიისთვის სამართლებრივ ნიადაგს ამზადებს.

ამასთან, მისი თქმით, ქვეყანაში რუსოფობია არ არსებობს, თუმცა მოქალაქეებს ოკუპანტის მიმართ ბუნებრივი, უარყოფითი რეაქცია აქვთ.

„საქართველოში რუსეთს დღეს ჰყავს რუსული ხელისუფლება. თუნდაც [პრემიერის] ბოლო განცხადებები რომ ვნახოთ, ეს არის პუტინის განცხადებების გაგრძელება, ეს არის სამართლებრივი წინაპირობების შექმნა საქართველოს სრული ან ნაწილობრივი ანექსიისთვის. პრემიერის წერილი გაგრძელებაა, რაც დაწყებულია 2012 წლის 1 ოქტომბრიდან. 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანია გაიხსენეთ, ბოდიშის კამპანია იყო. საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს თურმე ბოდიში აქვს მოსახდელი რუსებთან. საერთაშორისო სამართალი ასე ბოდიშს არ ცნობს, თუ სახელმწიფო იხდის ბოდიშს, ეს იმას ნიშნავს, რომ აქვს ჩადენილი დანაშაული. ჩვენ არავისთვის ბოდიში მოსახდელი არ გვაქვს, ქართველ ხალხს, საქართველოს სახელმწიფოს დანაშაული არ ჩაუდენია. ბოდიშის კამპანიის გაგრძელება იყო ირაკლი კობახიძის ღია წერილი, რომელსაც ის მიზანი აქვს, რომ თუნდაც აგვისტოს ომი ჩამორეცხოს რუსეთს, გაწმინდოს, გაასუფთაოს რუსეთი და შექმნას სამართლებრივი წინაპირობები, რომ რუსეთმა მოახდინოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია ან მოახდინოს მთლიანად მთელი ქვეყნის ანექსია.

[რუსების] ქცევა საქართველოს მოქალაქეებში იწვევს უკმაყოფილებას, როგორც ჩანს, ეს უკმაყოფილება მივიდა პუტინის ყურამდე და ამ უკმაყოფილების გამოთქმის უფლება აღარ გვაქვს. ეს დაშინების წერილიც იყო, ეს უკმაყოფილება იქნება დასჯადი. კობახიძის ამ წერილს თუ აიღებთ და რუსულად თარგმნით, მიიღებთ პუტინის სიტყვას, რომელიც ცოტა ხნის წინ აქვს ნათქვამი, რომ რუსოფობიის შემთხვევაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აპირებს, რომ რუსები დაიცვას. სად აქვს რუსეთს დღეს რუსის დაცვის თავი? მე ეს გავიგე, როგორც პირდაპირი მუქარა უახლოეს სამეზობლოზე. პუტინის ამ სიტყვების სარკისებური ანარეკლი იყო ის, რაც წერია კობახიძის ღია წერილში, რომელიც თავისთავად ტყუილებითაა გაჯერებული. საქართველოში არანაირი რუსოფობია არ არის, საქართველო არის სტუმართმოყვარე ქვეყანა და არავის მიმართ ფობიები არ გვაქვს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ძალიან ბუნებრივი დამოკიდებულება აგრესორის მიმართ, ოკუპანტის მიმართ“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

გია ჯაფარიძემ გადაცემაში მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვაზეც გააკეთა კომენტარი.

ჯაფარიძის თქმით, ენერგეტიკაში არის სისტემური პრობლემა, რომელიც კიდევ ბევრჯერ იჩენს თავს იმიტომ, რომ 14 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა სისტემის მუშაობის შენარჩუნებისთვის.

„სხვათა შორის სამივე გათიშვა ძალიან ოსტატურად გადაფარა „ქართულმა ოცნებამ“ სხვადასხვა თემებით. ვკითხე დარგის სპეციალისტებს და ექსპერტებს, ვინც ამ სფეროშია, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე და ყველასგან ვიღებ ცალსახა პასუხს, რომ სისტემას აქვს პრობლემები. უკანასკნელ 14 წლიან პერიოდში არ მომხდარა არაფერი სისტემის შენარჩუნებისთვის. მანქანასაც უფუჭდება დეტალები, სისტემას მუდმივად სჭირდება ზრუნვა შენარჩუნება. ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც როგორც მითხრეს, კიდევ ბევრჯერ იჩენს თავს იმიტომ, რომ 14 წლის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, არაფერი ამ სისტემაში არ გაკეთებულა. მე ნამდვილად ვაპირებ მოვიმარაგო არა მხოლოდ სანთლები, არამედ კიდევ ბევრი რაღაცის მომარაგება დაგვჭირდება, მაგალითად ხაზის ტელეფონის აღდგენასაც ვფიქრობ, მობილურიც ითიშება, როცა სისტემა ეცემა.

ახსნა მოვისმინეთ, რომ გეგმური გათიშვა იყოო, ანუ ხალხი არ გააფრთხილეს, ჩატოვეს ლიფტებში, მეტროებში. ამას კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევები მოჰყვა და საავადმყოფოებში რა მოხდა კიდევ არ ვიცით“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

კითხვაზე, რომელიც რუსეთის მხრიდან შესაძლო დივერსიას უკავშირდებოდა, გია ჯაფარიძე პასუხობს: „რაში უნდა სჭირდებოდეს რუსეთს [დივერსია]? წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ რუსეთი და რომელიმე ქვეყანაში გყავთ მარიონეტი ხელისუფლება, რაში გაწყობთ, დივერსია მოუწყოთ თქვენს მარიონეტს? თუ დივერსიას აწყობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსული მთავრობის მიმართ იქნებიან ცუდად განწყობილი“.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა