ირაკლი მელაშვილი - როგორც კი ოპოზიციამ რეგიონებში გასვლა დაიწყო, „ოცნებამ“ რეგიონებზე გადაიტანა სიმძიმის ცენტრი, მდინარაძეს პოლიტიკური ფუნქცია ექნება: არჩევნებისთვის მოამზადოს საქართველო - მათი ამოცანაა, მაქსიმალური უზრუნველყოფა ოპოზიციის დასაქსაქსად

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მივმართავ, რატომ უკვირთ? მანდატურების უფროსი კაცი გახდა ელექტროსისტემის ხელმძღვანელი, რომელიც ძალიან პროფესიული საქმიანობაა. ამაზე ხმა რომ არ ამოიღეს და ყველაფერზე ტაშს უკრავენ, ეს არის პრობლემა,- ასე შეაფასა ანალიტიკოსმა, ირაკლი მელაშვილმა ქვეყნის მასშტაბით ბოლო ორ კვირაში ელექტროენერგიის მესამედ გათიშვა.

როგორც მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, თუ ელექტროენერგიის გათიშვა წინასწარ დაგეგმილი იყო, მოსახლეობა ამის შესახებ გაფრთხილებული უნდა ყოფილიყო, რადგან მსგავსი ქმედება უსაფრთხოების რისკებს ქმნის.

„თუკი რამე ექსპერიმენტს ატარებ, გაფრთხილების ვალდებულება არსებობს. შუქის გათიშვამ შეიძლება უბედური შემთხვევები გამოიწვიოს. ადამიანები ლიფტებში არიან, სხვადასხვა დაწესებულებაში, სადაც შეიძლება შუქის გათიშვით ავარია მოხდეს. არავის სჯერა ამ განცხადების. ფაქტია, რომ სერიოზული პრობლემებია. პრობლემა თუ არ არის, მაშინ რატომ იძიებს სუს-ი? პრობლემა თავიდან რომ აერიდებინათ, თქვეს, რომ იყო წინასწარ დაგეგმილი გათიშვა. ამ შემთხვევაში ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა. დეპუტატებიც კი ლიფტებში ჩარჩენილან, კაცო. ეს არის ელექტროსისტემის სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება, თუ მათ იცოდნენ და არ გააფრთხილეს მოსახლეობა. სიურპრიზს უმზადებდნენ მოსახლეობას თუ რეაქცია უნდა გაეზომათ?“, - განაცხადა მელაშვილმა.

მისი თქმით, რაც უფრო ნაკლებ ინფორმაციას აწვდის ხელისუფლება მოსახლეობას და ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს ავრცელებს, მით უფრო მეტი კითხვა ჩნდება მომხდართან დაკავშირებით.

„რაც უფრო მეტ ინფორმაციას ჩაკეტავენ, რაც უფრო მეტ ტყუილებს და საოცრებებს მიაწვდი საზოგადოებას, რომ თურმე „ძალით გავთიშეთ“, მაშინ როდესაც შეტყობინება არ ჰქონდა მოსახლეობას, მით უფრო მეტი ეჭვი გაჩნდება და მით უფრო მეტი შეთქმულების თეორია იქნება. ხელისუფლების პირველი პრობლემა არის ის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ აქვს ხალხთან. მოსახლეობას სიმართლეს არ ეუბნება და ამბობს ასეთ სისულელეს, რაც გუშინ ელექტროსისტემამ გააკეთა.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მივმართავ, რატომ უკვირთ? მანდატურების უფროსი კაცი გახდა ელექტროსისტემის ხელმძღვანელი, რომელიც ძალიან პროფესიული საქმიანობაა. ამაზე ხმა რომ არ ამოიღეს და ყველაფერზე ტაშს უკრავენ, ეს არის პრობლემა, ამის გამო ხდება ასეთი რაღაცები, კიდევ უფრო უარესი მოხდება“,- განაცხადა მელაშვილმა.

სუს-ის მიერ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტზე საბოტაჟის მუხლით გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით მელაშვილმა აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, იმ პირებმა უნდა აიღონ, ვინც მნიშვნელოვან სახელმწიფო უწყებებში არაპროფესიონალებს ნიშნავენ.

„ჩემთვის პირველი "საბოტაჟნიკი" არის ის, ვინც ენერგეტიკის სფეროში ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზეა, იმიტომ, რომ ელექტროსისტემა არის არტერიები და მანდ რომ ნიშნავს ზარდიაშვილს, რომელმაც ისიც არ იცის შუქი როგორ ჩართოს და აანთოს, მაგას ვინც ნიშნავს, ის არის მთავარი "საბოტაჟნიკი". ამ საბოტაჟს მივხედოთ ქვეყანაში.

ზარდიაშვილის გათავისუფლება პრობლემას არ ჭრის. პრობლემა ის არის, რომ ზარდიაშვილის ადგილზე ზუსტად ისეთივე პრინციპით შეირჩევა სხვა ადამიანი. ზარდიაშვილის კი არ უნდა მოსთხოვო პასუხი, არამედ იმას, ვინც ზარდიაშვილი შეარჩია და დანიშნა“,- განაცხადა მელაშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხებს, მელაშვილმა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის დანიშვნაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მდინარაძეს მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები შეიძლება მიენიჭოს, რომლებიც, მისი შეფასებით, რეგიონების განვითარებაზე მეტად საკადრო პოლიტიკასა და საარჩევნო პროცესებისთვის მმართველი გუნდის მომზადებას შეეხება.

„საქართველო მიაჩნიათ თბილისი, რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობა, იქ არის ყველაფერი. კაცს ჩააბარეს მთელი საქართველოს რეგიონები. მიმაჩნია, რომ მდინარაძეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია მისცეს, თუ მას უფლებამოსილებებს მისცემენ. მე ვიცი ამ შემთხვევაში რა უფლებამოსილებას აძლევდნენ, ეს არის საკადრო საკითხების გადაწყვეტა, ეს არის არჩევნებისთვის მზადება და მთელი ამ თვითმმართველი ორგანოების ერთიან სისტემაში მოქცევა. რაის უფლებამოსილების შემცირებაა?“,- აღნიშნა მელაშვილმა.

კითხვაზე, მდინარაძეს დაევალა, რომ იყოს რეგიონების სუს-ი, მელაშვილი პასუხობს, რომ კი და დასძენს, რომ აღნიშნული ცვლილება დროში დაემთხვა ოპოზიციის გააქტიურებას რეგიონებში.

მისი თქმით, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ რეგიონებში აქტიური მუშაობა დაიწყო, რის შემდეგაც ხელისუფლებამ, მისი შეფასებით, სწორედ ამ მიმართულებაზე გადაიტანა ყურადღება და რეგიონებს განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა მიანიჭა.

„დიახ, რა თქმა უნდა. მდინარაძეს პოლიტიკური ფუნქცია აქვს და არანაირი რეგიონების განვითარება. ეს არის პოლიტიკური ფუნქცია, არჩევნებისთვის უნდა მოამზადოს მთელი საქართველო და უნდა შექმნას ვერტიკალი. ბოლო არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გაიმარჯვა, ის არ იყო კმაყოფილი. მან ვერ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა, მათი სურვილია საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება. ორი მიმართულებით იქნება მუშაობა: რეგიონების მაქსიმალური კონსოლიდირება და მაქსიმალური უზრუნველყოფა ოპოზიციის დასაქსაქსად. ეს არის მათი ამოცანა.

არის კიდევ ერთი დეტალი თუ რას დაემთხვა ეს ყველაფერი. ოპოზიცია გააქტიურდა რეგიონებში. რამდენიმე პარტია ძალიან აქტიურად მუშაობს რეგიონში. აქამდე ხელისუფლება იდგა რეგიონებზე, რადგან მაჟორიტარული სისტემის მოსპობამ ოპოზიცია უფუნქციოდ დატოვა. ხელისუფლებას ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები აქვს, ოპოზიციაც არაფერი დარჩა. ფაქტობრივად, მათ რეგიონებთან კონტაქტი დაკარგეს. ბოლო არჩევნებში ასე მწარედ სწორედ ამიტომ წააგეს არჩევნები.

როგორც კი ოპოზიციამ რეგიონებში დაიწყო გასვლა, ეგრევე მიიღეს გადაწყვეტილება და რეგიონებზე გადაიტანეს სიმძიმის ცენტრი“, - განაცხადა მელაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა