თემურ პაპასქირი - ტურისტი, რომელიც არ ცნობს შენი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ აღიარებს, რომ საქართველო ოკუპირებულია, ქვეყანაში არ უნდა შემოუშვა! რუსეთის ასეთი მოქალაქეები ტურისტები არ არიან!

როგორ შეიძლება რუსეთ-საქართველოს ომის დაწყება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, საქართველოს დააბრალო?! - ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, არის რუსეთი და რუსეთის შემდეგ, ამას ფაქტობრივად “ქართული ოცნება“ ამბობს, - ეს განცხადება “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“, “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა თეიმურაზ პაპასქირმა გააკეთა.

პაპასკირის შეფასებით, “ის რასაც “ქართული ოცნება“ აკეთებს, თავიდან ბოლომდე რუსეთის ინტერესებშია“.

“ბოლო წლების განმავლობაში დანარჩენი მსოფლიოსთვის უფრო ნათელი გახდა, რას წარმოადგენს რუსეთი. 2008 წელს ჩვენ გაცილებით ცუდ დღეში ვიყავით, რადგან ჩვენი სიმართლის დამტკიცება გაცილებით რთული იყო. სწორედ შემდგომ - 2014 წელს, ყირიმსა და დონბასში დაწყებულმა რუსულმა აგრესიამ, რომელიც ყირიმის ანექსიითა და დონბასის ტერიტორიების ნაწილზე კონტროლის დამყარებით დასრულდა, დანარჩენ ამყაროს აჩვენა, რამდენად აგრესიულია რუსეთი თავისი მეზობლების წინააღმდეგ. ამასთან, სანამ უკრაინაში 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომი არ დაიწყო, რუსეთთან მიმართებაში სხვა დამოკიდებულება იყო. რაც შეგვეხება ჩვენ - ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ვინ არის მტერი და ვინ - მოყვარე. ეს მოსახლეობას ახსოვს, პრობლემა არის “ქართული ოცნება“, რომელსაც ეს აშკარად არ ახსოვს. რუსეთი ცალსახად საქართველოს მტერია - ოკუპირებული აქვს ტერიტორიების 20% და რეალურად ყველა დღე გვეუბნება, რომ ეს ახალი რეალობა ვაღიაროთ. ვხედავთ, როგორ იქცევიან აქ ჩამოსული რუსი ტურისტები, რომელთა უმრავლესობა საქართველოს არაფრად თვლის და არც ჩვენი კანონები აინტერესებს, ვითომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არ იცის, ჰგონიათ, რომ შეუძლიათ აქ ისევე მოიქცნენ, როგორც რუსეთში იქცევიან.

ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, არის რუსეთი და რუსეთის შემდეგ ამას ფაქტობრივად “ქართული ოცნება“ ამბობს. ეს პირდაპირ ქვეყნის ღალატია!

მთავარი კითხვაა, ვის აწყობს და რატომ აკეთებს ამას? ეს აწყობს რუსეთს, რომელიც მთელი თავისი ისტორიის მანძილზე თავად იწყებდა ომებს - იქეთ ესხმის თავს მეზობელ ქვეყნებს და შემდეგ აბრალებს, რომ ის არის მთავარი დამნაშავე. რუსეთს ეს გასდიოდა, რადგან არის დიდი, ბირთვული სახელმწიფო და სხვები თავის შეკავებას ცდილობდნენ. ჯერ კიდევ ყირიმში, როდესაც უკრაინელებმა ყველანაირად თავი შეიკავეს, რომ არიქა და, პროვოკაციას არ წამოეგებოდნენ, რაც არავითარი რუსული პროვოკაცია არ იყო და იყო რუსეთის მიერ დაგეგმილი აქცია უკრაინის ტერიტორიის დაკავების მიზნით.

ზუსტად იგივეს აპირებდნენ საქართველოში 2008 წელს - ვითომ „სამხრეთ ოსეთის“ ნაწილები ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს დაიკავებდნენ. როდესაც ეს არ გამოვიდა და ქართულმა არმიამ ამ დარტყმების ნეიტრალიზება მოახდინა, შემდეგ საქმეში პირდაპირ რუსეთის არმია ჩაება, რომელიც წინასწარ იყო შემოსული. რუსეთს თვითონ უწერიათ, რომ მათი ნაწილები 7 აგვისტომდე უკვე შემოსული იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე“, - განაცხადა თემურ პაპასკირმა.

მისივე თქმით, საქართველოს დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც ქვეყნის მთავარი სახელმწიფო ინტერესია, შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების - ევროკავშირისა და აშშ-ს დახმარებით.

“ადრე თუ გვიან, რუსეთის ჩამოშლის პროცესში რაღაც ტიპის შეთანხმება ალბათ შედგება, რაც ომს დაასრულებს. ყველა ომი ასე თუ ისე მოლაპარაკებებით სრულდება. შენ ამ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იყო. დღევანდელი მოცემულობით “ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველო არ იყოს და იყოს მარტო, ერთი-ერთზე რუსეთთან, რომელიც არასდროს საკუთარი ნებით ამ ტერიტორიებს არ დააბრუნებს. არ არსებობს შემთხვევა, როცა რუსეთმა რაღაც ნებით დათმო! თმობს მხოლოდ დიდი ძალის ზეწოლის შედეგად ან მაშინ, როცა რუსეთის იმპერია იშლება“, - განაცხადა პაპასკირმა.

“კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის შეფასებით, პოლიტიკაში მთავარია სწორად გაარკვიო, ვინ არის მტერი და ვინ - მოყვარე. პაპასკირის თქმით, რუსეთი არის მტერი და მოყვარე - ევროკავშირი, რომელსაც “ქართული ოცნება“ ხელს უშლის იმაში, რომ შენსავე საქმეში დაგეხმაროს.

შალვა პაპუაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა: - ბრიუსელი ჩვენ რუსეთთან კავშირის გაწყვეტას ვერ გვაიძულებს, როცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ასე ახლოს არის. ჯერ ერთი, ეს სრული სიცრუე და ტყუილია. არ არსებობს არავითარი საფუძველი იმის თქმის, რომ რუსეთთან ამ საკითხზე მორიგების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი არსებობს. ზუსტად ბრიუსელთან და ევროკავშირთან ყოფნა არის გარანტირებული შესაძლებლობა იმისა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. როგორც კი რუსეთის ამ ომში დამარცხდება, თუ ჩვენ ევროკავშირის მოკავშირე ქვეყანა ვიქნებით, ევროკავშირი ტერიტორიების დეოკუპაციაში ყველანაირად დაგვეხმარება“, - განაცხადა პაპასკირმა.

გადაცემაში საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა “რუსოფობიის“ შესახებ პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება და საბოტაჟის მუხლით სუს-ში დაწყებული გამოძიება იყო. პაპასკირის თქმით, რეალურად სუს-ის იმით უნდა იყოს დაკავებული, რომ რუს ტურისტებში გამოავლინოს ხალხი, ვინც საქართველოს კანონმდებლობას არღვევს და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს არ სცემს.

“როდესაც „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლების დროს რუს ტურისტებს წითელი ხალიჩებით ეგებებოდნენ, მაშინ ის ტურისტები ჩვენი რბილი ძალა იყო. ვინც საქართველოში შემოდიოდა, ახვედრებდნენ წარწერებს, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ეს ხალხი ქართული საზოგადოების მხრიდან მთელი აქ ყოფნის პერიოდში სპეციალურ დამუშავებას გადიოდა, რომ ნახეთ, ჩვენ თქვენ კარგად გეპყრობით, როცა ჩვენი ტერიტორიები გაქვთ დაპყრობილი, თქვენთან კარგი ურთიერთობა გვინდა, მაგრამ ამისთვის ოკუპაცია უნდა შეწყვიტოთ. ახლა ვხედავთ, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ისეთი დოკუმენტების შექმნაც აკრძალა, სადაც რუს ტურისტებს აწერინებენ ხელს, რომ ისინი გაეცნენ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. რუსი ტურისტები საქართველოსთვის ვითომ ფინანსური სტაბილურობის წყაროდ გადააქციეს. ისმის კითხვა, რატომ შემცირდა საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტურისტების რაოდენობა?! ეს შენმა პოლიტიკამ ხომ არ განაპირობა, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლას ერიდებიან, რადგან აქ ადამიანის უფლებები დაცული არ არის?! ქვეყანაში როცა რუსულ წესრიგს ამყარებ, ამას დანარჩენი სამყარო ხედავს.

აქ არის მეორე მომენტი - როგორი ტურისტი გინდა. ტურისტი, რომელიც არ ცნობს შენი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ აღიარებს, რომ შენი ტერიტორიები ოკუპირებულია და თვლის, რომ ჩვენ რაღაც კონფლიქტი გვაქვს აფხაზეთთან და ოსებთან, ასეთი ხალხი სახელმწიფოში არ უნდა შემოუშვა. ესენი ტურისტები არ არიან. ესენი არიან ადამიანები, რომელიც არ სცემენ პატივს შენს კანონმდებლობას, ქვეყანას, ტრადიციებს. რეალურად სუს-ის სწორედაც იმით უნდა იყოს დაკავებული, რომ რუს ტურისტებში გამოავლინოს ხალხი, ვინც საქართველოს კანონმდებლობას არღვევს. დღეს საქართველოში ისეთი ხალხი ჩამოდის, რომ ოკუპაციის შესახებ კანონის საერთოდ ფარატინა ქაღალდად არის ქცეული“, - განაცხადა თემურ პაპასკირმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე