საპარლამენტო ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, შალვა კერესელიძის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადება ძალიან არასერიოზული და არასახელმწიფოებრივია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავს განცხადებას პოლიტიკოსი არ უნდა აკეთებდეს.
“მით უმეტეს, არ უნდა აკეთებდეს ისეთი პოლიტიკოსი, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ მონაწილეობა აქვს მიღებული საკუთარი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, ამიტომ მე ამას დადებითად ვერანაირად ვერ შევაფასებ. ეს არის არასახელმწიფოებრივი და არასწორი განცხადება. პოლიტიკურადაც არასწორია, ადამიანურადაც. იმ მებრძოლების და დაღუპული ვაჟკაცების წინაშეც არასწორია, რომლებიც აფხაზეთში იბრძოდნენ და საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს ერთიანობას. ამ ადამიანებს ძალიან ბევრი ღირსეული ნაბიჯი აქვთ გადადგმული, თუნდაც აფხაზების მიმართ. გამოძიება დაიწყო და დაიწყოს. სახელმწიფოებრივად, მორალურად, პოლიტიკურად და ადამიანურად იმ გმირების წინაშე ეს არასწორი საქციელი და განცხადება იყო”, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.
რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომს, კერესელიძის თქმით, 2008 წლის ომი დაიწყო მაშინ, როდესაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და საქართველო ვერც ერთ შემთხვევაში საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა. მისივე თქმით, ძალიან არასწორი და არასერიოზულია დავა იმის შესახებ, რუსეთ-საქართველოს ომი 7 აგვისტოს დაიწყო თუ 8 აგვისტოს. “2008 წლის სამხედრო აგრესიიდან 18 წელი შესრულდა. 18 წლის განმავლობაში ყოველ წელს ვდავობთ ომი 7-ში დაიწყო თუ 8-ში და ეს მაშინ, როდესაც ამ 18 წლის განმავლობაში მცოცავი ანექსია და ოკუპაცია არც წელს არ გაჩერებულა. რუსებმა ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის აშენება გადაწყვიტეს, გადაწყვიტეს ისტორიული სამაჩაბლოს ტერიტორიის მიერთება და რუსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეყვანა. ამასთან დაკავშირებით არავინ ხმას არ იღებს და რეაგირებას დანაშაულებრივ დუმილს ამჯობინებს. ამის შემდეგ კამათი იმის შესახებ ომი 7-ში დაიწყო თუ 8-ში, ძალიან არასერიოზულია“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.