„ქართული ოცნება“ მშვიდობასა და თავისუფლებას შორის თუ აკეთებს არჩევანს, მაშინ რეალურად, ეს არის თავისუფლებასა და მონობას შორის არჩევანი. მისი “მშვიდობა” არის მათრახის ქვეშ მშვიდობა. მონობის შემთხვევაში, მათრახის ქვეშ მშვიდობაში, არაფერი საბრძოლი და მისაღწევი არ არის, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „თავისუფლების მოედნის“ გენერალურმა მდივანმა, ბაკურ კვაშილავამ განაცხადა, რომელმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც ბაკურ კვაშილავამ აღნიშნა, იმაზე საუბარი, რომ 2008 წელს დასავლეთმა ვერ დაგვიცვა, მიუთითებს, რომ ეს არის აბსურდული და პრორუსული პროპაგანდის ნაწილი.
„რუსეთმა ვერ შეძლო თავისი მთავარი მიზნის მიღწევა - თბილისის აღება. ის, რომ თბილისის აღება სურდათ, ნათელი იყო. ველოდით, რომ რუსეთი გააგრძელებდა გზას გორიდან, აიღებდა თბილისს და იქნებოდა უზარმაზარი მსხვერპლი. მეორე მხრივ, ე.წ. საუბარი, რომ დასავლეთმა ვერ დაგვიცვა, მიუთითებს, რომ ეს არის აბსურდული და პრორუსული პროპაგანდის ნაწილი. აშშ-ს პირდაპირმა ჩარევამ, მათ შორის როგორც ფლოტის გამოგზავნამ, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის გამოგზავნამ თბილისის აეროპორტში პრაქტიკულად გადაკეტა რუსეთისთვის საქართველოს ცა და გამოიწვია ისეთი ნაბიჯი, როდესაც რუსეთი შეჩერდა და დაკმაყოფილდა მიღწეულით, არ წავიდა მაქსიმუმზე, თბილისის აღებაზე და ისეთი რეჟიმის დამყარებაზე, რომელიც იქნებოდა აშკარად პრორუსული. ბოდვა, რომ რუსეთმა 100%-იანი მიაღწია შედეგს და არ უნდოდა თბილისის აღება, მოგონილია! ემსახურება კონკრეტული პარტიის ან მიდგომის 100%-იან გამართლებას. მაგალითად, ეს არის მშვიდობის პარტია „ქართული ოცნება“.
მშვიდობასა და თავისუფლებას შორის თუ აკეთებს არჩევანს „ქართული ოცნება“, მაშინ რეალურად ეს არის თავისუფლებასა და მონობას შორის არჩევანი. მონობის შემთხვევაში, მათრახის ქვეშ მშვიდობა არაფერი საბრძოლი და მისაღწევი არ არის. ამას მთავრობა არ სჭირდება. თუ მონობა გინდა, არ არის საჭირო ამისთვის „ქართული ოცნება“, - აღნიშნა ბაკურ კვაშილავამ.
მისივე თქმით, საქართველო მარტო დარჩენილია მგლის წინაშე, ხელისუფლებამ კი პარტნიორები მოიძულა.
„საქართველოს საგარეო პოლიტიკა, „ქართული ოცნების“ ხელში, ჰგავს იმ მწყემსის პოლიტიკას, რომელიც ცხვრის ფარის დაცვას ანდობს მგლის კეთილ ნებას. ეს არის „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა, როდესაც ცხვრის ფარა მგლის კეთილი ნების იმედზეა. აგინებს ვის?! ზუსტად ამ ძაღლებს, ვინც დაცვას სთავაზობს. ამბობს, რომ ბრიუსელში უნდა ვეძიოთ პრობლემა, აშშ-ს პრეზიდენტი ყოფილა „დიფ სთეითის“ ტყვე და მონა. ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ ჩუმად ვეგდოთ და ამას დავარქვათ პრაგმატული პოლიტიკა და იმის იმედად ვიყოთ, რომ ყელს არ გამოგვჭრის მგელი. ამას არ ჰქვია პოლიტიკა, ამას ჰქვია დამონება.
ეს არის ყურადღების გადატანის უბადრუკი მცდელობა რეალური პრობლემებიდან, რაც საქართველოს გააჩნია. საქართველო მარტო დარჩენილია მგლის წინაშე. პარტნიორები მოიძულა ამ ხელისუფლებამ, ვისაც რუსეთის შეჩერება შეეძლო. [2008 წელს] დღევანდელი „ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლების სათავეში, გარანტირებულად აიღებდნენ თბილისს. ეს არის ხელისუფლება, რომლის დასაცავად არცერთი პარტნიორი არ გადადგამს რეალურ ნაბიჯს“, - აღნიშნა ბაკურ კვაშილავამ.
გარდა ამისა, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ეს არის პირდაპირი დირექტივა, მოთხოვნა რუსეთისგან, რომ როგორ ბედავთ, ჩვენს მოქალაქეებს ასე როგორ ექცევით. ამ დროს, ქართველი ხალხი არის უაღრესად სტუმართმოყვარე, ზედმეტადაც კი. როდესაც ჩამოდიხარ, ვითხოვთ, რომ პატივი უნდა სცე სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ამას უნდა აღიარებდე. ამის გარდა ქართველი ხალხი არაფერს ითხოვს რუსი ტურისტებისგან. პირიქით, ნებისმიერი ტურისტი, რომელიც აქ ჩამოდის და ამბობს, საქართველო ერთიანია, ტერიტორიულ მთლიანობას პატივს ვცემ, მგონია, რომ ასეთ ტურისტებს ადრეც და ახლა ეგებებიან სიხარულით“, - აღნიშნა კვაშილავა.