ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატი - მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც პატიმრობის საფუძველი უნდა გახდეს, არ არსებობს - ჩვენი პოზიციაა ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება, სხვა ალტერნატივის დაყენებას არ გამოვრიცხავ

საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის პატიმრობის საფუძველი უნდა გახდეს, არ არსებობს - ჩვენი პოზიციაა ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება, თუმცა სასამართლო სხდომაზე სხვა ალტერნატივის დაყენებას არ გამოვრიცხავ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატმა ქეთევან ვარდანაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყების წინ განუცხადა, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი იხილება.

“მტკიცებულებათა გაცნობას რაც შეეხება, ის, რაც ძირითადი და მნიშვნელოვანი იყო, გავეცანით. მტკიცებულების ნაწილში საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ აქვე გავაკეთებ განმარტებას, რომ საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის პატიმრობის საფუძველი უნდა გახდეს, არ არსებობს.

მტკიცებულებათა ნაწილს ვერ განვმარტავ და შინაარსობრივადაც ვერ შევეხები იმდენად, რამდენადაც არასრულწლოვანების საქმეა და ინფორმაციის გათქმის უფლებაც კი არა მაქვს. რაიმე ახალი გარემოება ჩვენთან დაკავშირებით არ არის“, - განაცხადა ქეთევან ვარდანაშვილმა

დასმულ კითხვაზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იცოდა თუ არა მეგობრისგან, რომ „ვიღაც სცემეს“, ადვოკატმა განაცხადა, რომ ამას კატეგორიულად გამორიცხავს. მან აქვე დასძინა, რომ სადაო მტკიცებულებებზე სასამართლო სხდომაზე იმსჯელებს.

“არ ვიცი, თქვენ რა მიმოწერაზე საუბრობთ. თუ ვინმეს ვინმესთან სატელეფონო ზარი აქვს განხორციელებული ან მიმოწერა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - დასძინა მან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალადობის შედეგად გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი იწყება. სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

ანასტასია ბერუაშვილი და ნია იმნაძე 5 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

ბრალის მიხედვით, იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან, ანასტასია ბერუაშვილს კი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას.

უფრო კონკრეტულად, ბრალდების თანახმად, ნია იმნაძემ მის მეგობრებს - ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც 23 დღის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია 7 პირი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდებულები არიან.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე