გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე დაკავებული არასრულწლოვნის, ნია იმნაძის ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი იმნაძისთვის საავადმყოფოში გადაღებულ კადრებს ავრცელებს. კადრები მაშინაა გადაღებული, როცა დაკავების შემდეგ არასრულწლოვანი გოგონა შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
ამასთან, ადვოკატი წერს, რომ „პროკურატურამ წნეხს ვერ გაუძლო“.
„ნიას მიმართ მტკიცებულებები რომ არ გქონდათ, ეს საკამათო არც კი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში აქამდე დააკავებდით, თუმცა ახლა რა მტკიცებულება გაქვთ, რაც საფუძვლად დაუდეთ არასრულწლოვანის ამ მდგომარეობაში ჩაგდებას?
თავად ეკა კუპატაძეც ვერ უთითებს რაიმე კონკრეტულ მტკიცებულებას, პროკურატურამ ვერ გაუძლო წნეხს! გაუძლებს კი სასამართლო ამ წნეხს? - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილი და ნია იმნაძე 5 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
ბრალის მიხედვით, იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან, ანასტასია ბერუაშვილს კი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას.უფრო კონკრეტულად, ბრალდების თანახმად, ნია იმნაძემ მის მეგობრებს - ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა, მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს. საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც 23 დღის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია 7 პირი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი - ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდებულები არიან.