მეგონა, რომ სხვა ომზე ჰყვებოდა. რაც ბარამიძემ თქვა, აბსოლუტურად არაფერი საერთო არ აქვს რეალობასთან, რაც აფხაზეთში იყო, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელთან დაკავშირებითაც გამოძიება დაიწყო.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული მოვლენა სამართალდამცავებზე მეტად ფსიქოლოგებმა უნდა ახსნან, რადგან ჭორაობაზე არ შეიძლება ადამიანი დააპატიმრო.
„ალბათ, უფრო ფსიქოლოგებმა უნდა ახსნან იმიტომ, რომ მართლა არ მესმის რატომ თქვა. ჭორიკანობაზე შეიძლება ადამიანი დააპატიმრო? უამრავი ადამიანი არსებობს, ეს ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური მოვლენაა, როდესაც ადამიანს უყვარს რაღაცის გაზვიადება. გაიხედავს, გამოიხედავს და როცა მოწმე არა ჰყავს, რაღაცას იტყვის, რაც მის ღირსებას მეტად წარმოაჩენს. მან ჩათვალა, რომ საინტერესო გადაცემაში, „მოდი, თავს მოვიწონებ“. მე ასეთი განცდა დამრჩა. ვერანაირ საბუთს ვერ მოიტანს, რომ კომისიის წევრი იყო. მე შემიძლია ვაჩვენო ადამიანებს უამრავი საბუთი, სადაც კომისია მუშაობს და ბარამიძე იქ არ ჩანს, არც ანგარიშებში და არსად“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
პაატა ზაქარეიშვილის თქმით: „გია ბარამიძე ასახელებს კომისიას, მაგრამ გულახდილად გეტყვით, ის კომისიის საქმიანობაში არ მონაწილეობდა“/
კითხვაზე, თუ ამ დეტალებით პროკურატურა დაინტერესდება, მზად ხართ, რომ მასთან ითანამშრომლოთ და მიაწოდოთ ინფორმაცია, მათ შორის ტყვეთა გაცვლის შესახებ, პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს: „რა თქმა უნდა, როცა ასეთი მნიშვნელოვანი საქმეა. მე მაინც მგონია, რომ ბარამიძეს არ ეკუთვნის სასჯელი. მე მაქსიმალურად ვეცდები, რომ დავამტკიცო, ის არ იყო კომისიის წევრი. მისი ეს საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ ჭორაობა და მეტი არაფერი“.
კითხვაზე, უკვე ხომ არ დაუბარებიხართ პროკურატურაში გამოკითხვაზე, ზაქარეიშვილი აცხადებს: „ჯერ არა, რაღაც ინფორმაციები მოვიდა ჩემთან, მაგრამ ბოლომდე დადასტურებული არ არის“.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.
მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა გიორგი ბარამიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ “მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, კერძოდ კი, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა და “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.