სამწუხაროდ ოკუპაცია დღემდე გრძელდება, მაგრამ დღეს, როგორც არასდროს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, ქვეყანას ჰყავს თავისუფალი, ეროვნული ინტერესების მატარებელი ხელისუფლება, რომელიც ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს გაერთიანებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ჩვენ გვაქვს მიზანმიმართული პოლიტიკა და ეს პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ მშვიდობიანი გზით მოვახერხოთ, ოსი და აფხაზი და-ძმების შემორიგება და ერთიან სახელმწიფოში გავაგრძელოთ ურთიერთთანაცხოვრება, მშვიდობიანად და ქვეყანა განვავითაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს არცერთი მოქალაქე არ შეეგუება აზრს, რომ საქართველო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე არსებობდეს.
„დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს გმირებს, რომლებმაც ზუსტად 18 წლის წინ ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე შესწირეს ჩვენს სამშობლოს, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დიდება და პატივი მათ მარადიულ ხსოვნას. საქართველო არის უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა, სხვადასხვა ეპოქებში ჩვენ გვყავდა გამორჩეული გმირები, რომლებიც მაგალითი იყვნენ საზოგადოების და ჩვენი აგვისტოს გმირი ჯარისკაცები არიან თითოეული ჩვენგანის მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი.
ამ ტრაგიკული მოვლენების დროს, უთანასწორო ბრძოლაში არც თუ ისე მცირე ნაწილია ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების გარდაცვლილი და მინდა მათ ოჯახებს მივუსამძიმრო. ამ დღეებში ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, მტერმა ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, დავკარგეთ სოფლები, ადამიანები. სამწუხაროდ ოკუპაცია დღემდე გრძელდება, მაგრამ დღეს როგორც არასდროს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, ქვეყანას ჰყავს თავისუფალი, ეროვნული ინტერესების მატარებელი ხელისუფლება, რომელიც ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს გაერთიანებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ჩვენ გვაქვს მიზანმიმართული პოლიტიკა და ეს პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ მშვიდობიანი გზით მოვახერხოთ, ოსი და აფხაზი და-ძმების შემორიგება და ერთიან სახელმწიფოში გავაგრძელოთ ურთიერთთანაცხოვრება, მშვიდობიანად და ქვეყანა განვავითაროთ. უფრო და უფრო მეტი ადამიანი იზიარებს იმ სულისკვეთებას, რომელიც სახელმწიფოს აქვს. კონფლიქტის იქით მცხოვრებ ადამიანებს ვუწვდით ხელს და გვჯერა, რომ მათშიც არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენნაირად ფიქრობენ, რადგან თუნდაც აზრი ჩვენს რეალობაში, ან ვირტუალურშიც თუ გინდათ, არ არსებობს რეალობა, სადაც ვინმეს წარმოუდგენია, რომ საქართველო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე იარსებებს. ამ აზრის შეგუება გამორიცხულია. მსოფლიოში ყველამ უნდა გაიაზროს, რომ საქართველოს არცერთი მოქალაქე არასდროს დაუშვებს, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს გარეშე იყოს, ეს აქსიომაა. ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით, ერთად ვაშენებდით სახელმწიფოს, ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად. საერთო ღირებულებები გვაქვს, ბევრი ოჯახია შერეული ჩვენი ერების, აქედან გამომდინარე ის, რომ პოზიტიურად უნდა გადავწყვიტოთ, ეს ტრაგიკული დღეები, ეს ჩვენი მიზანია და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი აუცილებლად შედგება, საქართველო გაერთიანებდა და ყველა ღირსეულად იქნება წარმოჩენილი“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა, რის გამოც პასუხს აგებენ.
„რაც შეეხება თარიღს, ჩვენი საზოგადოება აკვირდება, რომ ეს თარიღი მათი [ოპოზიციის] მხრიდან დღევანდელ დღეს აღინიშნებოდა, მაგრამ ეს გაურკვეველი ვითარებით შეიცვალა და შეცალეს ეს თარიღი, ამიტომ 7 აგვისტოს აღნიშნავენ. იმ ავბედით დღეებში, ჩვენს სახელმწიფოს მართავდა უსუსური ხელისუფლება, რომელმაც ვერ შეძლო, რომ საომარი ვითარება აერიდებინა და არ მომხდარიყო ის ტრაგედია, რომელიც მოხდა. ეს მათი პირადი პასუხისმგებლობაა. დღეს უფრო მეტ ჩვენს მოქალაქეს აქვს სრულყოფილი პასუხი მათ მოქმედებებზე, გამოძიებაც ჩატარდა და არაერთი ფაქტი აღინიშნა თუ როგორ მოქმედებდა მაშინდელი ხელისუფლება, იმ დღეებში.
რამდენიმე დღის წინ პრემიერის წერილზეც არ არსებობს პასუხი თუ როგორ მოქმედებდნენ და რა იყო მათი მოტივაცია. თუ მტერი მათ ტერიტორიებს იპყრობდა და დანაკარგი ჰქონდა ჩვენს სახელმწიფოს და შემდეგ მათ ამ მტერთან და ე.წ. დამპყრობელთან მოახერხეს ურთიერთობა, მიჰყიდეს სტრატეგიული ობიექტები, მისცეს შესაძლებლობა რომ გაწევრიანებულიყვნენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ცალმხრივად გააუქმეს ვიზები და ლარსზე უმაღლესი თანამდებობის პირები ჩამწკრივებულები იდგნენ და რუს ტურისტებს ხვდებოდნენ და საუბრობდნენ, რომ რუსულს ფულს სუნი არ აქვს და იმ წლებში, როცა ინტერვენცია ახალი განხორციელებული იყო, ეს ყველაფერი სათანადოდ წარმოჩენილი არ იყო, ოკუპანტად არ იყო დასახელებული. ეს ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა, ყველა საერთაშორისო ფორმატსა და ინსტიტუციაში ყველა დავაში ჩვენმა სახელმწიფომ გაიმარჯვა და დამტკიცდა, რომ ის ქვეყანა ოკუპანტია და რომ ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.
მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს [რეზოლუციას], სადაც წერია, რომ ქართულმა სამხედრო ძალებმა დაიწყეს ფართომასშტაბიანი შეტევა და ცხინვალის დაბომბვა.
მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული საქართველოს წინაშე და რომელიც გამოძიებულია და აუცილებლად აგებენ პასუხს“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.